დიტო გელოვანი: წაკითხვისთანავე დამწვით!

დიტო გელოვანი: წაკითხვისთანავე დამწვით!

იმ შემთხვევაში, თუ რაზმის წევრი საიდუმლოს გაამჟღავნებდა, ყელს გამოჭრიდნენ, გვამს დაწვავდნენ, ფერფლს ჰაერში გაფანტავდნენ, სიიდან იმის სახელს სისხლით ამოშლიდნენ და აღარც ახსენებდნენ, დაწყევლიდნენ სამუდამოდ და დავიწყებას მისცემდნენ. ფიცით ყველა აღტაცებული იყო. ტომს ეკითხებოდნენ, შენ თვითონ მოიგონე თუ არაო. მან უპასუხა, ნაწილი ჩემი მოგონილია, ნაწილი კი მეკობრეებზე და ყაჩაღებზე დაწერილი წიგნებიდან ამოვიკითხეო. ასეთი ფიცი ყველა წესიერ რაზმს აქვსო. ზოგიერთებმა აზრი გამოთქვეს, კარგი იქნებოდა, საიდუმლოს გამცემთა ოჯახებიც დაგვეხოცაო. ტომმა მოიწონა ეს აზრი, ფანქარი აიღო და ჩაუმატა.

(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)

ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა... მგონი, რაღაც შემეშალა, ალბათ, ჩვენი შემოდგომის გაზაფხული უნდა მეთქვა, თუმცა, არც შემოდგომა და არც გაზაფხული - დღეს უკვე ზამთარია, არც მთლად ზამთარი (ძველი სტილი და რამე), მაგრამ კალენდარზე დეკემბერია და ვერსად გავექცევით. ზამთრის პარაფირება უკვე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სულაც არ ეხატება გულზე, ცილიოს სიტყვებით რომ ვთქვათ, წელიწადის ეს ყველაზე სევდიანი დრო, მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, ზამთარი რომ უყვართ და ზაფხულის პაპანაქებას შიშით რომ ელიან?

აი, ევროპისა არ იყოს... ევროპაც ხომ პარაფირებულია?

მოკლედ, ზამთარი გადაწყვეტილი ამბავია, გვინდა თუ არ გვინდა, ის მოვიდა და კიდევ მოვა, ჩვენით თუ უჩვენოდ. ევროპის ამბავში კი კითხვა ასეთია: ჩვენ უფრო სწრაფად მივალთ ევროპაში თუ ევროპა - ჩვენში?

ჩვენში დარჩეს და ასე მგონია, რომ ევროპისკენ სავალი გზა ერაყულ ბორდელებზე გადის, ანუ ჯერ შუაგულ თბილისში გახსნილ ბორდელებში უნდა შევაღწიოთ და ევროპა ამის შემდეგ მიგვიღებს. აბა, საკუთარ ტერიტორიაზე გახსნილ საროსკიპოში რომ არ შეგიშვებენ, რა გესაქმება თუნდაც სოჰოში და თუნდაც პიგალის მოედანზე? ვიცეკვოთ შალახო, ოღონდ პირდაღებულებმა, გაკვირვებულებმა - შალახო ხომ ჩვენი ცეკვა არ არის. დიახ, არ არის, მაგრამ ეს ერთი შეხედვით და ერთი ცეკვით. და რა... მხოლოდ ერთხელ გვიცეკვია? გაიღიმეთ, ყველა მხრიდან კამერები გვიყურებენ, გვაკვირდებიან, გვსწავლობენ და სანამ ევროპა არ შემოვა ჩვენში, ჩვენ ევროპაში არაფერი გვესაქმება. კოლის, ტეტჩერის და მიტერანის ევროპაში, თორემ გვიდო ვესტერველეს ევროპა თავად ევროპელებს ამოუვიდათ ყელში.

რომ ვამბობთ, მრავალი საუკუნეა, რაც ევროპისკენ ვისწრაფვითო, ეგრეა, მართლაც ვისწრაფვით, მაგრამ ის არის მაგარი ქალების (გი დე მოპასანი, „ფუნთუშა“) და მაგარი კაცების (ერიჰ მარია რემარკი, „სამი მეგობარი“) ევროპა და თუ ასე არ არის, მაშინ უკვე დიდი ხანია, რაც ევროპელები ვართ, ყოველი მეხუთე გოგა ხაჩიძის ბლანჟეზე მსჯელობს, ყოველი მესამე - ხატია ბუნიათიშვილის ძუძუებზე.

ნამდვილი ევროპა კი ისაა, ქაჯეთის ციხეს რომ ანგრევ და ქარის წისქვილებს რომ ებრძვი.

ეს - ჩემი აზრით, საერთოდ კი, მე არ ვარ ექსპერტი, მით უმეტეს - მედია-ექსპერტი.

მე რომ ექსპერტი ვიყო... მე რომ ექსპერტი ვიყო, ახლა მაგარი დაბნეული ვიქნებოდი და ორაზროვანი უაზრობით ვიტყოდი: „ჩემო ქალაქო, სულ ახლადახალო... ჩემო თბილის-ქალაქო... თბილისო...“

ასე ვიტყოდი, ასე ვილაპარაკებდი და ბოლოს დავძენდი: „ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი“.

პოეზიის ამბავში და ქალაქურ გაგებაში კი არა, იმ ასპექტში და იმ სეგმენტში, რომ თბილისი არის ქალაქი დ ამ ქალაქს ჭირდება მერი, რომელიც ათას ტენდერზე არ გადამხტარა და ათასი პარტია არ გამოუცვლია.

არაპოლიტკორექტულად გამომივიდა, მაგრამ წაშლა და უარყოფა ვერ ვისწავლე... იმ შეწყალების კომისიას კიდევ გავაგებინებდი რამეს, მაგრამ ეს კომისია, ასეთი ზვიადები და ქორის-თვალები... ესენი ვერც გამიგებენ და არც გამითვალისწინებენ.

დავიწყე და უნდა დავასრულო კიდეც. დავასრულებ და განაჩენი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამომიტანოს, შეწყალების კომისიამ შემიწყალოს და შემიწყალებს კიდეც, თუ ქარტიის დაკრულზე ვიცეკვებ, როგორც ნამდვილი მეგავარსკვლავი, მაგალითად - კოტიკო თოლორაია.

აუცილებლად დავასრულებ, თუ არა და, მე ვიყო გოჩა ჩერტკოევი!

თბილისის მერზე მოგახსენებდით... ამ ქალაქს უამრავი ადამიანი-სიმბოლო ყავს და ახლა, უცებ, მხოლოდ ორს დავასახელებ - ტერენტი გრანელი და ნიკალა ფიროსმანი, წალენჯიხელი და მირზაანელი. არც ერთი იყო სოლოლაკელი და არც მეორე - ოქროსუბნელი, ორივენი მიკარგული სოფლების ბედკრული შვილები იყვნენ და ბედკრული ქალაქის სიმბოლოებად იქცნენ, რადგან მთავარია გაგება, გაგება კი, ერთხელაც ვიტყვი, სულაც არ არის „შეჩემა“ და „ჩემი დედა“. გაგება არც რაზბორკებია და არც ვილკების გაყრა, არც „კოჭაობა“ 30-იანებში და არც „საშლელობანა“ 70-იანებში. გაგება ერთმანეთზე ფიქრი და ერთმანეთზე ზრუნვაა - შენი მეგობარი შენივე ფსიქოთრაპევტი რომ არის. ის კი არა, როგორც იქაურ ფილმებში - დივანზე რომ წამოგორდებიან და გულს უშლიან... გაგება ის არის, მივარდნილ სახინკლეში რომ წახვალთ, გულისტკივილებს რომ მოუყვები, მოგისმენს, გაგიგებს, დაგარიგებს, დაგამშვიდებს, გადღეგრძელებს, მკურნალობის (ხინკალი, არაყი...) ფულს გადაიხდის და ღიღინით დაიშლებით.

ეგეთი რამეები რომ შეგეძლოს, მაინცდამაინც ჩაჩავაში უნდა იყო დაბადებული? გინდაც - ნახალოვკის პირველში ან ორთაჭალის რეზუსიანებში?

არ გაახურეს?! მაიცა და, მარტვილში დაბადებული დავით ნარმანიას ნაცვლად თბილისის მერობის კანდიდატად მიუნჰენში დაბადებული კარლ-ჰაინც რუმენიგე რომ დაესახელებინათ, ასეთი ამბავი ხომ არ ატყდებოდა?

ეს პროფესიონალი თბილისელები მიშლიან ნერვებს და კიდევ ისინი - „მომე ხმა მე“. შენ რომ ხმა მოგცე, „ზესტაფონო“ რა სინდისით ვიმღერო (მეტზე ვერ ვქაჩავ) და „სუპერსტარს“ რა ნამუსით მოვუსმინო?

ტინგიცობენ ძალად ვარსკვლავები, ლაქლაქებენ ვაი-პოლიტიკოსები, ტვინს ბურღავენ ვითომ-ექსპერტები და აღზრდას გვიპირებს „საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია“.

აი, თქვენ კი მოგხვდათ არმაგედონის ზანგის!!!

სწორედ გასულ კვირაში იყო, ე.წ. „საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ“ (საკუთარ თავს ასე უწოდებენ) რომ გადაწყვიტა: „დღეის ამას იქით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ქარტიის საბჭო განიხილავს იმ ჟურნალისტებზე შემოსულ საჩივრებს, რომლებიც ქარტიის ხელმომწერები არ არიან“.

რეაქცია ასეთი მქონდა - „წადით, თქვენი მსუბუქი ყოფაქცევის დედები...!!!“

ვფიქრობ, საკმაოდ ადექვატური იყო, როგორც ის - ციციკორეს ტალახს რომ ესვრიან. ციციკორე ხომ ასე იყო: ყველაფერი მე ვარო - საკანონმდებლოც, აღმასრულებელიც და სასამართლოცო! და ვინც ციციკორეს კანონებს არ ცნობდა, ვინც მაგის აღსრულებულს არ იწონებდა და ვინც მაგის სამართალს არ ეთანხმებოდა, ყველა იყო მტერი. ვისაც ეთიკის ქარტიაზე ხელი არ მოგვიწერია, ყველანი არაეთიკურები ვართ, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, კანის ფერისა, აღმსარებლობისა, გემოვნებისა... ყველა!!!

არ მახსოვს, შესაძლოა, სხვა დროს მომიყოლია, მაგრამ ეს ამბავი ახლაც უნდა მოვყვე, ახლაა მოსაყოლი: მოკლედ, 90-იანების შუაში მე და ლადო გოგობერიძე ჩვენი მწირი ფინანსური რესურსებით გამოფენაზე რომ რესტორანი იყო, იმ რესტორანს ვეწვიეთ. ავიღეთ ლობიო, მწნილი და 2 ბოთლი ღვინო. გვერდით 30-კაციანი სუფრა იყო გაშლილი. ქალი თამადობდა. ლადომ მითხრა, დაკვირვებული ვარ, როცა თამადა ქალია, შანსი არ არის, სუფრაზე რამე ექსცესი მოხდესო. მეთქი - ახლა გული სხვას მიგრძნობს. ერთი-ორი საათის შემდეგ ღვინო შემოგველია. ამ დროს იმ სუფრდან ერთი სულიერი მოგვიახლოვდა, სიგარეტი გვთხოვა. გავუმასპინძლდით. წავიდა, მოვიდა, ერთი ბოთლი ღვინო მოგვიტანა. მადლობა-თქო და ვკითხეთ: „რა სასტავი ხართ - მეზობლები, მეგობრები, თანამშრომლები თუ ვინ?“ პასუხი იყო სრულიად განსაცვიფრებელი: „მაგათი სუყველას დედაც...!“ ვაჰ... ცოტა ხნის შემდეგ იგივე განმეორდა, ოღონდ სიგარეტი სხვამ გვთხოვა, იმ სხვამ მოგვიტანა ღვინო და იმ სხვას დავუსვით იგივე კითხვა - „რა სასტავი ხართ?“ იმ სხვამ გვითხრა: „მაგათი, სუყველას დედაც...“. კიდევ ერთი საათიც და, მეზობელ სუფრაზე ყველა ერთმანეთს ურტყამდა. მე და ლადო პაპიროსს („80“) ვეწეოდით, ვუცქერდით.

თუ იცით, რატომ გამახსენდა ეს ისტორია? რატომ და, ქარტიის რომელ ხელმომწერთანაც კი ქარტიის შესახებ მისაუბრია, აბსოლუტურად ყველა იგინება - აგინებენ ქარტიის საბჭოს, დამფუძნებლებს, წევრებს, თავად იდეას და ბოლოს განწირული სახით სვამენ ლეგენდარულ კითხვას - „მე რა ვქნა, მე?!“

რა უნდა ქნა და - გადააბუნებრივმოთხოვნილეთ ერთმანეთს.

აბა, რა მესაქმება მაგ ქარტიაში? ეგენი მე ვერ შემაგინებენ და მე ისედაც ვაგინებ, ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე.

ასე თუ ისე, გადაწყვეტილება მიღებულია. ხვალ ვინმე საჩივარს შეიტანს სჟექ-ში (საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია) - დიტო გელოვანმა ქარტიის ესა და ეს მუხლი დაარღვიაო. ქარტიის საბჭო თავის სხდომაზე მიმიწვევს. ვაგინებ. სხდომა ჩატარდება უჩემოდ. დამირეკავენ და გადაწყვეტილებას გამაცნობენ - ჯერ დახვრეტა, შემდეგ ჩამოხრჩობა. ვაგინებ. გინებას ერთ ყურში შეუშვებენ და მეორე ყურიდან საკუთარი დედების მიმართულებით გაუშვებენ. იცოდნენ, ასე რომ იქნებოდა - ელოდნენ, არ გაუკვირდებათ. მთავარი კი ის არის, რომ საქმეში ჩაეთვლებათ, თავიანთნაირ უსაქმურებთან, დამფინანსებლებთან, თავს მოიწონებენ, გეგმით 20 გვყავდა მისაჯირყნი, გეგმა-ვალდებულებით - 22, რეალურად კი 24 მივჯირყნეთო.

სტატისტიკის მოყვარულთათვის: ხელმოწერიდან ოთხი წლის თავზე ქარტიაზე ხელი 220-ზე ოდნავ მეტ ჟურნალისტს აქვს მოწერილი, სულ განიხილეს 17 თუ 18 განცხადება, დაიხარჯა... უკვე სათვალავი ამერია, თუმცა შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ქარტიის 11 პუნქტის შესაქმნელად თავიდან 47 ათასი ევრო გამოიყო, შემდეგ, დამატებით - კიდევ 20 ათასი, და იმის შემდეგ რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით.

ასე რომ, უკვე სამჯერ ვარ დასაჭერი: 1. რადგან ვარ ქართველი, მაგრამ ნამდვილ ევროპაზე ვფიქრობ; 2. რადგან ვარ თბილისელი, მაგრამ ქალაქის ნამდვილ მერზე ვოცნებობ; 3. რადგან ვარ ჟურნალისტი, მაგრამ არ ვარ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ხელმომწერი, რამეთუ ა) ოჯახში ვარ გაზრდილი და დამატებითი ქარტია-მარტიები არ მჭირდება; ბ) სიტყვის თავისუფლება ჩემი უფლებაა და არავის დავუთმობ.

ერთხელაც იქნება და, დამიჭერენ. ვინც დამიჭერს, ის გამასამართლებს და ხელების ფშვნეტით დაელოდება შეწყალების თხოვნას, რომელსაც, ჰგონია, რომ დავწერ. დაელოდება შეწყალების კომისიის იმ სხდომას, რომელზეც შემიწყალებს, მაგრამ მე არ დავწერ ამ თხოვნას, თუმცა მაინც დავწერ რაღაცას, კონვერტზე დავაწერ „გახსნას და წაიკითხოს ამხანაგმა იმანომ სხდომის დაწყების შემდეგ“ და გავუგზავნი. გახსნის ამხანაგი იმანო და წაიკითხავს: „საკანში მარტო ვარ. აქ სიტყვის თავისუფლებაა. ბებიაშენი შეიწყალე“.

რა თქმა უნდა, ისიც შემიძლია, რომ არმაგედონის ზანგისა ვუსურვო, მაგრამ იმასაც ეგ უნდა და ამიტომაც არ ვუსურვებ.

გასულ კვირაში მოსმენილი ანეკდოტი: ორი ცხვარი საუბრობს. ერთი ეუბნება: „იცი, თურმე, ჩვენს მატყლს ყიდიან, ჩვენი რძისგან ყველს აკეთებენ და მდიდრდებიან. უფრო მეტიც - დაკვლას და შეჭმას გვიპირებენ“. მეორე ცხვარი სინანულით თავს აქნევს: „ეს შეთქმულების თეორიები, ერთხელაც იქნება, გადაგრევს“.

ვისაც მე ცხვარი ვეგონო, ის იყოს გოჩა ჩერტკოევი! ვისაც თბილისის მერად გიგი უგულავა უნდა, ის იყოს კოტიკო თოლორაია.

გასულ კვირაში ბევრი რამ მოხდა - ბევრი ხდებოდა და ზოგიც სუქდებოდა. ეს არ იყო ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. ეს იყო ის, რაც ხდებოდა ჩემს გულში და ჩემს თავში და რაც, შემდეგ, შევეცადე, რომ ქაღალდზე გადამეტანა.

მაგრამ, როგორი გადასატანია ის, რომ უკვე ერთი კვირაა, რაც თემო კილაძე აღარ არის?

ჰ.რ. ს.ჟ.ე.ქ. (ჰაიტარაკუმენ რესპუბლიკა, სჟექ) ამასობაში, პატარა ტომ ბარნსს ჩასძინებოდა, როდესაც გააღვიძეს, შეეშინდა და ტირილი მორთო - დედასთან მინდა, ყაჩაღობა აღარ მინდაო. ყველამ მასხარად აიგდო და მტირალა უწოდა. ამან იგი ისე გააშმაგა, რომ გამოაცხადა, ახლავე წავალ და ყველა საიდუმლოს გავთქვამო. მაგრამ ტომმა დასამშვიდებლად ხუთი ცენტი აჩუქა, ჩვენ კი გვითხრა, შინ წავიდეთ ყველანი, მომავალ ხუთშაბათს ერთმანეთს შევხვდებით, ვინმეს გავძარცვავთ და მოვკლავთო.

(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)