ოპერაცია კოდური სახელით „მონადირე II

ოპერაცია კოდური სახელით „მონადირე II

ISAF-ის მისიაში მყოფმა 31-ე ბატალიონმა თავის სამოქმედო რაიონში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. ოპერაცია კოდური სახელით „მონადირე II“-ი სოფელ სამხრეთ მუჰამადაბადში ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი ბატალიონის ოპერაციის რაიონში ძალის დემონსტრირება, მოწინააღმდეგის მოქმედებების აღმოჩენა, შეფერხება და შეზღუდვა იყო.

31-ე ბატალიონის ბრავო და ჩარლი ასეულის ჯარისკაცებმა სამხედრო ღონისძიება ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩაატარეს. ოპერაციას უშუალოდ ბატალიონის მეთაური, საველე მართვის ცენტრიდან ხელმძღვანელობდა და ის 4 ფაზად იყო დაყოფილი.

ბრავო ასეულის მთავარი ამოცანა სოფლის ირგვლივ საპატრულო ბაზის მოწყობა, მისი იზოლირება, მყარი პოზიციების დაკავება, ე.წ. ჩეკპოინტების მოწყობა და ჩხრეკა-კორდონის ღონისძიებების განხორციელება იყო. სამხედრო მოქმედებებში მთავარი სამანევრო ელემენტის ფუნქციას ჩარლი ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ასრულებდნენ. სოფელში შესვლის შემდეგ 31-ე ბატალიონის ჯარისკაცების ერთ-ერთი ამოცანა მოსახლეობასთან გასაუბრება და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა იყო. გასაუბრების პარალელურად ქართველმა სამხედროებმა საველე სამედიცინო კარავი მოაწყვეს, სადაც ადგილობრივებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. გარდა ამისა, ბატალიონის ჯარისკაცებმა მოსახლეობა სხვადასხვა საჭირო ნივთებით დაასაჩუქრეს.

ოპერაცია 27 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებით ჩაიარა. „მონადირე II“ კომბინირებული ოპერაცია იყო. მასში მონაწილეობა 200-მდე ქართველმა სამხედრომ და 28 ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა მიიღო. ღონისძიებაში 35 ჯავშანმანქანა „MRAP”-თან ერთად ჩართული იყო უპილოტო საფრენი აპარატებიც. საჭიროების შემთხვევაში სრულ მზადყოფნაში იყო საჰაერო მხარდაჭერის ელემენტებიც.