სემინარი „საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე“ ჟურნალისტებისთვის

სემინარი „საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე“ ჟურნალისტებისთვის

ყვარელში ჟურნალისტებისთვის სემინარი „საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე“ გაიმართა. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე, სართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში 26 მედია საშუალების წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სემინარზე საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს. ამ თემებზე ვრცლად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა ისაუბრა, რის შემდეგაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სემინარზე საუბარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებს შეეხო. ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღანელი ვიდეოხიდის მეშვეობით ბრიუსელიდან ჩაერთო და სემინარის მონაწილეებს მისიის მუშაობასა და სამომავლო ამოცანებზე ინფორმაცია მიაწოდა. ევროპულ და ევროატლანიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის არსებულ მექანიზმებსა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დინამიკაზე პრეზენტაცია წარმოადგინა.

სემინარში მონაწილეობა ასევე მიიღეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კრისტინა ბალეიშიტემ, რუმინეთის საელჩოს კონსულმა ლივიონ ლუსეი ავრაიმ, რუმინეთის საელჩოს პირველმა მდივანმა რადუ გორინჩოიმ და საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ანდერს ლინჩმა.