ცნობილი ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებდა:
„მოსკოვში სწავლის დროს ერთ სახლში ვცხოვრობდით მე, შოთა ქარუხნიშვილი, თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. გიგა ლორთქიფანიძეც ხშირად მოდიოდა ჩვენთან.
გვშიოდა, გვწყუროდა, გვციოდა, ერთი სიტყვით, ყოველნაირად გვიჭირდა სტუდენტებს.
ერთ დღეს ვხედავთ, ჩვენს სახლს ალყა არტყია. თურმე, ბუხარს რომ წმენდნენ, ერთი აგური ჩატყდა, ჩავარდა და... გამოჩნდა ოქროს ზოდი. გაიგეს, რომ ბუხარი ოქროს ზოდებით იყო აშენებული და მერე შეენიღბათ აგურებით. ამ ამბის შემდეგ გიგა ლორთქიფანიძე სინანულით ამბობდა:
- რატომ თავები არ ვურტყით იმ ბუხარს და არ დავანგრიეთ, რომ ის განძი მშიერ-მწყურვალ სტუდენტებს გვეპოვა და ადამიანურად გვეცხოვრაო. თუმცა რომ გვეპოვნა და დაგვემალა, ალბათ ყველას დაგვხვრეტდნენო“.