ცნობილი პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე ერთხელ ერთ “სახალისო“ ისტორიას იგონებდა:
“ლეო ესაკიას ფილმი “ბაში–აჩუკის“ სანახავად სტუდიაში მაღალი თანამდებობის მოხელე გამოგვეცხადა. დიდი ყურადღებით უყურა სურათს და ძალიან ნასიამოვნებიც დარჩა.
თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. კმაყოფილმა აღარ იცოდა რა ეთქვა. აქეთ-იქით მიმოიხედა, ყველა აგვათვალ-ჩაგვათვალიერა, აშკარად ვიღაცას ეძებდა. ბოლოს დირექტორს სთხოვა, აკაკი წერეთელი გამაცანიო.
დარბაზში ყველა გაშეშდა. რა უნდა უთხრა? გინდა აკადრო – აკაკი წერეთელი კარგა ხნის მკვდარია და მისი გაცნობა არ მოხერხდებაო. დრო არ ითმენდა.
ყოველი წამი სკანდალს აახლოებდა. დირექტორმა ამ სიტუაციიდან რაღაცნაირად გამოსავალი მოძებნა. მან ხელი
მოჰკიდა ლეო ესაკიას, მოხელეს წარუდგინა და უთხრა, ეს გახლავთ ფილმის ავტორიო. ჩინოსანი მოეხვია ლეოს, გულში ჩაიკრა, შემდეგ „აკაკი წერეთელს“ მხარზე გადახვია ხელი და ასე საუბარ-საუბრით გავიდნენ დარბაზიდან. რაზე ლაპარაკობდნენ, ეს ჩვენ უკვე აღარ გვესმოდა“.