„პროფესორი“ და ვერიკო

„პროფესორი“ და ვერიკო

კინორეჟისორი გია დანელია თავის მოგონებების წიგნში ქალბატონი ვერიკოს შესახებ ერთ ეპიზოდს იხსენებს.

“მიხეილ ჭიაურელის მძღოლი მიხეილ ზარგარიანი – მეტსახელად პროფესორი, ყოველთვის ძია მიშასავით ელეგანტურად გამოიყურებოდა და სულ თავისი უფროსის გვერდით ტრიალებდა. როცა თბილისში სახელგანთქმული სტუმრები (ჯონ სტეინბეკი, ჩერჩილის ვაჟი, ნაზიმ ჰიქმეთი) ჩამოდიოდნენ, ძია მიშა მათ პროფესორთან ერთად ხვდებოდა და ასე წარუდგენდა ხოლმე სტუმრებს - გაიცანით, ეს პროფესორია.

ერთხელ (როცა ჭიაურელი უკვე ცოცხალი აღარ იყო), ასეთი სცენის შემსწრე გავხდი. დილის ათის ნახევარია. ანტიკვარული ავეჯით გაწყობილ დარბაზში, სარკესავით ალაპლაპებულ ფიგურულ პარკეტზე პროფესორი საბურავს მოაგორებს. საძინებლის კარს აღებს, შიგ აგორებს და იძახის:

- ვერიკო! ეი, ვერიკო!

- რა იყო? – თვალგაუხელად პასუხობს ნამძინარევი ვერიკო, რომელიც, როგორც ყველა თეატრალური მსახიობი, გვიან იძინებს და გვიან დგება.

- თვალი გაახილე და შეხედე!

ვერიკო ცალ თვალს ახელს.

- მითხარი ერთი, ასეთი საბურავით თუ შეიძლება მგზავრობა? შეიძლება?!

- კარგი მძღოლი ასეთი საბურავითაც ივლის, ნეხვის მანქანას კი ნებისმიერი გაუსკდება, - ბუზღუნებს ვერიკო.

- ვერა ივლიანოვნა, მე თქვენ დაგატარებთ, - ახსენებს პროფესორი.

ვერიკო ორივე თვალს ახელს.

- ღმერთო, რა შეგცოდე ამის ფასი, რომ გარს სულ ასეთი იდიოტები მახვევია!

და მერე მთელი ათი წუთის განმავლობაში ტრაგიკული ხმითა და იერით წუწუნებს ბედზე. ვერიკო ანჯაფარიძე კრიტიკოსებმა მეოცე საუკუნის ათ საუკეთესო ტრაგიკოს მსახიობ ქალთა შორის დაასახელეს. როცა ის ასეთი პათოსით სცენაზე ლაპარაკობდა, დარბაზი ხმამაღლა მოთქვამდა. მაგრამ პროფესორი საქმის კაცი გახლდათ და ემოციებს არ ექვემდებარებოდა. როცა ვერიკო დაიღალა და დადუმდა, მან მშვიდად უთხრა:

- ფული მომეცი.

ვერიკო მძიმედ ოხრავს, გვერდზე ბრუნდება და ბუზღუნით ამბობს:

- ტუმბოში ნახე.

ხოლო როდესაც ვერიკოს მანქანიანი მძღოლის შენახვის საშუალება აღარ ჰქონდა, პროფესორმა კვალიფიკაცია შეიცვალა, საფეხბურთო ფოტოკორესპონდენტი გახდა და ჭიაურელზე, ვერიკოსა და სოფიკოზე მეტად გაითქვა სახელი, რადგან თუ თბილისის “დინამოს” კარში გოლი გადიოდა, მთელი სტადიონი ერთხმად ყვიროდა – “არ გადაიღო, პროფესორო!!!”