ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მონადირე-შემგროვებლების საზოგადოებაში ქალები მხოლოდ შემგროვებლობით არ იყვნენ დაკავებული და ისინი ნადირობის პროცესშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ქალების, როგორც მონადირეების როლი, შეიძლება გადაჭარბებული იყოს.
ასევე: როგორი იყო ქალების ცხოვრება პრეისტორიულ სამყაროში
გასულ წელს მასშტაბურმა კვლევამ 63 თანამედროვე მონადირე-შემგროვებლების ჯგუფი შეისწავლა. კვლევამ მთელი მსოფლიო მოიცვა, მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, აზია და ოკეანია.
მათ დაასკვნეს, რომ ქალების 79% აქტიურად ნადირობდა. გარდა ამისა, საზოგადოებებში, რომლებშიც ნადირობა საკვების მთავარი წყარო იყო, ქალები თითქმის სრულად იყვნენ ჩართულნი.
ბოლო კვლევაში, მეცნიერებმა 2023 წლის კვლევა გააანალიზეს. მათი თქმით, ძველი კვლევა ბოლომდე გამართული არ იყო.
მათ 2023 წლის კვლევის გამეორება სცადეს და შედეგად განსხვავებულ დასკვნამდე მივიდნენ: ქალები არც ის ხშირად ნადირობდნენ.
"ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეისტორიულ სამყაროში ქალები ნადირობაში აქტიურად ჩართულები არ იყვნენ. სხვა რამეზე მეტყველებდა ძველი კვლევა, მაგრამ ის არ იყო სიმართლე. ამით არ ვამბობთ, რომ ქალები არ ნადირობდნენ, მაგრამ ეს არ იყო ისეთი ხშირი, როგორც კაცების შემთხვევაში", — ამბობენ მკვლევრები.
ცნობისთვის, 2020 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, პრეისტორიულ ამერიკაში ქალები ისევე ნადირობდნენ როგორც კაცები. მაშინ მეცნიერებმა ჰოლოცენის და პლეისტოცენის დროინდელი 107 ნამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც 8 000-14 000 წლით თარიღდება. იარაღებთან ერთად დამარხული 27 ინდივიდიდან, 15 კაცი და 11 ქალი იყო. რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ქალების ნადირობაში ჩართულობა იშვიათი შემთხვევა არ ყოფილა.