ლეგენდარული მომღერლის, სელინ დიონის, შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა. ფილმში არტისტი განვლილ გზასა და დაავადებასთან ერთად ცხოვრებაზე მოგვიყვება. I Am: Celine Dion-ის პრემიერა 25 ივნისს შედგება.
2022 წელს სელინ დიონს გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რის გამოც მომღერალმა მუსიკალური ტურნე გააუქმა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ღონისძიებებზე არ გამოჩენილა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს და ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას იწვევს.
პაუზის შემდეგ მომღერალი წლევანდელ გრემის დაჯილდოებას დაესწრო, შემდეგ კი აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, თუ როგორია გაშეშებული ადამიანის სინდრომით ცხოვრება.
"მე ძალიან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს. აქამდე ამაზე სალაპარაკოდ მზად არ ვიყავი, თუმცა ახლა ვარ. ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დაავადებასთან ერთად ცხოვრება რთულია. სცენაზე დგომა ძალიან მენატრება. გულშემატკივრები მენატრება. თუ სირბილი აღარ შემეძლება, ვივლი, თუ სიარულსაც ვერ შევძლებ, ვიხოხებ. არ გავჩერდები", — ამბობს სელინი ტრეილერში.
55 წლის სელინ დიონი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად მიიჩნევა. მუსიკოსის კარიერა მან 1980-იან წლებში დაიწყო, საყოველთაო აღიარება კი მან 1988 წელს მოიპოვა, როცა შვეიცარია წარადგინა ევროვიზიაზე და გაიმარჯვა.
დიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალიცაა — მსოფლიოში მისი ჩანაწერების 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამასთან, ჩანაწერების გაყიდვის მაჩვენებლით, იგი ყველა დროის ყველაზე პოპულარულ კანადელ და ფრანგულენოვან შემსრულებლადაც მიიჩნევა.