ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრანტები აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დათმობას აპროტესტებენ. მათ გადაკეტეს გზები და სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
პროტესტის ასეთი ფორმისკენ მათ არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტიანმა მოუწოდა, რომელიც მიტინგებში აქტიურად მონაწილეობს.
აპრილში სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის გარკვეული მონაკვეთების დემარკაციასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ეს შეთანხმება ტავუშის რაიონის ოთხი სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემას ითვალისწინებს. სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი. 24 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ოთხივე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.