„ვითომ, რომ რუსეთის წინააღმდეგ გულზე მჯიღს ირტყამენ, მათნაირი ვარსკვლავი კრემლს ადგას თავზე“

„ვითომ, რომ რუსეთის წინააღმდეგ გულზე მჯიღს ირტყამენ, მათნაირი ვარსკვლავი კრემლს ადგას თავზე“

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა დღევანდელ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას ურჩევს, შეცვალონ ვარსკვლავის მინიჭების არსებული წესი და ის გაავრცელონ ყველა დროის დამსახურებულ ადამიანებზე, ასევე, დააბრუნონ ვარსკვლავის მინიჭების მთელი პროცედურა და ვარსკვლავის ტრადიციული, გეომეტრიულად მართებული ფორმა და დიზაინი.

„საქართველო ხშირად უცნაურობების ქვეყანაა, პარადოქსებისა თუ არა. ყველას მოგვეხსენება, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა პროფესიათა ადამიანების უკვდავყოფის მრავალი ხერხი და ერთი მათ შორისაა, საქვეყნოდ აღიარებულ მოღვაწეთათვის ე.წ. ვარსკვლავის გახსნა. ამგვარი ვარსკვლავებითაა მოფენილი ვენის, მილანის, ლონდონის, ლოს ანჯელესის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკის და სხვა მრავალი ქალაქის ქვაფენილები. ზოგიერთი მათგანი იმ ადგილებშია განთავსებული, სადაც ესა თუ ის ადამიანი ცხოვრობდა, მუშაობდა ან მოღვაწეობდა, და ეს ვარსკვლავები ორგანულად ერწყმიან როგორც იმ კონკრეტულ გარემოს, ასევე, ამ ქალაქისა და ქვეყნის ისტორიას, რომელთაც, გარკვეულწილად, ამ თანავარსკვლავედის მოქმედი პირებიც ქმნიდნენ“, - აცხადებს ნიკა რურუა და ამ კონტექსტით ასახელებს ჯუზეპე ვერდის, არტურ რუბინშტეინის თუ მაილს დევისის ხსოვნის უკვდავყოფას.

მისი თქმით, მადლიერების გამომხატველი ეს სიმბოლოები რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც გაჩნდა. ოღონდ, ჰოი საკვირველებავ, მხოლოდ ცოცხალთათვის! ანუ, ვარსკვლავები იხსნება მხოლოდ იმ არტისტებისთვის, ვინც აწმყოში არსებობენ, ანუ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ცოცხლები არიან და ახლავე, სიცოცხლეშივე ენიჭებათ აღიარების ეს სიმბოლო. თუმცა რურუას აინტერესებს, რა დააშავეს გარდაცვლილმა მოღვაწეებმა?

რურუა აცხადებს, რომ მინისტრად ყოფნისას მან მოიკითხა ეს საკითხი და პასუხად მიიღო, იმ შემთხვევაში, თუ აწ გარდაცვლილთათვისაც დასაშვები გახდებოდა ე.წ. ვარსკვლავების გახსნა, მაშინ სახელმწიფო ვეღარ აუვიდოდა დამსახურებულ მოღვაწეთა შთამომავლების თხოვნას, რომ მათ სახელოვან წინაპრებს ეს პატივი რგებოდათ.

„ერთ კერძო პირს, რომელსაც რატომღაც მინიჭებული ჰქონდა ვარსკვლავების მინიჭების მონოპოლიური უფლება, ეს უფლება არგუმენტირებული მოთხოვნის საშუალებით დავათმობინე და აწი უკვე სახელმწიფოს პრეროგატივა გახდა, დაედგინა, თუ ვინ იმსახურებდა საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის მოქალაქეთა მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩენას. ასევე, შეიცვალა მანამდე არსებული ვარსკვლავის სრულიად შემთხვევითი დიზაინიც, რომელიც ყველა გეომეტრიული თუ ესთეტური წესის დარღვევით, სახელდახელოდ იქნა „შეთხზული“ ერთ-ერთი არტისტის (არამხატვრის) მიერ მისი ოჯახის წევრისთვის ამ პირველი ვარსკვლავის მინიჭების წინ“, - აცხადებს რურუა.

For.ge ნიკა რურუას წერილის ირიბ ადრესატს -  საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს  - დავით ოქიტაშვილს ესაუბრა.

ნიკა რურუამ ვარსკვლავთგამგებელი გიწოდათ და აღნიშნა, რომ მის დროს თქვენ ეს სარფიანი საქმე დროულად და მართებულად ჩამოგერთვათ და მხოლოდ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებმა სულზე მოგისწროთ. თუმცა იგი წუხს, რომ თქვენ, როგორც კერძო პირმა, .. სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში ახალი კულტურის სამინისტროსგან კვლავ დაიბრუნეთ ვარსკვლავების სხვადასხვა მოღვაწეთათვის მინიჭების უფლება. ასევე, მისი შეშფოთების მიზეზია, რომ უარესისკენ შეიცვალა ვარსკვლავის დიზაინი, რაც უკვე ოროსანი მოწაფის რვეულზე უადგილოდ დაწვეთებულ მელნის ლაქას კი აღარ ჰგავს, არამედ ძალიან გვაგონებს .. კანონიერი ქურდების მხრებზე ამოსვირინგებულ მრავალქიმიან, სრულიად ეკლექტური ფორმის ვარსკვლავს.

 - ნიკა რურუას ხმა არაფერზე არ აქვს ამოსაღები. ეს ის კულტურის მინისტრი და ის მთავრობა იყო, რომლებმაც ძველი თაობის ინტელიგენტებს ჩარეცხილები უწოდეს. მისი კულტურის მინისტრობის პერიოდში, სულ რაღაც სამი-ოთხი წლის განმავლობაში, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. ქურდულ მენტალიტეტს რაც შეეხება, ამაში იგი მართალია და ამაში მე მას ვერასდროს შევედრები, რურუა ამის დიდოსტატია და მის წარსულთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ნიკა რურუა ვარსკვავების ფასსაც შეეხო და აცხადებს, რომ გროტესკული ვარსკვლავის დამზადება სადღაც 7 ათასი ლარი ღირდა, ხოლო მის მინისტრობის პერიოდში ტრადიციული და მიღებული ფორმის ვარსკვლავს 3 ათას ლარად ამზადებდნენ.

- ვარსკვლავების ფასს როცა ახსენებს, ბატონმა რურუამ კარგად ამოსწიოს ბიუჯეტი და ნახოს, როდესაც ჩვენ ვარსკვლავების გახსნა დავიწყეთ, მაშინ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის არენდა სამი ათასი ლარი ჯდებოდა. ამდენად, ვარსკვლავის ფასში  - შვიდიათას ლარში მთლიანად შედიოდა ფილარმონიის არენდა და ჩატარებული ღონისძიება. კულტურის სამინისტრო და, კერძოდ, რურუა ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მე ჩამოვშორებოდი ქართულ კულტურას. ამის მიზეზი ის იყო, რომ მე მათ იდეოლოგიას არ ვეთანხმებოდი. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რა წაგვიღე შენ ამ ბებრებით საქმე?! ბებრებს ისინი უწოდებდნენ ოთარ მეღვინეთუხუცესს, გურანდა გაბუნიას, ქეთი დოლიძეს, ნინელი ჭანკვეტაძეს და ა.შ. ეს ის თაობაა, რომელიც ჩვენ არ გვაინტერესებსო. რატომღაც ახლა გაახსენდათ ეს თაობა? რა უშლიდათ ხელს?

მოგვიანებით, ვარსკვლავების გახსნა მათაც დაიწყეს. ფიქრობთ, რომ პროექტი თქვენ წაგართვეს?

- რასაკვირველია, ეს პროექტი მათ მე წამართვეს. მართლაც სულზე მომისწრო 1-მა ოქტომბერმა და აღდგა სამართლიანობა, თორემ, მათ რომ დარჩენოდათ უფლებები, ვის გაუხსნიდნენ ვარსკვლავს და კიდევ რა უბედურებებს ჩაიდენდნენ, ეს სხვა თემაა. მილიონებს რომ ყრიდნენ იმ უაზრო ღონისძიებებსა და კონცერტებში, რომლითაც გაყვლიფეს ქართული კულტურა, ამაზე რატომ არაფერს იძახიან?! ბატონ რურუას მინდა ვუთხრა, არ ვაპირებდი მასთან პოლემიკაში შესვლას, რადგან, ეტყობა, ახლა იგი აგონიაშია, მე კერძო პირი არ გახლავართ, მე ვარ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი და, მათგან განსხვავებით, საქართველოში არცერთი ვარსკვლავი არ გახსნილა ჩვენი გადაწყვეტილებით.

ვთქვათ, იხსნება კომპოზიტორის ვარსკვლავი, შემოდის კომპოზიტორთა კავშირიდან თხოვნის წერილი და ეს ძალიან კარგად იცის რურუამ. რისთვის დასჭირდა ამ ამბის ატეხვა, ვერ ვხვდები. მაგალითად, იხსნება რომელიმე გამოჩენილი ადამიანის, ვთქვათ, თეატრის მსახიობის ვარსკვლავი, შემოდის წერილი თეატრის დირექციისა და ადმინისტრაციისგან და ეს საბუთები არსებობს. რაც შეეხება რურუას მიერ გახსნილ ხუთქიმიან ვარსკვლავს, ის ეშმაკის სიმბოლოდაა აღიარებული. მათი ვარსკვლავი სატანურია. ზოგადად, ხუთქიმიანი ვარსკვლავი ეშმაკის თავის სიმბოლოა. არ შეიძლება, ყველაფერი სხვისგან გადმოვიღოთ. ჩვენი, ქართული, ქრისტიანული ვარსკვლავი კი შვიდქიმიანია.

ვის გაუხსნა რურუამ ხუთქიმიანი ვარსკვლავები?

- მან შეურაცხყოფა მიაყენა რამაზ ჩხიკვაძეს, მედეა ჩახავას, ნანი ბრეგვაძეს. პირველი ფორმის ვარსკვლავები, რომელთა გახსნაც ჩვენ დავიწყეთ, კულტურის სამინისტრომ ამოთხარა და გადაყარა. არადა, ჩვენს მიერ რამდენიმე ვარსკვლავის გახსნას თვით უწმინდესიც ესწრებოდა. მათ შეურაცხყვეს ამ ადამიანების ხსოვნა. მე ვიცოდი, რომ რამაზ ჩხიკვაძის ოჯახს არ უნდოდა პირველი ვარსკვლავის შეცვლა, მაგრამ რუსთაველის თეატრის წინ მაინც მოთხარეს პირველი ფორმის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 2000 წელს, გადაყარეს და ჩადეს ეშმაკის ხუთსიმბოლოიანი უბედურება. როდესაც მათ პირველად დაიწყეს ასეთი ხუთქიმიანი ვარსკვლავის გახსნა, ამ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ცნობილი მოცეკვავე დაიღუპა. ეს ამბავი რაღაცნაირად მიჩქმალეს. ღმერთმა აცხონოს იმ ადამიანის სული, არ მინდოდა ამის თქმა, არც იმ პიროვნების დასახელება მინდა. ეტყობა, ეს ღმერთის ნიშანი იყო.

ახლა, რომ ვითომ რუსეთის წინააღმდეგ გულზე მჯიღს ირტყამენ, სინამდვილეში, მათნაირი ვარსკვლავი კრემლს ადგას თავზე. აქ სხვა რამეშია საქმე. ახლა გაბოროტებულები არიან და რა გააკეთონ, არ იციან. რურუა გადართული იყო იმ უბედურებების დაფინანსებით, რაც საქართველოში ხდებოდა და მისი ადგილი სხვაგან არის. კარგად უნდა გამოიძიოს პროკურატურამ მისი მოღვაწეობა და მისი ფინანსები. სხვას ფინანსებს ნუ უთვლის. დღეიდან მე მის ყველა ნათქვამს პასუხს გავცემ, რადგან ეს იყო ერთადერთი კულტურის მინისტრი, რომელმაც, პრეზიდენტთან ერთად, ჩარეცხილები უწოდა და იგნორს უკეთებდა ძველ თაობას.

რეზო ჩხეიძეს არ უშვებდნენ კულტურის სამინისტროში, ქართული კინო მოსპეს. რატომ არ გაუხსნეს ვარსკვლავი რეზო ჩხეიძეს, ლანა ღოღობერიძეს? მათ არ გაუხსნეს ვარსკვლავები, რადგან ნაციონალების ხროვის მომხრენი არ იყვნენ. სწორედ ეს არის რურუა. ჩარკვიანის ვარსკვლავის გახსნაც ამიტომ დაბლოკეს, მამამისი ოპოზიციონერიაო.

წერილში იგი ასახელებს სანდრო ახმეტელს, კოტე მარჯანიშვილს, ლადო მესხიშვილს, პეტრე ოცხელს, აკაკი ხორავას, სერგო ზაქარიაძეს, ვასო გოძიაშვილს, უშანგი ჩხეიძეს, მიხეილ თუმანიშვილს, ვანო სარაჯიშვილსა და სხვებს, რომელთაც ვარსკვლავები იმ მარტივი მიზეზის გამო არ მიენიჭათ, რომ ისინი ცოცხლები არ იყვნენ.

- მართლაც, ესენი არიან ცნობილი ადამიანები, მაგრამ მსოფლიოში დამისახელოს ქვეყანა, სადაც მიცვალებულის ვარსკვლავი იხსნება. მე ასეთი რამ არ მახსოვს. საქართველო ბედნიერია, რადგან ამ ქვეყანაში არსებობდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ მარჯანიშვილი, ახმეტელი და სხვები. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ ამ ადამიანებისთვის გვაქვს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, სადაც ისინი განისვენებენ. მთელს მსოფლიოში მიღებული ფორმით, ვარსკვლავი ეხსნება ცოცხალ ადამიანს. კარგით, დათო ოქიტაშვილმა ეს კანონი დაარღვია, ოთხი წელი ბრძანდებოდა ბატონი რურუა კულტურის მინისტრად, თუ ასეთი არაჩვეულებრივი იდეა ჰქონდა, მან ხომ ჩამომართვა და უკანონოდ წამართვა ვარსკვლავები, თვითონ რატომ არ გაუხსნა ამ თაობას ვარსკვლავი?!

მას შემდეგ, რაც ნიკა რურუამ დაიწყო ვარსკვლავების გახსნა, თქვენ გეკრძალებოდათ ამის განხორციელება?

- 2008 თუ 2009 წლის შემდეგ ვარსკვლავებს ვეღარ ვხსნიდი. დამიბარა და მითხრა, ეს ვარსკვლავები ახლა მე უნდა წავიღო და მე გავაკეთოო. ვარსკვლავების გახსნის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რურუას ჰქონდა ხუთი წლის განმავლობაში. ეგენი ქართულ კულტურას გაანადგურებდნენ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი ამოთხარეს ძველი ფორმით, გადააგდეს და ხუთქიმიანი, სატანური, მოსკოვის კრემლზე მდგარი ვარსკვლავები გახსნეს საქართველოში. გამომაგდეს კულტურის სამინისტროდან და ბედნიერი ვარ, რომ არ ვიღებდი იმ სიბინძურეებში მონაწილეობას, რასაც კულტურის სამინისტრო ამ ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდა.

მასთან პირველი დაპირისპირება როდის მოგიხდათ?

- ომარ მხეიძის ვარსკვლავი როდესაც გავხსენი, აქედან დაიწყო მთელი ომი, რადგან მას არ შევუთანხმდი. არ მინდა ყველაფერი ვთქვა, მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ რურუას, ახლა შენიშვნებს რომ მაძლევს, თვითონ რატომ არ გააკეთა ეს?

ჩვენ დავუკავშირდით მომღერალ ეთერ კაკულიას. მისი თქმით, როგორც წესი, ვარსკვლავები თანაბრად ეკუთვნით მიცვალებულ და ცოცხალ გამოჩენილ ადამიანებს. თუმცა, წესით, ცოცხალ ადამიანს სჭირდება ვარსკვლავი და სწორედ ცოცხალმა ხელოვანმა უნდა ნახოს თავისი დაფასება, თორემ მიცვალებული როგორ დაინახავს თავის ვარსკვლავს?!

„ვისაც ვარსკვლავი გაუხსნეს, ყველა დამსახურებული პიროვნება გახლდათ და ყველას ეკუთვნოდა ვარსკვლავი. ჰოლივუდშიც ცოცხლებს უხსნიან ვარსკვლავს. ხალხს ვინც უყვარს, სწორედ იმ პიროვნებებს მიაგებენ ამ სახით პატივს. ვარსკვლავის დიზაინი რატომ უნდა შეიცვალოს? მე არ ვიცი, რა განსხვავებაა ვარსკვლავებს შორის, ვინმეს არ აწყობს ასეთი დიზაინი? ნიკა რურუა რა შუაშია? ან საერთოდ ვინ არის? რატომ ერევა რურუა ვარსკვლავის გახსნასა და დახურვაში? რომელი კომპეტენტური პიროვნება ეგ არის? კულტურის მინისტრი რომ იყო, ესეც დიდი შეცდომა იყო. ასეთი წარსულის მქონე ადამიანი არ უნდა ყოფილიყო კულტურის მინისტრი. საერთოდ, რა გააკეთა ამ სფეროსთვის?!“ -  აინტერესებს ეთერ კაკულიას და ხუმრობით აცხადებს, რომ უკვე დროა, მის ვარსკვლავზეც იზრუნოს მთავრობამ.