ავსტრალიის მერდოკსის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფმა, მაიკლ ბანსას ხელმძღვანელობით, შეძლო, გამოეყო გადაშენებული ფრინველების იმ სახეობების დნმ, რომლებიც 19 ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და მადაგასკარზე.
დნმ ამ ფრინველების გაქვავებული კვერცხების ნაჭუჭისგან გამოყვეს, რაც მეცნიერებს მომავალში საშუალებას მისცემს, გაშიფრონ უძველეს ფრთოსანთა დნმ. ჩატარებული სამუშაოს შედეგები რევოლუციურია, რადგან ცხოველების გაქვავებული ნარჩენებიდან დნმ-ის გამოყოფა უაღრესად რთულ და, ამავე დროს, ძალზე აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს პალეონტოლოგებისთვის.
როგორც წესი, დნმ-ის ფრაგმენტები, რომლებიც ამოღებულია გაქვავებული ძვლებიდან, შეიცავენ მრავალ მინარევს: იმ ბაქტერიების დნმ-ის ფრაგმენტებს, რომლებიც იკვებებოდნენ ცხოველთა ნარჩენებით მათი სიკვდილის შემდეგ. ბანსას ჯგუფმა აჩვენა, რომ დნმ, რომელიც ნაჭუჭისგანაა ამოღებული, 125-ჯერ უფრო სუფთაა ასეთ ნიმუშებთან შედარებით, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მისი გაშიფვრის სამუშაოებს.
კვლევის დროს სწავლულები ცდილობდნენ, დნმ ამოეღოთ გადაშენებული გიგანტური ფრინველის – მოას კვერცხებიდან, რომელიც მხოლოდ ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა, ასევე ავსტრალიაში მცხოვრები სირაქლემა ემუს კვერცხებიდან და მადაგასკარზე მცხოვრები გიგანტური ფრინველის Aepiornis-ის კვერცხებიდან. მკვლევრებმა გამოიყენეს უკვე დამუშავებული მეთოდიკა, რომლის თანახმადაც, კალციტი – კალციუმის კარბონატი, რომლისგანაც ნაჭუჭის 97 პროცენტი შედგება, თავდაპირველად იხსნება სპეციალურ ხსნარში. ამის შემდეგ ნაჭუჭისგან რჩება მხოლოდ ცილის მატრიცა, რომელიც შემდეგ ქრომოტოგრაფიის მეთოდით იყოფა ფრაქციებად და სწორედ მათგან გამოიყოფა დნმ, ასეთი ხერხით მიღებული მაღალი ხარისხის დნმ შეიძლება, იმის შედეგი იყოს, რომ ნაჭუჭის მატრიცაში ყოფნისას ეს მოლეკულა კარგადაა დაცული როგორც გარემო პირობების ნეგატიური მოქმედების, ისე მიკროორგანიზმების აქტივობისგან.
დღეისთვის 19-ათასწლოვანი სირაქლემა ემუს კვერცხის ნაჭუჭისგან მიღებული დნმ ყველაზე ძველია, რომელიც ოდესმე მეცნიერებს მიუღიათ.