საფრანგეთის პრეზიდენტმა გადადო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა, რომელიც ახალ კალედონიას უკავშირდებოდა. საუბარია რეფორმაზე, რომელმაც კუნძულოვან სახელმწიფოში მასობრივი არეულობა გამოიწვია.
ახალ კალედონიაში ჩასულმა მაკრონმა განაცხადა, რომ არ იჩქარებს შეთავაზებული ცვლილებების მიღებას, რადგანაც მეტი დიალოგია საჭირო. ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, ვითარება 13 მაისს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭირა მხარი.
ცვლილების თანახმად, ახალი კალედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებიც კუნძულოვან სახელმწიფოში ათ წელზე მეტია, ცხოვრობენ.
ფრანგი კანონმდებლების გადაწყვეტილებას ახალი კალედონიის მკვიდრი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. არეულობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.