მოსალოდნელია თოვლი, ქარი და უამრავი პრობლემა

მოსალოდნელია თოვლი, ქარი და უამრავი პრობლემა

საქართველოს სტიქია ერთბაშად დაატყდა თავს და პრობლემაც ერთბაშად იჩინა თავი. თუკი დასავლეთ საქართველოში თოვლმა ძალიან დიდი თავსატეხი გაუჩინა ხალხს, აღმოსავლეთში ძლიერმა ქარმა შენობები დააზიანა.

დიდთოვლობის გამო ტყიბული-ქუთაისის მიმართულებით საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი ჩაიკეტა. ტყიბულში თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია. დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა საქალაქო გზებიც. თოვლმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რამაც ტყიბული-ქუთაისის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალის ჩაკეტვა განაპირობა.

უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია ტყიბული-ამბროლაურის გზაც. დიდთოვლობის გამო ტყიბულის და რაიონის სოფლების მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

საქართველოს რეგიონებში გუშინდელი ძლიერი ქარიშხლისა და დიდთოვლობის შედეგად ავარიულად გაითიშა “ენერგო პრო ჯორჯიას” 211 919 აბონენტი. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთში. რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 73 276 აბონენტს.

უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რამაც განაპირობა ფიდერების ავარიული გათიშვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვა.

მაღალმთიან აჭარაში ხულო, ქედა და შუახევი ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად გარესამყაროს მოწყდა. სტიქიის აღნიშნულ ზონებში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყდა. დენი 1 200-მდე აბონენტს გაეთიშა. მეწყრის გამო სოფელ ზარასთან ცენტრალური მაგისტრალიც ჩაიკეტა. ხულოში ათეულობით სახლი დაიმეწყრა, ხოლო შუახევში კი ერთი ადამიანი ზვავში მოჰყვა. მოგვიანებით, სოფელ ბარათაულის მკვიდრი ზვავში მოყოლილი ოთარ ცენტერაძე ცოცხალი იპოვეს.

ოთარ ცენტერაძე, ოჯახის წევრებთან ერთად, ზვავში 2 დღის წინათ მოჰყვა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ცენტერაძეების ოჯახის დანარჩენი წევრების გადარჩენა შეძლეს, თუმცა ოთარ ცენტერაძეს ვერ პოულობდნენ. საბედნიეროდ, მაშველებმა მას 2 დღის შემდეგ მაინც მიაკვლიეს.

აღმოსავლეთ საქართველოს კი ქარი და ქარბუქი უტევს. ძლიერი ქარის გამო რუსთავის N15 სკოლის ფოიეს კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლა სასწავლო პროცესის მსვლელობის დროს ჩამოინგრა. შენობა 80-იან წლებში ააშენეს, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ნაგებობა უხარისხო იყო. რუსთავის ხელისუფლებამ სკოლის აღდგენის პირობა დადო.

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უამინდობა გაგრძელდება, ხოლო პრობლემები კიდევ უფრო მოიმატებს. გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, მცირე ხნით გამოდარება მოსალოდნელია 9 თებერვალს, 10 თებერვლიდან კი ნალექი ისევ გაგრძელდება.

“10 თებერვლიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ახალი ნაკადის შემოჭრა იწყება და მოსალოდნელია წვიმა. 11-ში წვიმა, შესაძლოა, თოვლში გადაიზარდოს. 12 თებერვალს ცოტა ხნით ისევ გამოიდარებს. ტემპერატურა დაბალი იქნება, დღისით, საშუალოდ, 3-5 გრადუსის ფარგლებში, ღამით - 5 გრადუსამდე”, - განაცხადა ნიორაძემ.

სინოპტიკოსები უამინდობას აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც ვარაუდობენ. მოსალოდნელია, ძლიერ ქარი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ძლიერი ქარი იქნება თბილისშიც.

დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო მაგისტრალებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნუგზარ გასვიანის თქმით, ამბროლაურთან მისასვლელი ორი გზიდან, ნაქერალას უღელტეხილზე გასული 24 საათის განმავლობაში მოსული ძლიერი ნალექის გამო, ზვავის ჩამოწოლაა მოსალოდნელი და ამიტომ ერთ მისასვლელ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

“გასული 24 საათის განმავლობაში მოსული ძლიერი თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ქვეყნის თითქმის ყველა მაგისტრალზე შევასრულეთ. ამ ეტაპზე კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე ქარბუქის გამო მოძრაობა შეზღუდულია. ასევე, რიკოთის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტით გადაადგილება”, - განაცხადა გასვიანმა.