მიხეილ სარჯველაძე: ამიერიდან აღარავინ იქნება უფლებამოსილი, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებაზე ისაუბროს

მიხეილ სარჯველაძე: ამიერიდან აღარავინ იქნება უფლებამოსილი, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებაზე ისაუბროს

ამიერიდან აღარავინ იქნება უფლებამოსილი, სამართლებრივად ვალიდური არ იქნება უბრალოდ, რომ ვინმემ ისაუბროს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე, სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებაზე და ა.შ.- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს უკვე შეფასდა ამ სახით. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თქვენ გახსოვთ რამხელა აჟიოტაჟები ახლდა თან სააკაშვილის თემის განხილვას ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებში და აქ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ დამახინჯებულ ფაქტებზე დაყრდნობით იყო მიღებული რამდენიმე პოლიტიკური, მიკერძოებული, როგორც ამას იმთავითვე ვამბობდით, მიკერძოებული გადაწყვეტილება. მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან და მე ახლა უკვე აბსოლუტურად გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაწილი ევროპარლამენტარებისა შეცდომაში იყო შეყვანილი იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას ან მისი უფლებების ხელყოფას გინდა ერთ, გინდა მეორე, გინდა ნებისმიერ საქმეში. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც შედეგის სახით მოიტანა, სხვათა შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებამ.

კიდევ ერთხელ ამას ხაზგასმა დასჭირდება, რას ნიშნავს, როდესაც საკითხთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული შეხედულებები, ამასთან დაკავშირებით როდესაც სასამართლო სვამს წერტილს და მკაფიო განმარტებას აკეთებს, თუ როგორ უნდა შეფასდეს კვალიფიციურად, პროფესიონალურად, არითმეტიკული სიზუსტით გარკვეული გარემოებები, რომლებთან დაკავშირებით მანამდე შეიძლება ადამიანებს ჰქონოდათ განსხვავებული შეხედულებები.

აი, ამას დაესვა ყოველგვარი წერტილი და ამიერიდან, აღარავინ იქნება უფლებამოსილი, სამართლებრივად ვალიდური არ იქნება უბრალოდ, რომ ვინმემ ისაუბროს დღეს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე, სააკაშვილის პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებაზე და ა.შ.“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.