თეთრი სახლი შეშფოთებულია ისრაელის მიერ რაფაჰში მოსახლეობის წინააღმდეგ ორტონიანი ბომბების გამოყენებით და ამ თემაზე აქტიური საუბრები აქვს ისრაელის მთავრობასთან. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ასევე ცდილობს დარწმუნდეს, რომ ღაზის მოსახლეობას საჭირო ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება.
„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატავდით შეშფოთებას რაფაჰზე სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ რაფაჰი მჭიდროდ არის დასახლებული. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და გამოვხატავთ შეშფოთებას კონკრეტულ ადგილას კონკრეტული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დახმარებას, რომელსაც ისრაელს თავდაცვისთვის ვაწვდით, ეს გაგრძელდება, რადგანაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ისრაელს უნდა ჰქონდეს ის, რაც სჭირდება თავდაცვისთვის“, - განაცხადა ბლინკენმა.