მექსიკის შტატ ნუევო-ლეონში პრეზიდენტობის კანდიდატის ხორხე მაინესის წინასაარჩევნო მიტინგის დროს სცენა ჩამოინგრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემა შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება, რომ შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი (მათ შორის ერთი ბავშვი), სხვადასხვა სახის დაზიანება კი დაახლოებით 50-მა ადამიანმა მიიღო.
მაინესი არ დაშავებულა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ის შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და ჟურნალისტებს შეხვდა. მან აღნიშნა, რომ სცენის კონსტრუქცია ქარის გამო ჩამოინგრა. პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო კამპანიას დროებით წყვეტს და იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტს სათანადოდ გამოიძიებენ.
ხორხე მაინესი ცენტრისტული „სამოქალაქო მოძრაობის“ კანდიდატია. ბოლო გამოკითხვებით, ის პოპულარობით მესამე კანდიდატია. საპრეზიდენტო არჩევნები მექსიკაში 2 ივნისს გაიმართება.