იური ვაზაგაშვილი მებონიას თვითმკვლელობას მისი შვილის მკვლელებთან აკავშირებს

იური ვაზაგაშვილი მებონიას თვითმკვლელობას მისი შვილის მკვლელებთან აკავშირებს

„საქართველოს არწივის“ ხელმძღვანელმა, ყოფილმა სამართალდამცავმა გელა მებონიამ მოსკოვში, საკუთარ სახლში თავი მოიკლა. მებონიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთი ვერსიით, მებონიას თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მებონიამ დიდი რაოდენობით აბები დალია და შემდეგ ვენები გადაიჭრა, ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ყოფილი პოლიციელი მოსკოვში მოღვაწეობდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და ა-ო „საქართველოს არწივი“ დააფუძნა. რამდენიმე თვის უკან კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. გელა მებონიამ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ირაკლი ფირცხალავას მონაწილეობაზე ღიად ისაუბრა. მისივე თქმით, ვაზაგაშვილზე საკონტროლო გასროლა ცააძემ განახორციელა. 

მაშინ მებონია ამტკიცებდა, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე იარაღის ჩადება უშუალოდ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოხდა. ყოფილმა სამართალდამცავმა ასევე ისაუბრა სანდრო გირგვლიანის საქმეში დათა ახალაიასა და ოლეგ მელნიკოვის თანამონაწილეობაზეც და ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილზე, ანუ ოქროყანის სასაფლაოზე ყოფილი მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.

„სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჩვენ ადგილზე აღმოვაჩინეთ 6 ადამიანის ნაფეხური და ეს ყველაფერი ასახულია იმ ოქმში, რომელიც იმ პერიოდში ამ ადგილის დათვალიერებისას დაიწერა. მოგვიანებით კი ეს ოქმი საქმიდან გაქრა. მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ იმ ოთხი ადამიანის გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია, რადგანაც ახალაიას ბრძანების გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. მომხდარის შესახებ კი ინფორმაციას თავიდანვე ფლობდა ვანო მერაბიშვილი, მას ამის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ გურამ დონაძე აწვდიდა“, - აცხადებდა გელა მებონია.

ამ სკანდალური განცხადებიდან, რამდენიმე საათში მებონია პროკურატურამ დაკითხა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გამოძიებაშია, დაკითხვის ოქმის გასაჯაროებას კანონმდებლობა კრძალავს. რა ჩვენება მისცა გამოძიებას მებონიამ, ეს ინფორმაცია არც ვაზაგაშვილის ოჯახისთვის არის ცნობილი.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი არ გამორიცხავს, რომ მებონიას გარდაცვალების მიზეზი კავშირში იყოს, რამდენიმე თვის წინ მის მერ გაკეთებულ განცხადებასთან. როგორც ვაზაგაშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მისი ინფორმაციით ცააძე, რომელსაც მებონიამ ხელი დაადო და დანაშაულში ამხილა, მოსკოვის ომონში მუშაობს.

„ხელს ადებდა ფირცხალავას და ცააძეს. ამბობდა დავამტკიცებ, რომ ორივე შემთვევა იყო განზრახ მკვლელობაო. ის ამბობდა, რომ საკონტროლო გასროლა განახორციელა ცააძემო. დღეს ცააძე იმყოფება მოსკოვში და ჩემი ინფორმაციით მოსკოვის ომონში მუშაობს. შეიძლება საეჭვოც იყოს ამ ადამიანის, ამ ფორმით გარდაცვალების საქმე, მაგრამ მე ამის დატკიცება არ შემიძლია.

ეს არის ჩემი ეჭვი, ამ ვერსიაზეც შეიძლება მუშაობა, ხომ არაა მასზე გასული ცააძე და ფირცხალავა, რადგან მებონია პირდაპირ მათ ადებდა ხელს. ესენი არიან მკვლელები და მკვლელები კი ყველაფერზე მიდიან. იცით, რომ ცააძე იმყოფებოდა პატიმრობაში, მაგრამ როგორც კი გაიგეს, რომ წააგეს არჩევნები, ჩემი შვილის მკვლელმა ხიზანიშვილმა მაშინვე გამოაპარა ის ციხიდან და წავიდა მოსკოვში“, - ამბობს იური ვაზაგაშვილი.