უცნობი ნელსონ მანდელა

უცნობი ნელსონ მანდელა

სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას სახელს არაერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება და რამდენიმე მათგანს ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ნელსონ მანდელა ყმაწვილობის ასაკში ღორებს იპარავდა. ამ ფაქტის შესახებ მან „ოსკარის“, „საუკეთესო უცხოური ფილმის“ ნომინაციაში გამარჯვებულ სამხრეთ აფრიკულ ფილმ „ცოცის“ შემქმნელებს უამბო. სამხრეთ აფრიკაში გადაღებული ფილმის მთავარი გმირი, პატარა განგსტერია და მანდელამ საკუთარი თავი დაინახა ამ ფილმის გმირში. ისიც მასავით ძირითადად ქუჩაში ატარებდა დროს და წვრილმან ხულიგნობებსა და ძარცვებს სჩადიოდა. მანდელამ გაიხსენა, რომ ის და მისი მეგობრები მეზობლებს ღორებს პარავდნენ, კლავდნენ და შემდეგ ხორცს ცეცხლზე წვავდნენ. „ღორები თავისი ფეხით მოდიოდნენ ჩვენამდე, რადგან მოხარშული ლუდისგან დარჩენილ ნალექს ვასხამდით მიწაზე. ღორებს ძალიან უყვართ და მის სუნზე პირდაპირ ჩვენთან მოდიოდნენ“ – იხსენებდა მანდელა. მისი თქმით, ყველა მსოფლიო ლიდერს ბავშვობაში ჩადენილი აქვს მცირე მაგრამ, დანაშაული და მოგვიანებით ყველამ კარგი საქმის კეთებით უნდა გამოისყიდოს ეს დანაშაულები.

ნელსონ მანდელას დიდი უბედურება აქვს გადატანილი შვილებთან დაკავშირებით. მისი უფროსი ვაჟი, მაკგახო მანდელა 2005 წელს, 54 წლის ასაკში „შიდსის“ ვირუსისგან გარდაიცვალა. უმცროსი ვაჟი – ტემბელე მანდელა ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მაგრამ მის დაკრძალვას ნელსონი არ დასწრებია. იმ პერიოდში ციხეში იჯდა და მთავრობამ არ მისცა დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების უფლება. მანდელას სამი ქალიშვილი ჰყავს პირველი ორი ქორწინებიდან. მანდელას ამჟამინდელი, რიგით მესამე მეუღლე, გრასა მაშელი იმით არის გამორჩეული, რომ ის ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელიც ორი ქვეყნის პირველი ლედი იყო. გრასას პირველი ქმარი, მოზამბიკის პრეზიდენტი, სამორ მოიზეს მაშელი იყო.

სამხრეთ აფრიკის მთავრობის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ველური კურდღლები ანადგურებენ კუნძულ რობენს. ეს ის ადგილია, სადაც ნელსონ მანდელამ თავისი 28-წლიანი პატიმრობის დიდი ნაწილი გაატარა. კურდღლები ანადგურებენ კუნძულის ფლორას და ფაუნას, თხრიან გვირაბებს და აზიანებენ იმ ციხის ფუნდამენტს, სადაც მანდელა იჯდა. 1997 წლიდან კუნძულ რობენზე განთავსებული ციხე მუზეუმად გადაიქცა და „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად აღიარეს. ყოველწლიურად კუნძულს ათასობით ტურისტი სტუმრობს. სამხრეთ აფრიკის კულტურის მინისტრი ლულუ კსინგვანუ კურდღლების საკითხის გატანას ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გეგმავს.

2009 წელს ლონდონში გაიხსნა გამოფენა, რომელიც იმ ადამიანებს მიეძღვნათ, რომლებმაც გავლენა იქონიეს თანამედროვე ცნობილ ჰომოსექსუალებსა და ლესბოსელებზე. გამოფენის ავტორები იყვნენ – მომღერალი ელტონ ჯონი, მსახიობი – იან მაკელანი, ჩოგბურთელი – ბილი ჯინ კინგი, მედიამაგნატი და ლორდი – ვაჰიდ ალი, მწერალი – ალან ჰოლინგჰერსტი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კულტურის მინისტრი – ლორდი კრის სმიტი. სექსუალური უმცირესობის ცნობილმა წარმომადგენლებმა გამოფინეს იმ ადამიანების ფოტოები, რომლესაც, დიდი წვლილი მიუძღვით მათი პიროვნებად ჩამოყალიბებაში და გავლენა იქონიეს მათ ცხოვრების არსზე. ყველასათვის მოულოდნელად, მარტინა ნავრატილოვას, პეტრე ჩაიკოვსკის, ამერიკელი გეიპოლიტიკოსის ჰარვი მილკის მხარდამხარ, „გეიხატებად“ წარმოდგენილნი იყვნენ: ნელსონ მანდელა, ლედი დიანა და ვიოლონჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩი. თუ რა სახის გავლენა იქონია ჰეტეროსექსუალმა ნელსონ მანდელამ ელტონ ჯონის და იან მაკელანის პიროვნულობის ჩამოყალიბებაზე, გამოფენის სტუმრებისთვის უცნობი დარჩა.

ნელსონ მანდელა კომიქსების გმირიც გახლდათ. ოთხი წლის წინ სამხრეთ აფრიკულმა გამომცემლობამ დაიწყო ნელსონ მანდელას ცხოვრებაზე აგებული კომიქსების გამოცემა, სადაც მანდელა ბოროტებასთან და უსამართლობასთან მებრძოლ რაინდად არის გამოსახული. კომიქსების პირველი ხუთი ნაწილი მილიონნახევრიანი ტირაჟით დაიბეჭდა და სკოლებში უსასყიდლოდ დარიგდა. კომიქსების გამოცემით იდეის ავტორები აპირებდნენ ბავშვებს ადრეული ასაკიდან გაეცნოთ ნელსონ მანდელას ფენომენის შესახებ.

ჰოლივუდელი ლამაზმანი და წარმოშობით სამხრეთაფრიკელი შარლიზ ტერონი რამდენიმე წლის წინ არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე ვარსკვლავმა აუქციონის სახით ნელსონ მანდელასთან შეხვედრის ორგანიზება გაყიდა. და აღმოჩნდა, რომ ამ ფაქტის შესახებ არც თვითონ მანდელამ და არც მისმა წარმომადგენლებმა არაფერი იცოდნენ. „მანდელასთან შეხვედრის წინ, მსურველმა რთული ბიუროკრატული პროცედურები უნდა გაიაროს, გარდა ამისა, მანდელას წარმომადგენლები არ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ ქალბატონი ტერონი მსგავსი აქციის ჩატარებას გეგმავდა“, – განაცხადა მაშინ „მანდელა ფაუნდეიშენის“ ხელმძღვანელმა აჰმეტ დენგორმა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის გაყიდვის ინიციატორები საღამოს ორგანიზატორები იყვნენ, შარლიზ ტერონი პასუხისმგებლობას არ გაექცა და გადახდილი თანხა ინკოგნიტო მსურველს უკან დაუბრუნა. ამ პიროვნებამ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დახარჯა მანდელასთან შეხვედრისთვის. საინტერესოა, რომ მსგავსი აუქციონი 2007 წელს ინტერნეტ-მაღაზია „იბეიზეც“ იმართებოდა და მაშინ ლოტის – „სადილი მანდელასთან“ საწყისი ფასი 17 ათასი დოლარი იყო.

2009 წლის დეკემბერში მსოფლიოს კინოეკრანებზე გამოვიდა კლინტ ისტვუდის ახალი ფილმი, რომელიც ნელსონ მანდელას ცხოვრების იმ ეპიზოდებს ეხებოდა, როდესაც ის ციხიდან გამოვიდა და გახდა პირველი შავკანიანი პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკის ისტორიაში. ფილმში მთავარ როლებს მორგან ფრიმენი და მეთ დეიმონი ასრულებენ. ფილმის გადაღებების დაწყებამდე, მორგან ფრიმენი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდა ნელსონ მანდელას, რათა უკეთესად გაეცნო ის ადამიანი, რომელიც მას ეკრანზე უნდა განესახიერებინა.