სენატორი ტედ კრუზი ბლინკენს: ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის, ასუსტებს და თავს ესხმის ამერიკის მეგობრებსა და მოკავშირეებს

სენატორი ტედ კრუზი ბლინკენს: ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის, ასუსტებს და თავს ესხმის ამერიკის მეგობრებსა და მოკავშირეებს

21 მაისს, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენებზე, ტეხასის რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მწვავედ გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

„ბატონო მდივანო, თქვენ ხელმძღვანელობთ თანამედროვეობის უმძიმეს საგარეო პოლიტიკურ კატასტროფას. როდესაც ჯო ბაიდენი გახდა პრეზიდენტი, მან მემკვიდრეობით მიიღო მშვიდობა და კეთილდღეობა მსოფლიოში. ახლა ჩვენ გვაქვს ორი ომი ერთდროულად: ყველაზე საშინელი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ყველაზე საშინელი ომი ახლო აღმოსავლეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში. მჯერა, რომ ორივე ომი გამოიწვია ამჟამინდელი ადმინისტრაციის თანმიმდევრულმა სისუსტემ“, - მიმართა სენატორმა სახელმწიფო მდივანს.

ტედ კრუზის თქმით, მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ზუსტად ეწინააღმდეგება იმას, რაც რაციონალური ამერიკული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის.

„ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის მათ, ასუსტებს და თავს ესხმის. ეს ადმინისტრაცია ჩვენი მტრების მიმართ მუდმივად ავლენს სიმშვიდეს და მილიარდობით დოლარი გადაურიცხა ამერიკის მტრებს, რომლებსაც ჩვენი განადგურება სურთ.

ამჟამინდელ ადმინისტრაციას სასოწარკვეთილად სურს ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმება. ირანის დაფინანსება ოფისში ყოფნის პირველივე დღიდან დაიწყეთ და უარი თქვით ნავთობზე სანქციების აღსრულებაზე. შედეგად, ირანი თავისუფლად აფინანსებს ტერორისტებს ახლო აღმოსავლეთში.

თქვენ და პრეზიდენტმა ბაიდენმა დააფინანსეთ ირანის პროქსი "ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმები ისრაელზე 100 მილიარდი დოლარით.

თქვენ ისრაელს მოუწოდეთ არ მოეკლა "ჰამასის" ტერორისტები და შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს განცხადება წაშალა "ტვიტერში".

დღევანდელი მსოფლიო გაცილებით საშიში გახდა თქვენი ადმინისტრაციის გამო და ამერიკელები აღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ“, - აღნიშნა სენატორმა.