The Washington Post-ი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „ზელენსკის მთავარი თანაშემწე ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს, აღიზიანებს კრიტიკოსებს და ბოდიშს არ იხდის“. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერმაკი, რომელსაც თანამდებობის დაკავებამდე არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა უჩვეულოდ დიდ ძალაუფლებას ფლობს.
გამოცემის ჟურნალისტები გაესაუბრნენ უკრაინისა და სხვა ქვეყნების დიპლომატებს. ოლეგ რიაბაჩუკი, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს ადმინისტრაციის თანამდებობაზე მუშაობდა ამბობს:
„ერმაკი და ზელენსკი ისე იშვიათად ჩნდებიან ერთმანეთის გარეშე, რომ ზოგს უჩნდება კითხვა ვინ არის სინამდვილეში ამ დუეტში მთავარი. ერმაკი, მისი მრავალი წინამორბედისგან განსხვავებით ამ პოზიციაზე მთავრობაში მუშაობის გამოცდილების გარეშე მოხვდა. თავიდანვე იმეორებდა მანტრას: „ჩემი ერთადერთი ოცნება და ამბიციაა, ვიყო პრეზიდენტის ჩრდილი, ვიყო ყველგან, სადაც პრეზიდენტს უნდა, რომ ვიყო“. ასე წარმოაჩენს საკუთარ თავს - როგორც „განუყოფელს“, - ამბობს რიბაჩუკი.
ერმაკის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სწორედ მისი ინიციატივით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან ზელენსკის მეგობრები მისი საპროდიუსერო კომპანიიდან, ასევე მთავარსარდალი ზალუჟნი.
„პრეზიდენტს არ აქვს ანტურაჟი. არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს გავლენა პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე. სხვას არავის. ერმაკის გავლენა მონოპოლისტურია“, - განუცხადა გამოცემას უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ამ ვითარებას „ტრაგედიად“ აფასებს.
„ერმაკის სიახლოვემ პრეზიდენტთან და გავლენამ მასზე გამოიწვია ბრალდებები: რომ მან არადემოკრატიულად მიითვისა ძალაუფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხელმძღვანელობდა თანამდებობის პირების „წმენდას“, ზღუდავდა წვდომას ზელენსკისთან და ომის დროს დაამყარა კონტროლი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე.
თუმცა ახლა, პრეზიდენტისა და მისი მთავარი მრჩევლის ლეგიტიმაცია უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგება, რადგან ზელენსკის 5-წლიანი ვადა სრულად ამოიწურება 20 მაისს. უკრაინის კონსტიტუცია სამხედრო მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარებას კრძალავს. მაგრამ თანამდებობაზე დარჩენით ზელენსკი უფრო მოწყვლადი გახდება იმ ბრალდებებისადმი, რომ ომი დემოკრატიის დასაშლელად გამოიყენა - დაამყარა კონტროლი მედიაზე, ჩამოიცილა კრიტიკოსები და მოწინააღმდეგეები და საჯარო მოხელეებსა და დიპლომატებზე მაღლა დააყენა ერმაკი - თავისი მეგობარი, რომელიც მოსახლეობას არ აურჩევია“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორები წერენ, რომ ამ ბრალდებების ნაწილი უდავოა და აღნიშნავენ, რომ რუსეთი ამას ნამდვილად გამოიყენებს. მათივე თქმით, მოსკოვის მიერ მსგავსი ბრალდებების გაჟღერება თვალთმაქცობა იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე აუარა გვერდი საარჩევნო ვადების ლიმიტს, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყო.
„თუმცა რუსეთი ათწლეულებია ცდილობდა უკრაინაში შიდა დაპირისპირების დათესვას, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. ექსპერტები ამბობენ, რომ კრემლი არ გაუშვებს ხელიდან შანსს გამოიყენოს ბრალდებები, რომ ზელენსკი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. და არავინ წარმოადგენს ზელენსკის ოფისში ძალაუფლებას ერმაკზე მეტად“, - წერია სტატიაში.
უკრაინის ხელისუფლების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზელენსკისადმი ნდობა მცირდება, „რადგან ერმაკის ქმედებები გამუდმებით აისახება პრეზიდენტზე“. ჟურნალისტები 10-ზე მეტ უცხოელ დიპლომატს და უკრაინის ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელსა და კანონმდებელს ესაუბრნენ. მათი თქმით, მისი მხარდამჭერებიც კი აღიარებენ, რომ მას უჩვეულო დიდი ძალაუფლება აქვს.
„კრიტიკოსები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ზელენსკის მრჩეველთა წრე შევიწროვდა, ერმაკი ერევა სამხედრო გადაწყვეტილებებში და აწარმოებს მოლაპარაკებებს საკვანძო პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როცა ეს პრეზიდენტის ამოცანა უნდა იყოს.
უკრაინელი და დასავლელი დიპლომატების ნაწილი ამბობს, რომ ეჭვები პრეზიდენტის უახლოეს მრჩეველთან დაკავშირებით ძირს უთხრის ზელენსკის ავტორიტეტს და აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის სინამდვილეში პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე: ზელენსკი თუ მისი ლეიტენანტი“, - აღნიშნულია სტატიაში.
თავად ერმაკი კი ამტკიცებს, რომ ძალაუფლება ზელენსკის ხელშია. „ის ყველას უსმენს. მაგრამ საკუთარი აზრი აქვს“, - აცხადებს ერმაკი.