ირანის მთავრობა ქვეყნის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, განცხადებაში მინისტრთა კაბინეტი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის „შრომისმოყვარე და დაუღალავ პრეზიდენტად“ მოიხსენიებს, რომელიც ირანის ხალხს ემსახურებოდა, რათა ქვეყანაში განვითარება და პროგრესი მოეტანა.
„ის ასრულებდა თავის პირობას და საკუთარი სიცოცხლე ერს შესწირა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მთავრობაში ასევე აღნიშნავენ, რომ ავიაკატასტროფა ქვეყნისა და ადმინისტრაციის მუშაობაში შეფერხებებს არ შეიტანს.
ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.