ალექსანდრე ჭიკაიძე ამერიკის ელჩს შეხვდა

ალექსანდრე ჭიკაიძე ამერიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბრიჯეტ ბრინკი, რეგიონული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმ ჰაინი, სამართლებრივ ატაშეთა ოფისის ხელმძღვანელი დამიან ბრიკო, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში აარონ ფიშმანი, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯულია კლაუსი და ამერიკის საელჩოს სხვა წარმომადგენელები.

შეერთებული შტატების ელჩმა ალექსანდრე ჭიკაიძეს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივ ურთიერთობებზე.
მინისტრი აგრეთვე შეეხო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და აღნიშნა, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ ბარიერების ხელოვნურად აღმართვა აუარესებს როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს აშშ–სა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების და კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.