ირანის უზენაესმა ლიდერმა ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 ადამიანი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, სახელმწიფო მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებაში აიათოლა ალი ხამენეი დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს და ადასტურებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას დღეიდან ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი ხელმძღვანელობს.
ამასთან, ქვეყანაში 7 დღით აიკრძალა ყველა კულტურული და ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობა.
ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი იმყოფებოდნენ 19 მაისს ჩამოვარდა, როცა ირანის დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი 20 მაისის დილას აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.