დედამიწა მალე უჩინარი გახდება

დედამიწა მალე უჩინარი გახდება

ციფრული რევოლუცია და თანამგზავრული ტელეხედვის გავრცელება კაცობრიობას სულ უფრო და უფრო უჩინარს ხდის სხვა პლანეტებზე დასახლებულ ცნობისმოყვარეთათვის.

ეს, შეიძლება, კარგი ამბავიც იყოს მათთვის, ვისაც უცხოპლანეტელთა შემოსევების ეშინია, თუმცა, მეცნიერებისთვის ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან არამიწიერი გონების ძებნა დედამიწის სწავლულებისთვის მნიშვნელოვნად რთული გახდება, – განაცხადა ამერიკელმა ასტრონომმა და ასტროფიზიკოსმა, დოქტორმა ფრენკ დრეიკმა.

საქმე ისაა, რომ ციფრული ტექნიკის რადიოსიგნალი გაცილებით სუსტია, ვიდრე ანალოგიური სხვა მოწყობილობების. ადრე რადიოგამოსხივებები დედამიწიდან, შეიძლება, 50 სინათლის წლის მანძილზე დაფიქსირებულიყო. ძველი ტელევიზორები გენერირებდნენ თითქმის მილიონ ვატს. არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებისთვის ასეთი სიმძლავრის სიგნალების აღმოჩენა გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე უფრო სუსტი, ციფრული სიგნალებისა, რომელზეც თანდათან გადადის ტელეხედვა, რადიო და რადარები.

„თუკი ასე გაგრძელდება, ძალზე მალე ჩვენი სამყაროს დანახვა შეუძლებელი იქნება“, – ამბობს დრეიკი, რომელიც არამიწიერი ცივილიზაციის ძებნის პროექტის „სეთის“ პიონერია.

მან 50 წლის წინ დაიწყო უახლოესი ვარსკვლავებიდან წამოსული რადიოსიგნალების ძებნის პირველი ექსპერიმენტების ჩატარება. მანვე ივარაუდა, რომ ამ ვარსკვლავებს, შესაძლოა, ჰქონოდათ დასახლებული პლანეტები – „ტაუ კიტა“ და „ეფსილონ ერიდანა“. მანვე შექმნა აგრეთვე არამიწიერი ცივილიზაციების რიცხვის გამოთვლის ფორმულა, რომელსაც მისივე სახელი ეწოდა.

დრეიკი ახლა მთელ მსოფლიოში სიცოცხლის არსებობის კვლევების ცენტრის დირექტორია და არამიწიერი წარმოშობის ოპტიკური სიგნალების ძებნითაა დაკავებული, მუშაობს აგრეთვე „სეთისათვის“ რადიოტელესკოპების პროექტებზე.