ახალაიას ადვოკატი სახელმწიფო მბრალდებელს ანგარიშსწორებით ემუქრება

ახალაიას ადვოკატი სახელმწიფო მბრალდებელს ანგარიშსწორებით ემუქრება

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე. სასამართლომ მხოლოდ ბაჩო ახალაია გაამართლა, მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ კი განაჩენში ცვლილება შევიდა. მოსამართლის, კახაბერ მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს თანამდებობის დაკავების უფლება 3 თვის ვადით აეკრძალა.

თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებულ ალექსანდრე გორგაძესა და ზურაბ შამათავას სააპელაციო სასამართლომ განაჩენი შეუცვალა, შამათავა და გორგაძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და ისინი სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს და ე.წ. მატროსვის ციხეზე გადაიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გორგოძეს და შამათავას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა, ამნისტიით 1/4-ით შეუმცირდათ და საბოლოოდ სასჯელად 3 წელი 9 თვე განესაზღვრათ. მათ ასევე 9 თვის განმავლობაში საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალათ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც მას, პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს.

ბაჩო ახალაიასთან ერთად აღნიშნულ ეპიზოდებში ბრალდებულების - გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის საქმეები განიხილებოდა, თუმცა მათგან დარასელია და კინწურაშვილი მიმალვაში არიან და შესაბამისად, პროცესს არ ესწრებოდნენ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსანდრე გორგაძისა და ზურაბ შამათავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. დაკავებულების ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება და დაცვის მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ის მუხლები, რითაც გორგაძე და შამათავა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს, უზენაესი სასამართლოს მხრიდან დაკვალიფიცირდება.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის დანაშაული, რომელიც სააპელაციო სასამართლომ შამათავასა და გორგაძეს შეუფარდა, რეალური არ არის და უზენაესი სასამართლოს მხრიდან შეიცვლება. სირცხვილია, როცა ორ გმირს აპატიმრებენ პოლიტიკური მოტივით იმ პირობებში, როდესაც კრიმინალების 80 პროცენტი გაათავისუფლეს.

აქ საუბარი არ არის სამართლებრივ საკითხზე, მიუხედავად პროკურატურის არაერთი მცდელობისა, ბაჩო ახალაია კვლავ გამართლდა ყველა ბრალდებაში. ერთადერთი, რასაც პროკურატურამ მიაღწია, არის ის, რომ 2008 წლის ორი გმირი, რომლებსაც პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ და იყვნენ საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცები, დააკავეს. ესენი არიან ადამიანები, ერთს - 2008 წელს, ერთი წუთით არ დაუტოვებია ბრძოლის ველი, მეორე კი არის სერჟანტი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართველი ბიჭების ბრძოლას 2008 წელს“, - აცხადებს ადვოკატი.

სასამართლო დარბაზში დაკავების შემდეგ განაცხადება გააკეთეს დაკავებულებმა. როგორც შამათავამ აღნიშნა, მისთვის სასამართლოს გადაწყეტილება მოულოდნელი იყო. ხოლო ალექსანდრე გორგაძის განცხადებით, იგი ემსახურება საქართველოს, თუმცა ამიერიდან - 3 წელი ციხეში.

„რა განაჩენი იყო და როგორი სამართლიანი იყო ეს ხალხმა გადაწყვიტოს და 22 ათასმა ჯარისკაცმა, რომელმაც იცის მე რა გამიკეთებია ამ სტრუქტურაში“, - აღნიშნმა ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ კი პროკურატურას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცა. როგორც მან გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პროკურატურამ ორი გმირი დააკავა, რაც მისთვის „მისალოცი ამბავია“.

„დაიჭირეს ვიცე-პოლკოვნიკი შამათავა და სერჟანტი გორგაძე. პროკურატურას ვულოცავ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიგი კალანდაძემ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 387-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფას. კალანდაძე აპირებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო მბრალდებელს, ირაკლი ნადარეიშვილს. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით აღადგინა დაზარალებულების შელახული უფლება. ნადარეიშვილმა for.ge-ს კითხვებს უპასუხა.

სასამართლომ ბაჩო ახალაია გაამართლა, თუმცა, მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ განაჩენში ცვლილება შევიდა. ბატონო ირაკლი, რატომ ვერ შეძლო ბრალდების მხარემ ახალაიასთვის დანაშაულის დამტკიცება?

ირაკლი ნადარეიშვილი: ბაჩანა ახალაიას მიმართ არ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა მოსამართლემ. როგორც კი ავიღებთ ამ განაჩენის სრულ ვერსიას, ვნახავთ სამოტივაციო ნაწილს, რამდენად დასაბუთებული იყო და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.

ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებაში დაბრუნდა რწმენა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში მოახერხა და დაამტკიცა ბრალდებები გარკვეულ ნაწილში. დაცვის მხარემ ვერ შეძლო სრულად მოეხვია თავზე სასამართლოსთვის მის მიერ შეთხზული ვერსია, რაც განახორციელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის გიორგი დარახველიძის შემთხვევაში. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს, რომელშიც სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ჩვენ გავეცნობით განაჩენის დასაბუთებას და ამის მერე იქნება გადაწყვეტილება მიღებული გასაჩივრდება თუ არა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

რაც შეეხება შამათავას და გორგაძის დაკავებას, დაცვის მხარის განცხადებით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მესმის, რომ თქვენ როგორ პროკურორი პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებთ, მაგრამ რამდენად მყარი და არგუნეტირებული იყო ბრალდების მხარის არგუმენტები?

- რა თქმა უნდა, არგუმენტირებული იყო და იმიტომაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მინდა გითხრათ, რომ საკმარისი მტკიცებულებები იყო მათ მიმართ. რაც შეეხება კალანდაძეს, მას 387-ე მუხლით მიესაჯა 3 თვით თავისუფლების შეზრუდვა. მოსამართლის განმარტებით მას შეეხო ამნისტია და განთავისუფლდა სასჯელის მოხდისგან. ეს არ ნიშნავს გამართლებას, ეს ნიშნავს, რომ მის მიმართაც დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.

ეს ხომ ცალკე ეპიზოდი არ იყო, ეს უნდა განხილულიყო ერთ ეპიზოდში. თავისთავად საინტერესო იქნება სასამართლოს დასაბუთება, რატომ გამტყუნდა ეს 3 ბრალდებული და არ გამტყუნდა ბაჩო ახალაია, როდესაც ერთი და იგივე დანაშაულზე იყო ლაპარაკი. ამ ნაწილით გავასაჩივრებთ აღნიშნულ განაჩენს.

ბატონო ირაკლი, რამდენიმე დღის წინ გააკეთეთ განცხადება, რომ ახალაიას დაცვის მხარისგან თქვენზე ხორციელდებოდა მუქარა. ვინ დაგემუქრათ და რა იყო ამ მუქარის შინაარსი?

- შეგიძლიათ ადვოკატ საჯაიას დასკვით სიტყვას მოუსმინოთ და ყველაფერი ნათელი იქნება. დასკვნითი სიტყვა აგებული იყო არა ბრალდებულების დასაცავად, არამედ შეურაცხყოფას გვაყენებდა ბრალდების მხარეს და ბოლოს გვემუქრებოდა ანგარისწორებით, თითქოს, ჩვენ ჩავსხდებით მათ მაგივრად ციხეში და ა. შ.

ამას იღებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“, შესაბამისად, ჩემი კომენტარიც ზედმეტია, ამ ჩანაწერში შეგიძლიათ ნახოთ, რას ამბობს ადვოკატი.

ხომ არ აპირებთ რეაგირებისთვის მიმართოთ ადვოკატთა ასოციაციას?

- არა. როდესაც ადვოკატი ასეთი მუქარის ტექსტით მიმართავს მეორე მხარეს, ერთია, რომ არღვევს საპროცესო კანონმდებლობას და მეორეა, რომ არღვევს თვითონ ადვოკატთა ეთიკის კოდექსს, ასეთ ფაქტზე რეაგირება თვითონ ადვოკატთა ასოციაციამ უნდა მოახდინოს.