საქართველოს მთავრობის ინიციატივით იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გეგმაში დეტალურად გაიწერება, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ამ მიზნის მისაღწევად და რა ვადებში მოხდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერის განცხადებით, თავად ამ გეგმის შედგენის პროცესიც იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული. მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგი ესწრებოდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, როდესაც მთავრობას ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველასთვის უფრო ნათელი გახდება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ნამდვილად გვსურს საქართველოში დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და ავაშენოთ რეალურად მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები.
„ჩვენ ამას ვაკეთებთ უცხოელ მეგობრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბატონ თომას ჰამარბერგს, ყველა ჩვენს მეგობარს ამ დიდ საქმეში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ჩვენს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო. წინა ხელისუფლებამ თავის პრიორიტეტად დაისახა ქვეყნის მოდერნიზაცია, რომელმაც ბევრი რამ შეიწირა, მაგრამ ყველაზე მეტად - სწორედ ადამიანის უფლებები.
მსოფლიო შეძრა პატიმრების წამების კადრებმა და ეს იყო დანაშაული, რომელიც თავად წინა ხელისუფლებამ სისტემურ ჩავარდნად აღიარა. განსაკუთრებული სისასტიკით ხდებოდა მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევა, მასობრივად ხდებოდა საკუთრების წართმევა, მიმდინარეობდა ადამიანების პირადი ცხოვრების ტოტალური კონტროლი, ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებდა ნაციონალურ მაუწყებლებს, არჩევნების დროს, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობდნენ და აშინებდნენ მოსახლეობას, სასამართლო იღებდა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს.
ქვეყანაში იყო უმძიმესი სოციალური ვითარება, რომელთან გამკლავებაც დღესაც ყველაზე რთულ ამოცანად რჩება. ეს არის მოკლედ ის მძიმე სურათი და ვითარება, რომელიც ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ დაგვხვდა. აი, ასეთი ქვეყანა გადმოვიბარეთ ჩვენ და ერთი ხელის მოსმით ამის გამოსწორება შეუძლებელია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ახალმა მთავრობამ გაცილებით იმაზე მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.
„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც გაათავისუფლა სასამართლო, ჩვენ არ ვერევით სასამართლო პროცესებში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსამართლე რეალურად დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი წნეხისგან. მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ, არ არსებობს არცერთი მაუწყებელი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ჰქონდეს ეჭვი, რომ ის ხელისუფლების რუპორია. მთლიანად აღვკვეთეთ წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში, საკუთრება დაცულია, ვუფრთხილდებით პირადი ცხოვრების უფლებას.
ამის დასტურია ის, რომ რამდენიმე თვის წინ, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით, საჯაროდ იქნა განადგურებული ათასობით საჯარო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მათ შორის, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირების შანტაჟსა და დაშინებას ემსახურებოდა. დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ საქართველოში ცხოვრების“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ დღევანდელი ევროპა ეს სწორედ ადამიანის უფლებებია. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, დღევანდელ ხელისუფლებას საკმარისზე მეტი მწარე გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების შეცდომები აღარ დაუშვას.
„უნდა გავიაზროთ, რომ თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ დღევანდელი ევროპა ეს სწორედ ადამიანის უფლებებია. თუ ევროპა არის ჩვენი ორიენტირი და მოგვწონს ის, როგორც ევროპა ცხოვრობს და რაც ევროპაში ხდება, ეს არის შედეგი ზუსტად იმის, რომ ადამიანი არის ცენტრალური ღირებულება და შესაბამისად, ადამიანის უფლებებით არის შეზღუდული ყველა ხელისუფლება, ყველა დონის, ყველა შტოს, ყველა მიმართულების ხელისუფალი. დროა, ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტება რეალობად ვაქციოთ საქართველოში“, 0- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონფერენციაზე ძირითადი მოხსენება წარმოადგინა საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგმა. როგორც ჰამერბერგმა აღნიშნა, არსებობს საჭიროება, წარსულის გამოსწორება სისტემურად მოხდეს და წარსულში ჩადენილი შეცდომები თავიდან უნდა ავიცილოთ.
„რთული პოზიციაა, რომ უცხოელმა ადამიანმა სწორად გააცნობიეროს რა ხდება ქვეყანაში. ყველაზე მთავარ პრობლემად მიმაჩნია, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელებსა და სახელმწიფო მმართველობას შორის არ არსებობდა გამყოფი ხაზი და ეს უნდა არსებობდეს. ვიღებდი საჩივარს მოქალაქეებისგან, სწორედ ამ კუთხით. არსებობდა თვალთვალის სისტემა და პირადი ცხოვრების უფლება დაცული არ იყო. არსებობს საჭიროება წარსულის გამოსწორება სისტემურად მოხდეს და წარსულში ჩადენილი შეცდომები თავიდან უნდა ავიცილოთ“, - განაცხადა თომას ჰამარბერგმა.
მისივე განცხადებით, სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება პენიტენციალურ სისტემაში. თუმცა, ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ არსებობს ე.წ. ქურდების ინსტიტუტი, რომელიც ცდილობს სიტუაციის გაკონტროლებას. აქვე ჰაბერბერგმა აღნიშნა, რომ წინა წლებში პენიტენციალურ სისტემაში არსებობდა სერიოზული პრობლემები, ციხეები გადატვირთული იყო და ასევე არსებობდა ძალადობის ფაქტებიც.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ციხეებში კი ე.წ. კრიმინალური კულტურის საბოლოოდ აღმოფხვრას რამდენიმე თვეში ვარაუდობს. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს, რომლის მშენებლობაც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, მთავარი დაპირება, რომ პენიტენციური სისტემა გახდებოდა ადამიანური, უკვე შესრულებულია.
„იმისთვის, რომ მანკიერი ტრადიცია, რაც საუკუნეების განმავლობაში მოსდევს პენიტენციურ სისტემას, სრულად აღმოიფხვრას, საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურის აშენება და გაუმჯობესება, რომელზეც დაჩქარებული ტემპით ვმუშაობთ. ეს საბოლოოდ გამოიწვევს ამ კრიმინალური კულტურის მიმდევრების განცალკევებას სხვა ტიპის მსჯავრებულებისაგან, რაც სწორედ ციხეებში ამ კულტურის საბოლოო აღმოფხვრის მანიშნებელი იქნება. ციხეებში ეს პრობლემა ყოველთვის იყო, დღეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე - ადრე. თუმცა, საბოლოოდ აღმოფხვრა მოხდება მაშინ, როცა ინფრასტრუქტურა ბოლომდე გაიმართება, აქამდე კი დარჩენილია მხოლოდ თვეები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ჰამერბერგის განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თომას ჰამარბერგს ახალი არაფერი არ უთქვამს, სახალხო დამცველის განმარტებით, ქურდული სამყარო არსებობს და მისი ადგილი ციხეშია.
„ის, რომ ქურდული სამყარო არსებობს და მისი ადგილი პენიტენციალურ სისტემაში ეს ახალი არ არის და ამით ჰამერბერგს ახალი არაფერი არ უთქვამს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
„ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესებულია, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს“, - აცხადებს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე რომლის განცხადებით, არსებობს პრიორიტეტები, რომელიც ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში გათვალისწინებული უნდა იყოს.
„თუ ავიღებთ ზოგად სურათს, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით სიტუაცია აშკარად უმჯობესდება. თუ შევადარებთ ორი წლის წინანდელ და ახლანდელ მდგომარეობას, ძალიან ბევრი მიმართულებით პროგრესი არის ნათელი და ცალსახა.
ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ არსებობს, ცხადია, არსებობს და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ იქმნება ადამიანის უფლებათა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. არსებობს განსაკუთრებული პრიორიტეტები, რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი - ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლო რეფორმის სწორად წარმართვა. ასევე მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვა და დისკრიმინაციის აკრძალვა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.