ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრესული მოვლენები, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა ან განქორწინება, ადამიანს დემენციის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს. ეს იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მოვლენა მოხდება ბავშვობაში ან შუახნის ასაკში.
კვლევა, რომელიც Annals of Neurology-ში გამოქვეყნდა, 1 290 ადამიანს მოიცავს. მკვლევრებმა შეისწავლეს 18 სტრესული ცხოვრებისეული მოვლენა და როდის მოხდა ეს მათ ცხოვრებაში.
მკვლევრებმა მონაწილეებისგან ზურგის სითხის ნიმუშები აიღეს. მათ ამით სურდათ გამოეკვლიათ ცილები სახელწოდებით ამილოიდი და ტაუ, რომლებიც ასოცირდება ალცჰაიმერის დაავადებასთან.
ისინი ტვინის ანთების ნიშნებსაც ეძებდნენ, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ხელს უწყობს დაავადებას. ასევე გამოიკვლიეს ნაცრისფერი ნივთიერების მოცულობა. ნაცრისფერი მატერია გადამწყვეტია აზროვნებისა და ინფორმაციის დასამუშავებლად. ის ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში მცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა ბავშვობაში და შუახნის ასაკში სტრესული მოვლენები ალცჰაიმერის (არანორმალური ამილოიდი და ტაუ) ბიოლოგიურ მარკერებთან დააკავშირეს, მათ ვერ აღმოაჩინეს იგივე კავშირი ნაცრისფერი მატერიის შემცირებასთან.
ეს შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ ბავშვობა და შუახნის ასაკი არის პერიოდები, სადაც სტრესის ზემოქმედება ქიმიკატებისა და თავის ტვინის რეაქციების თვალსაზრისით განსაკუთრებით ძლიერია.
ბავშვობა ტვინის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დროა და მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამ დროს სტრესს შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი, მათ შორის ალცჰაიმერის რისკის ზრდის მხრივაც. მეორე მხრივ, შუახნის ასაკი ის პერიოდია, რა დროსაც ტვინში ალცჰაიმერის ბიომარკერების დაგროვება იწყება.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ფსიქიატრიული აშლილობის ისტორიის მქონე პირებში. ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ეს პირები უფრო მგრძნობიარენი არიან სტრესის უარყოფითი შედეგების მიმართ.
დასასრულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს მიზეზები, თუ რატომ ვითარდება კონკრეტულ ინდივიდებში ალცჰაიმერი.