როგორ დავიმორჩილოთ ემოციები

როგორ დავიმორჩილოთ ემოციები

თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა ადვილია? გაბრაზებული ყვირილზე გადადიხართ თუ ტირილს იწყებთ? როგორ შეინარჩუნოთ თავშეკავებულობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოჯახში, სამსახურში? ისწავლეთ ემოციების მართვა და ცხოვრება ბევრად უფრო გაგიადვილდებათ.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც კინკლაობის პროვოცირებას პროფესიულად ახდენენ, შეუძლიათ, ადამიანი წონასწორობიდან ოსტატურად გამოიყვანონ და ამისთვის ხალხმრავალ ადგილებს ირჩევენ. ისინი ენერგოვამპირები არიან. მათი მსხვერპლი რომ არ გახდეთ, მათთან კონტაქტს თავი აარიდეთ, კამათში არ აჰყვეთ, თვალებში არ შეხედოთ. ადამიანთა შეჯგუფების ადგილზე არ დაუშვათ, რომ უცხო ადამიანი უკნიდან ძლიერ ახლოს 10–15 სმ–ში დაგიდგეთ.

მაშინაც კი, თუ აღელვებული ხართ, ფამილარულ და უხეშ გამოთქმებს მოერიდეთ. საკუთარ მეტყველებას თვალყური რომ ადევნოთ, ჩვეულებრივზე უფრო ნელა ილაპარაკეთ. ამგვარად, კონფლიქტის გაღვივებას არ დაუშვებთ და თქვენს სიტყვებს მეტი ფასი ექნება.

წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურება სიტუაცია სხვა ადამიანის პოზიციიდან. დაფიქრდით, ზედმეტად ეგოისტურად ხომ არ იქცევით? თუ იგვიანებთ, ამ დროს კი თქვენ წინ გზაზე ვიღაც დინჯად მიაბიჯებს, რატომ ხდით ვალდებულს, ფეხს აუჩქაროს? ნუ დაივიწყებთ, რომ გარშემომყოფებს უფლება აქვთ, თქვენი თხოვნა არ შეასრულონ. თუ ვინმეს შენიშვნას აძლევთ, მასში კეთილმოსურნეობა უნდა ჩანდეს. შეიძლება, ადამიანი, რომელმაც გაგაღიზიანათ, ვერ ხვდება, რომ სხვაგვარად მოქცევა შესაძლებელია. მაგალითად, ადამიანს, ქალბატონების თანდასწრებით უხამს ანეკდოტს რომ ყვება, ბოროტი განზრახვა არ აქვს, უბრალოდ აღზრდა აკლია. თქვენმა შენიშვნამ გარშემომყოფები არ უნდა შეურაცხყოს.

ბევრი ადამიანი სამსახურში ემოციებს მარტივი გზით უმკლავდება – მათ ახშობს, მაგრამ გულისწყრომის ან დაღონების დათრგუნვა არ ღირს. საქმე ისაა, რომ ჩახშობილი გრძნობები არ ქრება, არამედ თანდათან გროვდება და ცხოვრებას წამლავს: შფოთვას ამაღლებს, დეპრესიას ან ფსიქოსომატურ დაავადებებს იწვევს.

საბედნიეროდ, საკუთარი ემოციების გაკონტროლების უფრო ეფექტური საშუალებებიც არსებობს. როგორ მოიქცეთ, თუ შიგნით ყველაფერი დუღს, მაგრამ საჭიროა სამუშაოზე ყურადღების მოკრება, კოლეგებთან ურთიერთობა? ეცადეთ, თქვენი გრძნობა არ ჩაახშოთ, არამედ სხვაზე, მოცემული სიტუაციისათვის უფრო შესაფერისზე გადართოთ. რა თქმა უნდა, კოლეგაზე განაწყენებულს გაგიჭირდებათ, მის მიმართ კეთილმოსურნეობა გამოამჟღავნოთ. ამიტომ, პირველ რიგში, უარყოფითი გრძნობები ნეიტრალურით, მაგალითად, გაკვირვებით შეცვალეთ. ემოციები მიმიკებით გამოხატეთ: წარბები აზიდეთ, თვალები ფართოდ გაახილეთ, თანამოსაუბრეს ყურადღებით შეხედეთ და თქვით: "ნუთუ?" ან "ასე რატომ ფიქრობთ?". ასეთი გადართვა თქვენს უარყოფით ემოციას დროებით მიაყუჩებს. შემდეგ მასზე უნდა იმუშაოთ, სიტუაცია გააანალიზოთ, სახელდობრ, რომელმა სიტყვამ ან მოქმედებამ გამოგიყვანათ წონასწორობიდან. დაბოლოს, შეურაცხმყოფელის მიმართ პრეტენზიები კორექტულად ჩამოაყალიბეთ.

თუ ემოციებს ვერ უმკლავდებით, მობილური გამოიყენეთ. დერეფანში გადით და უსიამოვნო საუბარი ტელეფონით გაითამაშეთ. ვერავინ მიხვდება, რომ მკაცრი რეპლიკები სინამდვილეში კოლეგის მიმართ არის გამოთქმული.

კოლექტივში ასეთი წესი შემოიღეთ: თუ რომელიმე თქვენგანი ცუდ ხასიათზეა, თავის მაგიდაზე პატარა ალამი უნდა გამოფინოს სახუმარო წარწერით: "არ მიუახლოვდეთ – მოგკლავთ!". ასეთი გაფრთხილება არაფრისმომცემ კონფლიქტებს თავიდან აგაცილებთ.