დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დამოკიდებულება არის ის სფერო, რომლითაც ყველაზე მკაფიოდ ჩნდება, რა გზას ადგას სახელმწიფო.
ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდამჭერ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანია, ჩვენმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებმა სახელმწიფოსგან ყურადღება, მხარდაჭერა იგრძნონ. ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, მათ განსაკუთრებული არაფერი სჭირდებათ, მხოლოდ, თანაბარ პირობებში იყვნენ, როგორც სხვა, ჩვეულებრივი მოქალაქეები. თავდაცვის სამინისტროში სპეციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული დაჭრილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეომრების მხარდაჭერისათვის და ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს იყო ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბევრი რამ გავიგე, რის განხორციელებასაც, ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შევეცდებით თავდაცვის უწყებაში და შეიარაღებულ ძალებში. ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული პარაოლიმპიურ კომიტეტთან და მებრძოლები, დაჭრილი ვაჟკაცები სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებენ. გარდა ამისა, უკვე დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენს ქვედანაყოფებში, სხვადასხვა ბაზაზე, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანს ბაზაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ქონდეს. რაც მთავარია, ასევე დავგეგმეთ და მომავალ წელს განვახორციელებთ პროგრამას, რათა ყველა ამპუტირებული ჯარისკაცის სრული რეაბილიტაცია და აშშ-ში უახლესი თაობის პროტეზირება მოხდეს, რის შემდეგაც ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ ქვეყანასა და სამსახურებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.