ცოტა ხნის წინ ამერიკულმა გამოცემამ „National Enquirer“ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ოკეანისგაღმელი ჟურნალისტების მტკიცებით, ცნობილ კინომსახიობ ჯულია რობერტსს ბავშვობაში საკუთარი მამობილი სძულდა და ეშინოდა.
ცნობილი გახდა, რომ მაიკლ მოუტსი ალკოჰოლს ეტანებოდა და მისი ცუდი ხასიათის გამო მსახიობის ოჯახი ნამდვილ კოშმარში ცხოვრობდა. ჯულია ამ თემაზე საუბარს დღემდე ერიდება. თუმცა, ამის შესახებ ტაბლოიდს უცნობმა ადამიანმა უამბო.
ირკვევა, რომ მოუტსმა რობერტსის დედა, ბეტი ცოლად 1972 წელს მოიყვანა და მასთან 1983 წლამდე იცხოვრა.
„მოუტსი საზიზღარი ადამიანი იყო. როდესაც გამოთვრებოდა ჩხუბის ხასიათზე დგებოდა და საქმის გარჩევას ბეტისთან და ბავშვებთან იწყებდა. ერთხელ მან ჯულიას ვოლკმენი კედელს ესროლა და დალეწა. ჯულია მეგობრებთან ღამის გასათევად ხშირად რჩებოდა, რომ მამობილთან შეხვედრა აერიდებინა“.
ამასთან მაიკლი არ მუშაობდა და ოჯახის რჩენა ბეტის უწევდა. მართალია, მსახიობი მამობილზე ლაპარაკს გაურბის, თუმცა, მისი ძმა, ერიკი ბავშვობის ამ არასასიამოვნო მომენტებს დაუფარავად ყვება.
„ყველამ იცის სადაც გავიზარდეთ. მოუტსი ამაზრზენი ტიპი იყო. ის მატერორებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. ის ჩემს დებსაც სწორედ ასე ექცეოდა“, - იხსენებს ერიკ რობერტსი.