კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ ქვეყნის შიგნით კორუფციის დაძლევაც, რათა რუსეთს არ დაემსგავსოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ბლინკენმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, გააგრძელონ რეფორმების გატარება, რათა მათ ხელშესახები გავლენა მოახდინონ ადამიანების ცხოვრებაზე.
„ეს ნიშნავს კორუფციის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრას. ბრძოლის ველზე გამარჯვება უკრაინას საშუალებას მისცემს, არ გახდეს რუსეთის ნაწილი. კორუფციის წინააღმდეგ ომში გამარჯვება უკრაინას საშუალებას მისცემს, არ დაემსგავსოს რუსეთს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი ცდილობს გამოიყენოს უკრაინაში კორუფცია უთანხმოების დასათესად და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, „ათიდან რვა უკრაინელი მაინც მიიჩნევს, რომ არსებობს კანონი ელიტებისთვის და კანონი ყველა დანარჩენისთვის“.