თბილისის ბაღებში „დიდი არდადეგები“ ცხადდება

თბილისის ბაღებში „დიდი არდადეგები“ ცხადდება

„ერთი თვე ძალიან დიდი დროა, გამიჭირდება ბავშვების შენახვა უბაღოდ. ზაფხულში სოფელში მიგვყავს ხოლმე. ვმუშაობ, მაგრამ დაბალი ხელფასი მაქვს და ძიძის აყვანაც მიჭირს. ვერც სამსახურიდან და ვერც ფინანსურად შევძლებ ზამთარში ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლას,“- ამბობს for.ge-სთან საუბრისას ცირა წიკლაური. ის ვარკეთილში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაჰყავს და სამსახურიდან გამოსვლამდე მათ გახანგრძლივებულ ჯგუფშიც ტოვებს.

ცირას მსგავსად პრობლემა თბილისში ბევრ მშობელს შეექმნება - საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ გადაწყვიტა, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში, დაახლოებით, ერთთვიანი არადდეგები გამოაცხადოს.

საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, სკოლის მოსწავლეების მსგავსად, 24 დეკემბრიდან 20 იანვრამდე პერიოდში დაისვენებენ.

„ჩვენ, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტროს ზამთრის დასვენების გრაფიკზე „დავსხედით“. ქვეყანაში, ზოგადად, განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი განათლების სამინისტროა და, შესაბამისად, რადგან სკოლები ისვენებენ, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ბაღებმაც დაისვენონ“, - აცხადებს რამაზ სულამანიძე.

საყურადღებოა, რომ ბაღების მართვის სააგენტო თბილისის მერიის დაქვემდებარებული უწყებაა და განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, თუნდაც დასვენების გრაფიკის უპირობო შესრულება არ ევალება. თანაც საბავშვო ბაღები განათლების სამინისტროს გრაფიკით სხვა დროს არდადეგებს არ აცხადებდნენ. მაგალითად, გასულ წელს ბაღების აღსაზრდელებმა მხოლოდ ახალი წლის დღესასწაულებზე დაისვენეს.

რას უკავშირდება „დიდი არდადეგების“ გამოცხადება ბაღებში? - რამაზ სულამანიძე აცხადებს, რომ წინა წლების სტატისტიკის თანახმად, ზამთრის პერიოდში ბაღებში დასწრება ძალიან დაბალია. სააგენტოს ხელმძღვანელი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მშობლოებს კი შეახსენებს, რომ ზამთარზე დიდი არდადეგები ზაფხულშია.

„ამ ლოგიკით მაშინ ზაფხულის დასვენებაც არ უნდა იყოს. ამ დროს რას აკეთებენ მშობლები? ზამთრის პერიოდსაც, ალბათ, ბავშვების დასვენებისთვის და ჰაერზე გასაყვანად გამოიყენებენ“, - აცხადებს რამაზ სულამანიძე.

მისივე განმარტებით, ზამთრის არდადეგების პერიოდში თბილისის საბავშვო ბაღების ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კვლავ ბაღებს მოხმარდება.

„თანხის დაზოგვას არ ვაპირებთ. ბაღებს თანხას მაინც მივცემთ და ამას გამოიყენებენ სარემონტოდ, ინვენტარის შესაძენად, სათამაშოების შესაძენად... საბავშვო ბაღებში ვაუჩერული დაფინანსებაა და ეს ვაუჩერი მაინც მიეცემათ. მაგალითად, იანვარში, დაახლოებით ერთი კვირა-კვირანახევარი მოუწევთ ბავშვებს სიარული და ამ დროს კვების, გათბობისა და კომუნალური გადასახადების ხარჯების გაწევა მაინც იქნება საჭირო. არაფერი იზოგება და რაც დაიზოგება, იმ თანხას, ისევ ბავშვების საჭიროებისთვის გამოიყენებენ“, - აცხადებს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

თბილისის ბაღებში ზამთრის ხანგრძლივი არდადეგების გამოცხადების საკითხის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე.

„ეს საკითხი ბატონ რამაზ სულამანიძეს თბილისის საკრებულოსთან არ შეუთანხმებია. მას არც ჰქონდა ამის ვალდებულება, მაგრამ აქვს ვალდებულება, რომ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრები საქმის კურსში ჩააყენოს, ანუ კონსულტაციები ჩვენთან ერთად რომ გაევლო, უკეთესი იქნებოდა“, - განაცხადა for.ge-სთან ზუმბაძემ.

მისივე თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლების მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათ დისკომფორტი არ შეექმნათ.

„ვფიქრობ, ერთი თვის განმავლობაში სკოლამდელი ასაკის ბავშვის რეჟიმიდან ამოვარდნა სწორი არ იქნება. აქ ერთი მხარეცაა გასათვალისწინებელი - როცა მშობლებს ჰყავთ რამდენიმე შვილი და მათ შორის, სასკოლო ასაკის ბავშვები, შესაძლებელია, სურვილი ჰქონდეთ, ბავშვი გაიყვანონ ქალაქგარეთ და მშობლების გარკვეული რაოდენობისთვის ეს შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც ამის საშუალება არ აქვს.

სააგენტოს ვურჩევდი, საბავშვო ბაღების დირექტორების მეშვეობით ჩაეტარებინა გამოკითხვა ბაღებში და მშობლებისგან გაერკვია, რამდენს აქვს სურვილი, რომ ბავშვმა დაისვენოს ამ ხნის განმავლობაში. ამის შემდეგ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. შეიძლებოდა, დაწესებულიყო მორიგე რეჟიმი და იმ ოჯახების ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მუშაობენ და არ გეგმავენ ქალაქგარეთ გასვლას, ჰქონოდათ საშუალება ევლოთ საბავშვო ბაღებში. ეს იქნებოდა მართებული და სამართლიანი“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.

მისივე თქმით, დედაქალქის ბიუჟეტიდან საბავშვო ბაღების სრულად ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხები უკვე გამოყოფილია და ფინანსების რამე მიზნით დაზოგვის საჭიროება არ არსებობს.