ეკონომიკური კრიზისები და ინფლაცია

ეკონომიკური კრიზისები და ინფლაცია

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ყველა სახელმწიფომ სწორად განსაზღვროს, როგორ უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს, როგორ გადალახოს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები, როგორ დაძლიოს და, შესაბამისად, შექმნას ქვეყნის განვითარების ისეთი ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებას. მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი კიდევ ერთი მძიმე გაკვეთილია იმისა, თუ რამხელა დარტყმის მიყენება შეუძლია ეკონომიკური პროცესების, ტენდენციების, მოვლენების არასწორად შეფასებას და როდესაც ქვეყანას არ გააჩნია ის “მეხამრიდები”, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური “ჩავარდნების” შედარებით რბილად გადატანა ქვეყნისათვის. 

როგორც ცნობილია ეკონომიკური კრიზისები XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს სათავეს და ის პირველ ეტაპზე მეორდებოდა რვა-ათ წელიწადში ერთხელ, ხოლო XX საუკუნეში მისი გამოვლინების პერიოდები შედარებით ხანგრძლივია. ეკონომიკის დინამიკური განვითარების თეორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისი ციკლური განვითარების თეორია, რომელიც ინგლისელი ეკონომისტის ჯონ მეინარდ კეინსის მიერ ჯერ კიდევ 30-იან წლებში იქნა შემუშავებული და რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა კრიზისის ძირითადი მიზეზები. ეს არის მოგების ნორმის შემცირება, გაურკვეველი სიტუაცია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, მომავლისადმი რწმენის დაკარგვის სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები და სხვა.

ეკონომიკური კრიზისი არის ეკონომიკური ციკლის შემადგენელი ფაზა ისევე, როგორც პიკი, ფსკერი და აღმავლობა. ეკონომიკური კრიზისების წარმოშობა ობიექტური კანონზომიერებაა და მისი გვერდის ავლა ეკონომიკური კვლავწარმოების პირობებში თითქმის შეუძლებელია. მსოფლიო ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია მოხდეს კრიზისების სწორი და დროული პროგნოზირება რათა წინასწარ შემუშავდეს ის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული კრიზისების სიქრონულად, რბილად გადატანას. ეკონომიკური კრიზისი საბაზრო ეკონომიკის დამახსიათებელი თვისებაა და შეიძლება ითქვას, რომ - აუცილებელი ატრიბუტიც, ვინაიდან მას ზოგჯერ პოზიტიური ეფექტებიც აქვს. ეს არის ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური გაჯანსაღების, ინოვაციური პროცესების აუცილებელი დაჩქარების, მაკროეკონომიკური მართვის ახალი მეთოდების შემუშავების, სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის და სამუშაო ადგილების შექმნის საბიუჯეტო სტიმულირების, მართვის ახალი ტექნოლოგიების შემუშავების, თავისუფალი ფასწარმოქმნისა და თავისუფალი კონკურენციის ხელშემწყობი პირობა. ეკონომიკური სუბიექტების მიერ ხდება რეალური ნიშნის დაკავება.

მსოფლიო ეკონომიკისათვის პირველი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო 30-იანი წლების ეკონომიკური კრიზისი. ამ დროისათვის ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენდა ეკონომიკურად წამყვან, განვითარებულ სახელმწიფოს. ეს იყო პერიოდი როდესაც მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ცენტრმა ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა, თუმცა ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზები დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი ფაქტორებისაგან განსხვავებული იყო და შედეგებიც - უფრო მძიმე. კერძოდ, მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარიანობის გამო, წარმოებულ პროდუქციაზე მნიშვნელოვნად დაეცა მოთხოვნილება, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით საქონლის ”ჩაწოლა”. დაირღვა კლავწარმოების პროცესი, რამაც გამოიწვია სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო კომპანიების და, ასევე, მსხვილი საბანკო სტრუქტურების გაკოტრება, ფასიანი ქაღალდების კატასტროფული გაუფასურება.

1932 წელს აშშ-ს სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 46%-ით შემცირდა, ცალკეული სახეების მიხედვით უფრო მეტად შემცირდა: თუჯის წარმოება - 79%-ით, ფოლადის - 76%-ით, ავტომობილების - 80%-ით. 1929-1933 წლებში კრახი განიცადა 135000-მა სავაჭრო, სამრეწველო და ფინანსურმა კომპანიამ, გაკოტრდა 5760 ბანკი, კორპორაციულმა დანაკარგებმა მარტო 1932 წელს შეადგინა 3,2 მილიარდი დოლარი, საგარეო ვაჭრობა შემცირდა 3,1-ჯერ და ქვეყნის ეკონომიკა დაეცა 1911 წლის დონეზე. უმუშევრობამ მოიცვა მოსახლეობის ნახევარი.

1929 წელს ახლადარჩეული პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი თვლიდა, რომ ეკონომიკური კრიზისი ავტომატურად გადაივლიდა და მხოლოდ შემოიფარგლა სავაჭრო პროტექციონიზმით. იმპორტზე მიღებული იქნა მაღალი საბაჟო ტარიფები, რამაც უფრო გააუარესა ქვეყნის არსებული მდგომარეობა. შემდგომი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტიც იძულებული იყო გამოეყენებინა სახელმწიფო სტიმულირების, რეგულირების და ეკონომიკის დაგეგმვის უფრო აქტიური მექანიზმები. მის მიერ შემუშავებული იქნა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ე.წ “ახალი კურსი”. ეს იყო ეკონომიკაში სახელმწიფო რეგულირების ცნობილი კეინსიანიზმის თეორიების რეალიზაცია. ჯ.მ კეინსი, რომლის ზოგადი თეორიის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საბაზრო მექანიზმი ვეღარ მოქმედებს ავტომატურად, ხელფასები და ფასები არ ხასიათდება ისეთი მოქმედებით, როგორც ამას ნეოკლასიკოსები ასაბუთებენ. არ არის ცალსახა დამოკიდებულება დანაზოგებს, ინვესტიციებსა და პროცენტს შორის, ბუნებაში არ არსებობს სრულყოფილი კონკურენცია, რომ საბაზრო ეკონომიკის გამართული, მდგრადი ფუნქციონირება შეუძლებელია, თუ არ მოხდა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში. მან ფაქტიურად დაასაბუთა, რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში და მთავრობის ფუნქციების გაფართოება ერთადერთი საშუალებაა ეკონომიკური კრიზისების, დეპრესიის, უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად.

სწორედ აღნიშნული თეორია გახდა საფუძველი იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა აქტიური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში და განახორციელა რადიკალური მარეგულირებელი, და იძულებითი ღონისძიებები. კერძოდ, ამ მიზნით სახელმწიფომ დაიწყო საბანკო-საფინანსო სისტემის გადარჩენაზე ზრუნვა - აიკრძალა ოქროს ექსპორტი; მოხდა საბანკო სისტემის ოპტიმიზაცია 25000-დან 15000-მდე; მოახდინეს დოლარის იძულებითი დევალვაცია; 1934 წელს ოქროს შემცველობა დოლარში შემცირდა 41%-ით; ამავე დროს სახელმწიფო ახორციელებდა ოქროს ფართომასშტაბიან შესყიდვას იმაზე მეტად, რასაც დოლარის კურსი ითვალისწინებდა;

1933 წლის ბოლომდე შესყიდული იქნა 187 000 000 დოლარის ოქრო. ოქროს მარაგები მთლიანად გადაეცა ცენტრალურ ბანკს. იმდროინდელმა სახელმწიფომ ხელში მთლიანად აიღო ეროვნული ეკონომიკის რეგულირების ბერკეტები, რის გამოც შეიქმნა ”ეროვნული აღდგენის ადმინისტრაცია”, რომელშიც შევიდნენ მსხვილი ფინანსური დაჯგუფებები, როგორებიც არის “ჯენერალ მოტორსი”, “სტანდარტ ოილი” და სხვა... შემუშავებულ იქნა განსაკუთრებული ღონისძიებანი ფერმერების დავალიანების დასაფარავად. დაისახა მარეგულირებელი სამუშაოები სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში. ყოველივე ასეთმა კომპლექსურმა ღონისძიებებმა ქვეყანა გამოიყვანა კატასტროფული მდგომარეობიდან.

ამ თეორიის შესაბამისად და ამ ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებიდან გამომდიანარე, პრიორიტეტული იყო ინვესტიციების განხორციელება, რომელიც წარმოადგენდა საფუძველს ეროვნული შემოსავლის ზრდისა და დასაქმების დონის განსაზღვრისათვის. აღნიშნული თეორიის შესაბამისად, ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება მანამდე, სანამ ამის შესაძლებლობას იძლევა ინვესტიციების მოცულობა და მომხმარებელთა მოლოდინი. აღნიშნულის მიხედვით, იგნორირებული იყო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის როლი და ასევე კავშირი ინვესტიციებსა და ფულის მასას შორის. სწორედ ასეთმა მიდგომამ და 50-60-ან წლებში დიდი ინვესტიციების განხორციელებამ შეუწყო ხელი ინფლაციური პოტენციალის შექმნას, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა 70-ან წლებში დიდი ინფლაციით. ამ პროცესებიდან გამომდინარე მსოფლიო იძულებული გახდა შეექმნა გარკვეულად ალტერნატიული, ახალი ეკონომიკური თეორია, რომელიც ფაქტიურად “კეინსიანიზმის” საპირისპირო იყო, რომელიც შემდგომ მონეტარიზმის თეორიის სახელით გახდა ცნობილი.

საპირისპიროდ “კეინსიანიზმისა” მონეტარიზმი მიიჩნევს, რომ საბაზრო ეკონომიკა შინაგანად სტაბილურია, უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან გამოყენებას და თუ ეს ასე არ არის, ამის მიზეზია სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში, კერძოდ - მისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მონეტარიზმმა არამარტო მკაცრად გააკრიტიკა “კეინსიანიზმი” ფულად-საკრედიტო პოლიტიკის იგნორირებისათვის, არამედ დაასაბუთა, რომ ფულის რაოდენობა მიმოქცევაში გადამწყვეტ ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, სახელმწიფო ბიუჯეტზე, ხოლო ინვესტირებას აქვს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა თუ ისინი გამაგრებულნი არ არიან ფულის მასის შესაბამისი დინამიკით. მონეტარიზმის სტრატეგია ხასიათდება წმინდა საბაზრო მექანიზმის რეაბილიტაციით. საბაზრო მეურნეობრიობის ეფექტიანობის რწმენის აღდგენით, ეკონომიკური განვითარების აღიარებით, სახელმწიფო საბიუჯეტო სტიმულების გარეშე.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე გლობალური ეკონომიკური კრიზისის განვითარების ფონზე, მსოფლიომ გვერდი ვერ აუარა ისევ და ისევ “მივიწყებულ” კეინსის ეკონომიკურ თეორიას, ეკონომიკის სტაბილური ფუნქციონირებისათვის სახელმწიფო ეკონომიკის რეგულირების აუცილებლობის შესახებ. მაგალითებიც უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა თავს იკავებდა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევაზე, მათ მაინც მოუწიათ იძულებითი ნაბიჯის გადადგმა. ამის ნათელი მაგალითია გერმანია, რომელმაც გამოიყენა 50-მილიარდიანი სტიმულირების პაკეტი და პლუს 100 მილიარდიანი გარანტია სახელმწიფოს მხრიდან იმ ბანკებისათვის, რომლებიც გასცემდნენ კრედიტებს კერძო კომპანიების დასახმარებლად. ასევე, გერმანიის სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გადაერჩინა “ოპელის” მსხვილი ავტოინდუსტრია და მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვადასხვა მონათესავე კომპანიებთან (ჯენერალ მოტორსი, კრაისლერი და სხვა). ასევე გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადის შემცირება 15,5%-დან - 14,9%-მდე, გადაწყვეტილია ორი წლის მანძილზე ინფრასტრუქტურისათვის გამოიყოს 18 მილიარდი ევრო, ყველა ოჯახი თითო ბავშვზე ერთჯერადად მიიღებს 100 ევროს, გაიზარდა კომპანიების სუბსიდირება, რათა მათ შვებულებაში გაუშვან კრიზისის გამო დროებით დახურული საწარმოების მუშები.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თითქმის 900 მლრდ დოლარი გამოყო საკუთარი ეკონომიკის “გადასარჩენად”, სადაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოითხოვა იმ 50 მილიონი ადამიანის დაზღვევა, რომელიც დღეისათვის დაზღვევის გარეშეა მოქცეული. აღნიშნულ ქვეყნებს, მიუხედავად თავისი ლიბერალური ეკონომიკისა, არც იაპონია ჩამორჩა. მან 270 მილიარდი გამოუყო ბანკების მოსახლეობის და კომპანიების მიერ აღებული კრედიტების ვადის გაგრძელებისთვის, ხოლო 20 მილიარდი ერთჯერადი დახმარება - საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებზე. თითქმის ასევე მოიქცნენ სხვა ქვეყნებიც.

ამ და კიდევ სხვა ანალოგიურმა ღონისძიებებმა, რომლის გადაწყვეტაც დიდი ოცეულის შეხვედრაზე ხდებოდა, უდავოდ ხელი შეუწყეს ეკონომიკის გამოცოცხლებას და შედარებით შეამსუბუქეს კრიზისების გავლენა მსოფლიოზე, ეს უდავოდ პოზიტიური იყო, თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რომელიც ზოგადად ეკონომიკურ თეორიაშიაც კი ინვესტიციების განხორციელების თანმდევია და რომელიც გარკვეულად ხელს უწყობს ინფლაციურ პროცესებს.

მსოფლიოს უდგას პრობლემა, თუ როგორ ებრძოლოს ინფლაციას. ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ბრძოლის მეთოდები თეორიების მიხედვით განსხვავებულია. მონეტარისტები მიიჩნევენ, რომ ინფლაცია ყოველთვის ფულადი მოვლენაა და მასთან ბრძოლა შეიძლება მხოლოდ ფულის მიმოქცევის სფეროში ღონისძიებების მეშვეობით. მათი აზრით, ინფლაცია არ არის ფასების ზრდის შედეგი. ფასების ზრდა წარმოების იარაღებზე - ნედლეულზე, მასალებზე, ენერგიაზე და ასევე - ხელფასის გადიდება, არ იწვევს ყველა საქონლის ერთობლივ გაძვირებას და არ არის ინფლაცია მანამდე, სანამ მომხმარებლები არ მიიღებენ უფრო მეტი რაოდენობის ფულს. ე.ი მიმოქცევაში არ გაიზრდება ფულის მასა. ეკონომიკური მიზეზობრიობის თვალსაზრისით, ისეთი მოვლენა, როგორიც არის დანახარჯების ინფლაცია, საერთოდ არ არსებობს. ის, რასაც უწოდებენ ”ინფლაციას ფასების ზრდის შედეგად”, არის მიმოქცევაში ფულის მატების შედეგი, რაც უმუშევრობის შემცირების მიზნით ხორციელდება. მიმოქცევაში ფულის მასა რომ არ გაიზარდოს, მაშინ წარმოების ფაქტორებზე ფასის მატება გამოიწვევდა არა ფასების საერთო დონის ამაღლებას, არამედ გაყიდვების შემცირებას და უმუშევრობის ზრდას.

ამასთან, მეურნე სუბიექტები ხასიათდებიან ფულზე სტაბილური მოთხოვნით. თუ ფულის რაოდენობა მიმოქცევაში მოთხოვნაზე მეტია, ისინი ცდილბოენ განთავისუფლდნენ ზედმეტი ფულისაგან, რაც იწვევს ინფლაციას ამიტომ ანტი-ინფლაციური ღონისძიებაა ფულის რაოდენობის შემცირება მიმოქცევაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია: კერძო სექტორის მოთხოვნის შემცირება საქონელსა და მომსახურებაზე; ფასიანი ქაღალდების რაოდენობის შემცირება, რაც გამოიწვევს პროცენტის ამაღლებას. შედეგად - შემცირდება წარმოება, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ გაიზრდება ფასები. გაიზრდება გაცვლითი კურსი, რაც შეამცირებს ფასებს იმპორტულ საქონელზე, ასევე, შემცირდება საექსპორტო საქონლის წარმოება, რადგანაც ინფლაცია გამოწვეულია, მხოლოდ მოთხოვნაში ცვლილებებით და არ აქვს ხარჯვითი ხასიათი. მონეტარიზმი საერთოდ უარყოფს შემოსავლების პოლიტიკას. მონეტარიზმს საჭიროდ მიაჩნია ფულის მიწოდების გადიდება ფიქსირებული, წინასწარ განსაზღვრული პროცენტით, რომელიც შეესაბამება მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდის გრძელვადიან ტემპს. მონეტარისტები მოითხოვენ ფულის მასის თანაბარზომიერ ზრდას წინასწარ განსაზღვრული ტემპით, ეროვნული პროდუქტის ზრდის ტემპთან შესაბამისობით. ისინი თვლიან, რომ ამ გზით ფულის მიწოდება შესაბამისობაში მოვა მოთხოვნასთან და თვითონ ფულის მასის ზრდის სტაბილურობა უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდის რეჟიმში ყოფნას.

მონეტარიზმმა საერთოდ უარყო დანახარჯების ინფლაციის თეორია, შემოიტანა ანალიზის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, როგორიც არის ბუნებრივი უმუშევრობა და დაასაბუთა სრული დასაქმების თეორიული და პრაქტიკული მიუღებლობა. მონეტარიზმმა განსაზღვრა ანტი-ინფლაციური პოლიტიკის ძირითადი მექანიზმები, რომელიც მრავალ ქვეყანაში წამრატებით იქნა გამოყენებული. ამ პოლიტიკის მთავარი ელემენტებია: ფულის მასის ზრდის სტაბილურობის შენარჩუნება, საზოგადოებრივი პროდუქტის რეალური ზრდის შესაბამისად; მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა; ბიუჯეტის დეფიციტის არდაშვება; მთავრობის ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების არდაშვება დაუსაქონლებელი ფულის ემისიით. მან გარკვეული როლი მიანიჭა ინვესტიციებსაც, თუმცა ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან ურთიერთკავშირში.

სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურეს, რომ გარდამავალ ეკონომიკისა და განვითარებულ საბაზრო ეკონომიკაში მოქმედებს ერთნაირი კანონზომიერებები - რაც უფრო სწრაფად იზრდება ფულის მასა, მით უფრო სწრაფად იზრდება ფასები, სწრაფად ეცემა ეროვნული ვალუტის კურსი და პირიქით. ფულის ემისიის შენელება იწვევს ინფლაციის ტემპების შემცირებას, ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციას. იფნლაციისა და ფულის მასის დინამიკის მკაცრი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ისეთია, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია ინფლაციის არაფულადი ფაქტორებით გამოწვევა. ფინანსური სტაბილიზაციის მქონე ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ინფლაციის არანულოვანი ტემპების შენარჩუნება დაკავშირებულია ფულის მასის არანულოვანი ტემპების შენარჩუნებასთან.

მეორე მხრივ, ფულის მასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია ბიუჯეტის დეფიციტის მონეტარიზაცია, ანუ ფინანსირება ფულის ემისიით. როგორც წესი, რაც უფრო დიდია ბიუჯეტის დეფიციტი, მით უფრო მაღალია ფულის მასის ზრდისა და ინფლაციის ტემპები, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევებიც, კერძოდ - შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტი მცირე იყოს, მაგრამ - ინფლაცია შედარებით მაღალი. თუ წმინდა შინაგანი აქტივების ნაწილი გამოიყენება არა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, არამედ საბანკო სისტემის და წარმოების დაკრედიტებისათვის. აგრეთვე ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ იგი ფინანსირდებოდეს არაემისიური წყაროებიდან, მათ შორის - საზღვარგარეთული დაკრედიტების ხარჯზე, რაც არ საჭიროების ემისიის გადიდებას და, შესაბამისად, ინფლაციაც არ იზრდება მაღალი ტემპებით. თუმცა ეს, ბუნებრივია, ავტომატურად იწვევს საგარეო ვალების ზრდას.

1995-96 წლებში ჰიპერინფლაციის დაძლევა ძირითადად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებით მოხდა - ბიუჯეტის დეფიციტის არაემისიური დაფინანსებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან. მაგალითად, 1995 წელს ბიუჯეტის შემოსავლებმა სულ შეადგინეს 188 მლნ ლარი ხარჯებმა - 341 მლნ, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტმა – 153 მლნ. ლარი, რომელიც დაფინანსდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სისტემური ტრანსფორმაციის კრედიტით და მსოფლიო ბანკის სარეაბილიტაციო კრედიტით. 1996 წელს ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინეს 522 მლნ ლარი, ხარჯებმა - 783 მლნ. შესაბამისად, დეფიციტმა - 261 მლნ, რაც ასევე დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ.

ინფლაციის დაჩქარება - სახელმწიფო დავალიანების ზრდა, მაღალი პროცენტი, ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე, როგორც წესი იწვევს ფულზე მოთხოვნის ზრდას და ფულის მიმოქცევის სიჩქარის შესაბამის ზრდას. ამ სიჩქარის შემცირება არის ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის მატების და ფინანსური სტაბილიზაციის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი. მაგალითად, ამ სიჩქარის მაჩვენებელი საქართველოში ყველაზე მაღალი იყო 1994 წელს - 12,7%, რამაც მაღალი ჰიპერინფლაცია განაპირობა, 1995 წელს ეს მაჩვენებელი 6%-მდე დაეცა.

რაც შეეხება დღევანდელ საგანგაშო მდგომარეობას, საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2010 წელს გაიზარდა 145-მდე, ხოლო წლიურმა ინფლაციამ მიაღწია 11%-ს. პირველ რიგში, მოსახლეობისათვის ყველაზე მძიმეა ის, რომ გაიზარდა ფასები სასურსათო პროდუქტზე. კერძოდ, პურზე ფასმა მოიმატა დაახლოებით 15%-ით, ზეთზე - დაახლოებით 32%-ით, კარტოფილზე – 30-35%-ით, ხახვზე - თითქმის 50%-ით, ასევე - ნავთობპროდუქცია, რომელიც ყოველდღიურად ძვირდება.

ყოვლად გაუგებარი რამ ხდება - როცა ბარელი ნავთობი თითქმის 150 დოლარიდან 50 დოლარამდე დაეცა, ჩვენ ეს არ გვიგვრძნია და ფასების კლება მხოლოდ მინიმალური იყო, ხოლო ახლა, როცა მსოფლიოში ფასის ზრდის ტენდენციაა, საქართველოშიც მნიშვნელოვნად იზრდება. რაც ყველაზე სავალალოა,კატასტროფულად გაძვირდა მედიკამენტებიც, რომელის გამომწვევ მიზეზებზეც არაერთხელ მისაუბრია, რომ ეს არის პროტექციონისტული მონოპოლიების ბრალი, როდესაც სამედიცინო ბაზარი ჩაკეტილი ციკლია, დაწყებული სამედიცინო პრეპარატების წარმოებიდან, რეალიზაციის, სამედიცინო მომსახურების ქსელის და სადაზღვეო კომპანიების ჩათვლით. თუმცა ეს ცალკე თემაა.

პირველ რიგში გარკვეული სექტორების მუდმივი დემონოპოლიზაციაა საჭირო, რათა ფასები დარეგულირდეს და არ ვიყოთ “შეთქმულების” მსხვერპლი. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე მხოლოდ 3000 დოლარია და რომელიც მსოფლიო დონის საშუალო მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება, ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უფრო ძლიერ გრძნობს და განიცდის იმ პროცესებს, რომელიც მსოფლიოში ხდება. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მოსახლეობის ფენებს შორის, მაღალია შემოსავლების დიფერენციაციის ხარისხი - დაახლოებით 16/1.

ამჟამად, როგორც ცნობილია, ეროვნულ ბანკს გააჩნია თითქმის 2 მილიარდამდე დოლარის რეზერვები, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 20%-ია, რაც არცთუ ცუდი მაჩვენებელია და იძლევა გარანტიას გაცვლითი კურსის რყევების თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ინფლაციის თავიდან ასარიდებლად, უნდა აღინიშნოს, რომ ფიშერის მიერ სპეციალური ფორმულაც კი არსებობს, მაგრამ მკითხველისთვის უფრო მარტივი, რომ იყოს, ვიტყვი, რომ ქვეყანას უნდა გააჩნდეს გამართული ანტი-ინფლაციური პოლიტიკა, რომლის მთავარი პირობა პირველ რიგში არის ეკონომიკური სუბიექტის მიერ მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ფლობა, ინფლაციის შემცირების პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ - მანამდე, სანამ ჩამოყალიბდება მათი უმნიშვნელოვანესი სახის მოლოდინი. ხოლო მეორე პირობა არის ის, რომ ვინც აწესებს ფასებს და პირობას, უნდა ენდობოდეს მთავრობას და ეროვნულ ბანკს.

პროდუქციაზე ფასების ზრდას სწორად ინფლაციური მოლოდინი განაპირობებს, ამიტომ თუ ეკონომიკურ სუბიექტებს ექნებათ სწორი ინფორმაცია თუ რას აპირებს ხელისუფლება ინფლაციის თავიდან ასაცილებლად, ინფლაციური მოლოდინიდან გამოწვეული შოკიც ნაკლები იქნება და შეძლებენ განახორციელონ ხელფასისა და ფასების მეტ-ნაკლებად რეგულირება. არის კიდევ ბევრი სხვა გზა და გამოცდილება, როგორც თეორიაში ასევე პრაკტიკაშიც, რომლის განხილვაც ძალიან შორს წაგვიყვანს.