თბილისელების სასურველი მერი

თბილისელების სასურველი მერი

როგორი მერი უნდათ თბილისელებს? ეს კითხვა თბილისელების თავსატეხად იქცა. ზოგისთვის სულერთია, ვინ გახდება თბილისის მერი, მთავარია, იგი კარგი მეურნე აღმოჩნდეს და პასპორტში დაბადების ადგილად რაც უნდა, ის ეწეროს. არიან ისეთებიც, რომლებიც თბილისელობის შეურაცხყოფად მიიჩნევენ არათბილისელი მერის კანდიდატურას და, როგორი უნაკლოც არ უნდა იყოს ზუგდიდელი დავით ნარმანია, მას მაინც უძებნიან ერთ ძირითად მინუსს - ნარმანიას „თბილისი არ ესმის“ და ის ვერისა და ნახალოვკის მაჯისცემას ვერ იგრძნობს... ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს მსახიობი და ტელეწამყვანი გია კორკოტაშვილი („კორკოტა“) და უფრო ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურისკენ იხრება. იმასაც ამბობენ, რომ ამ ფრთის გამარჯვებით ნინო ბურჯანაძეა დაინტერესებული. თუმცა რეალობა ისაა, რომ ამ ეტაპზე თბილისის მერის სავარაუდო კანდიდატებად სახელდება დავით ნარმანია, ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ნაციონალი გიორგი ვაშაძე.

სოციალურ ქსელებში უკვე დაიწყო კამპანია - „თბილისელი თბილისის მერად“. მართალია, მავანი იკითხავს, რა დროს თბილისელობაზე აქცენტის გადატანაა, როცა ბოლო წლებში, სამწუხაროდ, „თბილისი ერთ დიდ მისამართად იქცა“ (როგორც ამას პოეტი გიზო ნიშნიანიძე იტყოდა), მაგრამ, როგორც ჩანს, თბილისის მერს ისევე სთხოვენ თბილისელობას, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს - მაინცდამაინც ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებას...

ერთიც კია, თბილისელებს თბილისში დაბადებული მერებიც ახსოვთ. ბოლოდროინდელ მერზე რომ არაფერი ვთქვათ, თბილისში იყვნენ დაბადებულნი ნიკო ლეკიშვილი, ბადრი შოშიტაშვილი, ვანო ზოდელავა...

რაც შეეხება მოქმედ მერს - გიგი უგულავას, მისი თქმით, თბილისის მერობისთვის არანაირი მზა სტანდარტი არ არსებობს - არც თვალის ფერით, არც წარმომავლობით, არც განათლებით და თბილისის მერი იქნება ისეთი, როგორსაც თბილისის მოსახლეობა აირჩევს.

თუმცა გიგი უგულავას, ალბათ, კარგად ახსოვს ის დრო, როცა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გამწესებულს იქაურები მეგრულის არცოდნას უწუნებდნენ და კითხულობდნენ, მეგრული არ იცის და მეგრელებთან რა უნდაო?! ამის შემდეგ გიგი უგულავა თურმე მეგრულის შესწავლას შეუდგა და, როგორც თავად ამბობს, სიტყვა „ორჭოფუნქ“ (დაგაპატიმრებ) აუთვისებია და გვარიანად აუღელვებია მეგრელები.

ასე რომ, მარტო თბილისელებს ვერ ვუსაყვედურებთ, თუ ისინი მაინცდამაინც თბილისელ მერს ნატრობენ და არად დაგიდევენ, რომ, შესაძლოა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის საქმიანობა ისე აფიშირებული არ არის, მაგრამ დედაქალაქიდან გასვლისას, ნარმანიას უწყების საქმიანობა და განუწყვეტელი მშენებლობები თვალშისაცემია. რაც შეეხება გია კორკოტაშვილს, მისი აზრით, თბილისის მერის საკითხი მარტო „ოცნების“ გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და თბილისის მერმა უნდა იცოდეს, როგორ სუნთქავს ქალაქი და იგი უნდა აფასებდეს კოლორიტ ადამიანებს.

ვინ არის თბილისელებისთვის სასურველი მერი - კარგი მეურნე თუ მაინცდამაინც თბილისში დაბადებული პიროვნება?! ამის შესახებ თავად თბილისელებისა და ექსპერტების მოსაზრებით დავინტერესდით.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ თბილისი არ არის რიგითი ქალაქი და, როგორც დედაქალაქს, მას აქვს წვდომა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან. ამდენად, დაბადების ადგილი არ განსაზღვრავს ადამიანის წარმატებულობას. არც ჩვენი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მოთხოვნებს ქალაქის მერის მიმართ, გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს არჩეული.

ექსპერტის აზრით, რასაკვირველია, თავისებურება ბევრი აქვს თბილისს და აჯობებდა, ამ თავისებურებებს ბავშვობიდანვე ეცნობოდეს თბილისელი, მაგრამ მერის თანამდებობა უფრო მაღალი პასუხისმგებლობითი დატვირთვისაა და ამიტომ საუბარი, გინდა თუ არა, თბილისელი უნდა იყოს თბილისის მერი, ნაკლებად მისაღებია. მთავარია, რამდენად იცის ამ ადამიანმა თბილისი, რამდენად ბუნებრივი იქნება მისთვის თბილისის მერის თანამდებობა.

„კონკრეტულ პიროვნებებს არ შევეხები, მაგრამ მოდით, თითოეულმა თბილისელმა ჩათვალოს, რომ სწორედ ის არის მერობის კანდიდატი და ვნახოთ, ვინ როდის მოხსნის თავის კანდიდატურას. ასობით ათასი ადამიანი, რომელიც არჩევნებზე მივა, ჯერ შეეცადოს, საკუთარი თავი წარმოიდგინოს ამ თანამდებობაზე. ამის შემდეგ მათ უფრო გაუადვილდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. ჩემი წინანადებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მეც ვარ მერობის კანდიდატი“, -აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა ჩვენთან საუბარში.

მისთვის მიუღებელია იმაზე მსჯელობა, რომ ქალაქის მერი თურმე არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, რადგან სულაც მეხინკლემ რომ დაიკავოს ეს თანამდებობა, არჩევის დღიდან ის უკვე პოლიტიკოსია. ამიტომ სოსო ცისკარიშვილის აზრით, უმჯობესია, მერად არჩევამდე ადამიანს სახელმწიფო ან პარტიულ საქმიანობაში ოდნავი გამოცდილება მაინც ჰქონდეს. გარდა ამისა, თბილისის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მუსიკოსთან მუსიკის მოყვარული იქნება, სპორტსმენთან - სპორტის მოყვარული, პენსიონრებთან - გულისხმიერი, ჯანდაცვის სისტემასთან მიმართებით - ბუნებით მკურნალი და არა სადისტური მიმართულების მქონე, ლიფტისა და კანალიზაციის ოსტატებთან - მეურნე, ხოლო პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან - პოლიტიკოსი.

ამიტომ სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ძალიან ბევრი მოთხოვნაა საიმისოდ, რომ დედაქალაქის მერი სრულყოფილი იყოს. ამ კონტექსტში მერის წარმომავლობა ყველაზე ნაკლები მახასიათებელია.

„შეიძლება, ადამიანი თბილისელი გახდეს მეხუთე კლასიდან, მეათე კლასიდან, პირველი კურსიდან, ან კიდევ, ასპირანტურიდან. ამასთან, მერისთვის გადაწყვეტილების მიღება ნაცნობი ხილი უნდა იყოს. უნდა ვეცადოთ, არ აღმოჩნდეს ახლადარჩეული მერი ლიდერის პრინციპის მსხვერპლი, რომლის მიხედვითაც, ადამიანი თავისი კარიერის კიბეზე ადის საკუთარი არაკომპეტენტურობის საფეხურამდე და მერე ეშვება ქვევით. ამიტომ თითოეულმა კანდიდატმა უნდა აწონოს საკუთარი შესაძლებლობები, იყოს გულწრფელი საკუთარ თავთან და, თუ რომელიმე კანდიდატი მოექცევა ვინმეს ზეგავლენის ქვეშ, მას ნაკლები წარმატება ექნება მერობის პროცესში“, -განმარტა ექსპერტმა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ წარმომავლობის გამო ადამიანის დაწუნება სიახლე არ არის საქართველოსთვის. ასეთი განწყობები არსებობდა და დღესაც არსებობს. თუმცა მიდგომა, რომ თბილისის მერი მაინცდამაინც თბილისელი იყოს, გაუმართლებელია. ასეთ შემთხვევაში, ის მაინც უნდა დავადგინოთ, რას ნიშნავს თბილისელობა, რომელი თაობის ადამიანი ითვლება თბილისელად და რომელი უბნელი უნდა იყოს. ამდენად, სრულიად წარმოუდგენელია, დაბადების მიხედვით განვსაზღვროთ, ვინ იქნება თბილისის მერი.

„თუ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ისე ფიქრობს, როგორც „კორკოტა“, ან ზაზა პაპუაშვილი, მაშინ ისინი აირჩევენ მათ რჩეულს. რეალურად კი, თბილისის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია, უხელმძღვანელოს მეურნეობას. თბილისი არის ვეებერთელა ქალაქი, სადაც საქართველოს მოსახლეობის ლამის ნახევარი ცხოვრობს. ამიტომ თბილისის მერმა უნდა მოაგვაროს მოსახლეობის პრობლემები, თბილისელებისთვის სოციალური და კომუნალური გარემო შექმნას. რატომ გააკეთებს ამას თბილისელი უკეთესად და რატომ ვერ გააკეთებს ამას არათბილისელი, არ მესმის. თბილისის მერის პოსტი მაინც პოლიტიკური პოსტია. თუ მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს, მერს ექნება პერსპექტივა, მომავალში პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს და პრეტენზია განაცხადოს პრეზიდენტის ან პრემიერის პოსტზე. ასე რომ, თბილისის მაჯისცემაში ცოტა სხვა რაღაც იგულისხმება,“ - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტმა აქვე განმარტა, რომ დეტალურად არ იცნობს დავით ნარმანიას საქმიანობას, მაგრამ მისთვის ცნობილია, რომ გარკვეული პროექტები, რომლებიც ნარმანიამ ეკონომიკურად არამომგებიანად და უსამართლოდ ჩათვალა, შეაჩერა. მართალია, მათ იცოდნენ, რომ ესეც ბიუჯეტის შეუსრულებლობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იქნებოდა, მაგრამ ამ რისკზე წავიდნენ და არ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც არ ჩათვალეს საჭიროდ.

„ასევე, თბილისის რკინიგზასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის მომგებიანი უნდა იყოს. ამიტომ, თუ ამ კუთხით შევხედავთ, ნარმანია თავის პოსტზე ნორმალური მინისტრია. ერთ წელიწადში ინფრასტრუქტურა ქვეყანას არ დაეტყობოდა. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატურებს, არ ვიცი, ვინ ვისი ფავორიტია, მაგრამ ის, რომ თბილისის მერის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა წამოაყენა, არა მგონია, განმსაზღვრელი იყოს. პრეზიდენტობის შემთხვევაში, სულ სხვა კრიტერიუმები იყო, თბილისის მერისთვის კი სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დასახელებული გახლდეთ. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს ან კახა კუკავას, ვერ ვიტყვი, რომ მათ არ ვისურვებდი მერად. ლევან გაჩეჩილაძე ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იყო. კახა კუკავა ბიზნესმენი არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება და მართვის უნარი მასაც აქვს“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

მსახიობისა და პოეტის გივი სიხარულიძის აზრით, დავით ნარმანია ჭკვიანი, აზრიანი, დამჯდარი გონების ადამიანია, იგი არის კარგი მეურნე და გამოადგება ჩვენს ქალაქს. თუმცა პირადად მას გაუხარდებოდა, თუ თბილისის მერი, ყველა ამ სიკეთესთან ერთად, თბილისელი იქნებოდა.

„ეს არ ნიშნავს, რომ ნარმანიაზე უარს ვიძახი. ჭიაბერაშვილი რომ იყო თბილისის მერი, ეს იყო სილის გარტყმა ჩემი ქალაქისთვის. ეს იყო ბებერი ჭია, რა თქმა უნდა, ასეთი კანდიდატურა მიუღებელია, მაგრამ ნებისმიერი ზომიერი, ნორმალური, შესახედავად კარგი თბილისის მერი ჩემთვის მისაღები იქნება,“ - აღნიშნა გივი სიხარულიძემ ჩვენთან საუბარში.

ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს, მან არ დამალა, რომ უშუალოდ დავით ნარმანიას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან, სავარაუდოდ, ის კარგად ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ უმჯობესია, დარჩეს იქ, სადაც ამჟამად მოღვაწეობს.

„ჩემი აზრით, უმჯობესია, თბილისის მერი იყოს თბილისელი. ის უნდა იყოს წარმოსადეგი, ინტელიგენტი პიროვნება, რომელიც ღირსეულად გაუძღვება ქალაქზე ზრუნვას. სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია იმაზე, ვინ უნდა იყოს თბილისის მერი, მაგრამ ასე სპონტანურად გამახსენდა გიგა ბათიაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, ის თბილისის კარგი მერი იქნებოდა, თანაც, სპეციალობით არქიტექტორი და დახვეწილი ინტელიგენტია“, -განმარტა გიორგი ოთხმეზურმა.

მხატვარი ნიკუშა შენგელაია აცხადებს, რომ, გვინდა თუ არა, თბილისის მერობა პოლიტიკური თანამდებობაა. ამიტომ ის, პირველ რიგში, თბილისელებთან უნდა იყოს პასუხისმგებელი.

„არ ვფიქრობ, რომ დედაქალაქის მერი მაინცდამაინც თბილისში დაბადებული უნდა იყოს. საქმის გამკეთებელი ადამიანი თუ არის და სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი დედაქალაქისთვის, რა მნიშვნელობა აქვს მისი დაბადების ადგილს?! არ შეიძლება, კუთხურობით ვინმე დავიწუნოთ. თანაც, თბილისი ძალიან გაიზარდა, ეს აღარ ის ძველებური თბილისი. თბილისელობა ნიშნავს შენი დედაქალაქის სიყვარულს, დედაქალაქი კი უნდა უყვარდეს ნებისმიერ ქართველს, სადაც არ უნდა იყოს იგი დაბადებული“, - გვითხრა ნიკუშა შენგელაიამ.

რაც შეეხება საქართველოს რაიონებს, მისი აზრით, იქ ადგილობრივ მერებად იქაურები უნდა დაინიშნონ, რადგან მათ უკეთ იციან თავიანთი რაიონის პრობლემები.

მართალია, ნიკუშა შენგელაიას არ უფიქრია, ვინ შეიძლება იყოს დედაქალაქის მერობის შესაფერისი კანდიდატი, თუმცა, ზოგადად, აცხადებს, რომ იგი ენდო „ქართულ ოცნებას“. ამიტომ მათ კანდიდატურებს მიესალმება ყველგან - პრეზიდენტის ამპლუაში, პარლამენტში თუ თვითმმართველობებში. ეს კი იმის საწინდარია, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ.