რკინა-ბეტონით გამაგრებული კულტურული მემკვიდრეობა

რკინა-ბეტონით გამაგრებული კულტურული მემკვიდრეობა

ბაგრატის ტაძრის შუშით გადახურვის საკითხი, რომ განიხილება, პრესაგე.ტვ-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა დაუდასტურა. მისგანვე შევიტყვეთ 2011 წელს რომელ ტაძარში და რომელ მუზეუმში როგორი ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი. გავიგეთ ისიც, რომ მათ შორის ნომერ პირველია ატენის სიონი.

ნიკა ვაჩეიშვილმა ჟურნალისტებს 2011 წელს დაგეგმილი ღონისძიებები გაგვაცნო; საათზე მეტხანს გვესაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელიც ისტორიულ შენობებსა და ტაძრებს შეეხებათ (არასრულ ჩამონათვალს მასალის ბოლოს შემოგთავაზებთ). წარდგინების დასრულების შემდეგ, ჩვენთვის საინტერესო კითხვები დავსვით სააგენტო ინტერპრესნიუსის, ჟურნალ ლიბერალის და ინტერნეტ-გამოცემა პრესაგე.ტვ-ს წარმომადგენლებმა. დანარჩენმა მედია-საშუალებებმა ჩაიწერეს კომენტარი (რომელიც სააგენტოს დირექტორმა სპეციალურად მათთვის გააკეთა) და წავიდნენ.

ნიკა ვაჩეიშვილი კი შეეცადა იქ დარჩენილები დავერწმუნებინეთ იმაში, რომ თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულება ნაცვალგების პრინციპზეა აგებული და რომ მასში რიცხობრივი თანაფარდობა დაცულია:

“ეს არის ნაცვალგების პრინციპზე აგებული ხელშეკრულება. ანუ, რამდენი ძეგლიც იქნება რესტავრირებული აქ, იმდენი იქნება რესტავრირებული თურქეთში, რიცხობრივად, მაგრამ რიცხობრივობის იქით, გამომდინარე მასშტაბებიდან, ისტორიული ღირებულებებიდან, რა თქმა უნდა, სურათი ერთი და იგივე არ არის. აქ თუ ჩვენ გვაქვს რამდენიმე (იმიტომ, რომ სხვა არ არსებობს) მომცრო ნაგებობა, იქ გვაქვს უშველებელი შენობები. წარმოიდგინეთ, რომ საუბარია ალავერდის და სვეტიცხოვლის მასშტაბზე. ეს არის რიცხობრივად თანაფარდი და თანაფარდი ყველა მიმართულებით, ანუ ფუნქციური მიმართულებითაც“.

ჩვენ ჩამოგითვლით ხელშეკრულების სამუშაო ვარიანტში წარმოდგენილი ტაძრებისა და ძეგლების სიას და გთხოვთ, თავად გააკეთოთ დასკვნა მისი თანაფარდობის და ნაცვალგებობის შესახებ და თან გაიხსენოთ ახალციხის რაბათზე არსებული კომპლექსის მასშტაბები:

თურქეთის ტერიტორიაზე იგეგმება: ოშკის, იშხანის, ხანძთის და ოთხთას აღდგენა.
საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება: ბათუმში მეჩეთის აშენება; ადიგენში მხარჯავის მეჩეთის რესტავრაცია; ახალციხის რაბათზე არსებული კომპლექსის რესტავრაცია; ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში ჯამეს რესტავრაცია და ახალციხეში წყვილი აბანოს რესტავრაცია.

ამ ხელშეკრულების ირგვლივ ახალი და განსაკუთრებული ვაჩეიშვილს არაფერი უთქვამს, პატარ-პატარა დეტალების დაზუსტებას თუ არ ჩავთვლით. მაგალითად, პრესაგე.ტვ-მ ვაჩეიშვილთან დააზუსტა ის პრინციპი, რითაც ისტორიულ ტაოში აღსადგენი ქართული ტაძრების სია შედგა - “ჩვენ შევარჩიეთ, კონსულტაციით, გადამოწმებით, ყველასთან - მეცნიერები, ვინც არიან, დიდიან-პატარიანა“.

ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ ყოფილა, მაგრამ თურმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიზიეს მეჩეთის ფუნქციის დაზუსტებაზე. ანუ, თუ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ, შესაძლებელია მას ჰქონდეს სალოცავი ფუნქცია, მაგრამ სანაცვლოდ, ისტორიულის ტაოს ტერიტორიაზე, რომელიმე ტაძარში ღვთისმსახურების აღვლენის ნებას დაგვრთავენ.

ნიკა ვაჩეიშვილმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, ამ ხელშეკრულებას ალტერნატივა არ გააჩნიაო და იქვე იუნესკოს შესაძლო ჩარევაზეც ისაუბრა: “შემთხვევით ვისარგებლებ და გეტყვით, რომ იუნესკო არ აფინანსებს ძეგლების კონსერვაციას, რესტავრაციას; ოშკს და იშხანს არავინ არ შეიყვანს თავის სიაში, თუ მიმართვა თავად თურქეთმა არ გაგზავნა და ამასთან, იუნესკოს არ შეჰყავს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში უნიკალური ძეგლები, თუ ის არ არის ნაპატრონები და მას არა აქვს რისკი”.

პრესაგე.ტვ-ს კითხვაზე - მაშინ ბაგრატი როგორ მოხვდა იუნესკოს სიაში? მოგვიგო: “ბაგრატი და გელათი შეყვანილია ერთად. მაშინ იყო ოთხმოცდაათიანი წლები, მაშინ იყო საბჭოთა კავშირი, მთლიანად ცარიელი ლაქა იუნესკოსთვის. ამიტომ, ყველა ქვეყნიდან შედიოდა ძირითადი სიძველეები და ერთ ნომინაციაში შევიდა ბაგრატი და გელათის ნომინაცია. გელათის ავთენტურობის 100%-მა (იმიტომ, რომ იქ ხომ ყველაფერი ძველია!), ასე ვთქვათ, გამოისყიდა ჩარევის დონე ბაგრატის ტაძარზე“.

ბაგრატის ტაძარზე ინტენსიური სამუშაოები, გასული წლის 21 დეკემბრის შემდეგ რომ შეწყდა, ამის შესახებ ჩვენმა მედიასაშუალებამ ქუთაისში ყოფნისას უშუალოდ იმ ადამიანებისგან შეიტყო, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი ბრძანება მოისმინეს. პრესაგე.ტვ-ზე მასალა სათაურით - “სააკაშვილი ბაგრატის ტაძრის შუშით გადახურვას აპირებს” - 9 იანვარს გამოაქვეყნა, რასაც მოჰყვა სხვადასხვა მედიასაშუალებებში მომზადებული რადიოგადაცემები, სტატიები.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა, რომ ბაგრატის გუმბათის აღდგენის საკითხი განიხილება, მაგრამ როგორი და რა მასალით - ეს არ დაუზუსტებია. არის რაღაც ალტერნატიულიო, - თქვა მან და პრესაგე.ტვ-მ იქვე დაუსვა კითხვა, განიხილება თუ არა შუშით გადახურვის საკითხი? რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ: “რა თქმა უნდა, იცით რა, შუშა არ ვიცი. ახლა, მაგალითად, წამყვანი ექსპერტები ამბობენ, რომ აქ შუშას საერთოდ ვერ ვხედავთო და მეც ვერ ვხედავ, მაგრამ ეგება რაღაცა სხვას ვხედავთ?! შეიძლება ეს ლითონია, შეიძლება ეს ხე არის, შეიძლება ეს ქვა არის, ისევ, ხომ?!“

როგორც ჩანს, ბაგრატთან მიმართებაშიც ხელისუფლებამ დაახლოებით ისეთი პოლიტიკა აირჩია, როგორც თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების შემთხვევაში მოხდა, როცა სატელევიზიო სიუჟეტებში გვიამბობდნენ ისტორიულ ტაოში არსებული ქართული ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე, მაგრამ არაფერს ამბობდნენ მათი აღდგენის სანაცვლოდ თურქეთის მოთხოვნებზე. ახლა ბაგრატთან მიმართებაში საზოგადოებას ალბათ ნელ-ნელა შეაპარებენ ტაძრის არატრადიციული მეთოდით გადახურვის ამბავს. ჯერჯერობით, პირდაპირ არ ამბობენ ამას, მხოლოდ ირიბ განცხადებებს აკეთებენ. ნიკა ვაჩეიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა:

”ძეგლი უკვე მზად არის, კონსტრუქციულად მყარია და პირველივე მიწისძვრის შემთხვევაში მის მთავარ ფასადს მიწაზე არ დაანარცხებს; პროექტის გაგრძელების შესაძლებლობა მრავალგვარია და ახლა საზოგადოებამაც უნდა გადაწყვიტოს ალტერნატიული პროექტებიდან საუკეთესო რომელი იქნება და ამასობაში იუნესკოც მოგვაშველებს თავის პოზიციას”.

გასული წლის ივლისში, ბრაზილიაში, იუნესკოს 34-ე სესიის დასრულების შემდეგ, ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის საიტზე დადო დასკვნა, რომელშიც გამოხატრული იყო სერიოზული შეშფოთება ბაგრატზე შეუქცევადი ჩარევების გამო. იუნესკომ “დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ცვლილებების“ განრიგიც გამოაქვეყნა და საქართველოსგან მოითხოვა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისთვის 1 თებერვლამდე წარედგინა ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში, რომელსაც განიხილავენ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესიაზე.

იუნესკოს დასკვნაში, რომლის ქართული თარგმანის შინაარსი ჩვენს მედია-საშუალებაში გასული წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა, სათაურით - ”იუნესკომ ბაგრატის ტაძარზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა”, აღნიშნულია, რომ “თუ ბაგრატის კათედრალზე სარეკონსტურქციო სამუშაოები გაგრძელდა, შესაძლოა, საბოლოოდ, ამოღებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან“.

ნიკა ვაჩეიშვილის განმარტებით, იუნესკოს დროულად წარედგინა ბაგრატის ტაძართან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში. მისივე თქმით, არაოფიციალური კონტაქტით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აქედან გაგზავნილი ანგარიში იუნესკომ დადებითად შეაფასა. როგორი იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის ოფიციალური დამოკიდებულება, საზოგადოებისთვის ცნობილი 35-ე სესიაზე გახდება, რომლის ჩატარების თარიღი და ადგილი ჩვენთვის უცნობია.

რომ არა საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების აქტიურობა, რაც ხშირ შემთხვევაში მას-მედიით გამოხატული არ ყოფილა, ატენის სიონს ბაგრატის ბედი შეიძლებოდა გაეზიარებინა. სპეციალურად მას-მედიისთვის მოწყობილი წარდგინებისას, ჩამონათვალში ნიკა ვაჩეიშვილმა ნომერ პირველად ატენის სიონი წარმოგვიდგინა და გვითხრა, რომ წელს ატენის სიონისთვის უნდა იყოს გარდამტეხი წელი; უნდა მოხდეს კედლის მხატვრობის, ფუნდამენტის და ფასადების კონსერვაცია, მაგრამ “ეს წელს არ დასრულდება, რადგან სამუშაო ძალიან ბევრია, ნელი საკეთებელია, ფაქიზად საკეთებელია და აჩქარება არ ივარგებს“.

სამუშაოების ნელა და ფაქიზად ჩატარებას ვაჩეიშვილის უწყება გერმანელ სპეციალისტებთან ერთად გეგმავს. როცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს ვთხოვეთ იმის დაზუსტება, კონკრეტულად რისი გაკეთება იგეგმება ატენის სიონთან მიმართებაში, მოგვიგო, რომ მთავარი პრობლემები სახურავსა და მთავარ კონსტრუქციას აქვს. ვაჩეიშვილმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ატენის სიონში ჩატარებული ბურღვითი სამუშაოების შესახებ:

“შარშან საბოლოოდ გავარკვიეთ, კლდის მდგომარეობა, საყრდენის მდგომარეობა, გაბურღვით. მუშა 8 მეტრზე ჩავიდა, იმუშავა და კინაღამ მოკვდა ის საწყალი. ანუ, ჩვენ უკვე ვიცით, როგორია კლდის მდგომარეობა და როგორია სუბსტრუქციის მდგომარეობა. ახლა გადაწყვეტილებას მივიღებთ თვითონ ტაძრის მკურნალობის საბოლოო ნიუანსებზე“.

იმაზე, თუ რა ბედი ელის ტაძრის სიახლოვეს ჩაჭრილ კლდეს და მოთხრილ მიწას, ვაჩეიშვილი განმარტავს, რომ ეს არის სამონასტრო პროექტირების საკითხი, რომელიც ჯერჯერობით ეპარქიის შიგნით განიხილება: “მთავარია ვერ დასტურდება ის, რომ იქ ამოთხრილმა ტაძრის ფიზიკური მდგომარეობა გააუარესა“.

ატენის სიონის გარშემო ხმაური სწორედ ამ ჩაჭრილმა კლდემ და ტაძრის სიახლოვეს მძიმე ტექნიკის მუშაობამ გამოიწვია. ატენის სიახლოვეს მიმდინარე სამუშაოები საპატრიარქოს მიერ 2009 წლის 24 სექტემბერს გავრცელებული განცხადების შემდეგაა შეჩერებული, რომელიც ატენთან ერთად ბაგრატის ტაძარსაც შეეხებოდა:

“...რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც...“

2011 წელს დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხაში შედის ასამდე ისტორიული შენობისა და ტაძრის რესტავრაცია, რეაბილიტაცია, კონსერვაცია. მათ შორისაა: სვანური კოშკების რესტავრაცია, ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტიმოთესუბნის კარიბჭის რეაბილიტაცია, სნოს კოშკის რეაბილიტაცია, გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება, ხობის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, ნიკორწმინდის ფერწერის კონსერვაციის პროცესის დასრულება, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის საინჟინრო-ჰიდროლოგიური სამუშაოების დასრულება, მარტვილის მარნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება, გელათის სამონასტრო კომპლექსის და იქ არსებული გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სასახლის რესტავრაცია, მუცოს 2-3 კოშკის საცდელი რესტავრაცია;

ასევე - ვაჩნაძიანთ ყველაწმინდას რეაბილიტაცია, სოფელ ახალსოფელში ძველი გავაზის ეკლესიის რეაბილიტაცია, კვიპროსში ლალოს ღვთისმშობლის რეაბილიტაცია, მცხეთის ჯვრის კომპლექსის რეაბილიტაცია, ბაგინეთის კომპლექსის რეაბილიტაცია, სვეტიცხოვლის მცირე რეაბილიტაცია და იუნესკოს რეკომენდაციით ერთ-ერთი ფრესკის რესტავრაცია, ალავერდის კათედრალის რეაბილიტაცია, ბორჯომში ფირუზას სასტუმროს რეაბილიტაცია (ირანელი სპეციალისტების დახმარებით), ქუთაისის მუზეუმის ბერძნულ-ქართული პროექტის განხორციელება...

დაახლოებით ორი წლის წინ ბაგრატის ტაძართან დაკავშირებული ხმაური გამოიწვია რესტავრაციის დროს თანამედროვე მეთოდების გამოყენებამ, რასაც გარკვეული სპეციალისტები წინააღმდეგობას უწევდნენ და რაც მოგვიანებით იუნესკომაც დაიწუნა. პრესაგე.ტვ-ს კითხვაზე - ზემოთჩამოთვლილი ტაძრების რესტავრაციას აპირებთ თანამედროვე მეთოდებით, თუ ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ? ნიკა ვაჩეიშვილმა მოგვიგო:

“როგორც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს, რა თქმა უნდა - ისე, მაგრამ მასალას ურმებით არ მივიტანთ, მანქანებით მივიტანთ. გარკვეული გაუგებრობები არის ხოლმე უფრო, ვიდრე რეალური ბაზისი, რადგან რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს ვერ ცვლის ვერავითარი ძველი მეთოდი; მაგიტომ არის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომ მან შეინარჩუნოს ძველი. ახალი კონსტრუქციის დაწუნებისას კარგად უნდა შეაფასონ, სანამ საზოგადოებას შეაშინებენ. სწორედ ესაა ჩვენი საქმე - განვსაზღვროთ, სად ასე და სად ისე. მაგალითად, ბაგრატზე საყრდენების გაძლიერებას ალტერნატივა არ ჰქონდა“.