"ტყუილი, რომელიც თვითონ გამოიგონეს არაერთგზის უკვე..." - როგორ აფასებს ოპოზიცია სუსის განცხადებას

აქციებზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება პოლიტიკური ურთიერთბრალდების თემაა. დესტაბილიზაციის გეგმას საპარლამენტო ოპოზიცია უსაფუძვლოს უწოდებს.

"ტყუილი, რომელიც თვითონ გამოიგონეს არაერთგზის უკვე... წლების მიხედვით განცხადებებში, სიტყვები მაინც შეცვალონ," - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით კი, სწორედ სუს-ის განცხადებების მეშვეობით ცდილობს ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას.

"სუ-სის აპოკალიფსური სცენარი, რომელიც არის "ქართული ოცნების" ფილიალი და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ყბადაღებულ რევოლუციებს, რომლითაც აშინებდნენ საკუთარ მოსახლეობას. არაერთი გამოძიება, რომელიც დაწყებულა და არ დასრულებულა, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება სუს-ის გამოყენება," - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიის წევრებს, ანა ბუჩუკურის შეფასებით, ნებისმიერი რადიკალური სცენარი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება, თუმცა, ბუჩუკურის შეფასებითვე, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, იმ ახალგაზრდებსა და დემონსტრანტებს, რომლებიც სადავო კანონპროექტს აპროტესტებენ, ბევრად უფრო გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, აქციებზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ, რომლის მიზანიც, დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა. სუსი აცხადებს, რომ პროცესები პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ იმართება. გეგმებში კი ჩართულები არიან ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, განიხილება პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმზე იერიშის გეგმები. "აქციების ორგანიზატორები კი იყენებენ "კანვასისა" და "აკერმანის" სწავლების მეთოდებს. "დაინტერესებული მხარისგან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს," - ნათქვამია განცხადებაში.