ბერლინში, ხოდორკოვსკის შესახებ დოკუმენტური ფილმის რეჟისორის – კირილ ტუშის ოფისი გატეხეს. როგორც იტყობინებიან, ბერლინის ცენტრში მდებარე საკუთარ ოფისში მისულმა რეჟისორმა კარი გატეხილი შენიშნა. “მოპარული იყო ყველა კომპიუტერი, მათ შორის, ის კომპიუტერიც, სადაც ხოდორკოვსკის ფილმის ორიგინალი ინახებოდა, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის შეკვეთით განხორციელდა,“ – აღნიშნა რეჟისორმა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ საქმით პროფესიონალები დაინტერესდნენ. თავად რეჟისორი კი ეჭვს არავიზე გამოთქვამს. დოკუმენტურ ფილმში “იუკოსის“ ექს-ხელმძღვანელთან პირადი ინტერვიუც იყო შეტანილი. რეჟისორი იმედოვნებს, რომ დარჩენილი სამუშაო მასალის მიხედვით, იგი ფილმის სრული სურათის აღდგენას შეძლებს.
“ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ფილმის ჩვენებაზე უარს არ ვიტყვი,“ – განაცხადა რეჟისორმა. მისი თქმით, ფილმის ჩვენებას იგი გაზაფხულზე მოსკოვშიც აპირებს. ფილმ “ხოდორკოვსკის“ გადაღებაზე კირილ ტუში უკვე ხუთი წელია მუშაობს.
ფილმის პროექტი გრანტებით ფინანსდება. დოკუმენტური სურათის გადაღებები მიმდინარეობდა რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ისრაელსა და აშშ-ში. ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივაზე 14 თებერვალს შედგება. შეგახსენებთ, ამ რამდენიმე კვირის წინ კირილ ტუშის სასტუმრო ნომერშიც განხორციელდა ქურდობა. უცნობებმა მოიპარეს დისკეტა, რომელზეც რეჟისორის დოკუმენტური მასალა იყო გადატანილი.