ლოტკინის საბჭო, ნაძალადევის საბჭო, ვაშლიჯვრის, ვეძისის, კუკიის, ავლაბრის საბჭოები, - სწორედ ასეთი ადმინისტრაციული ერთეულები შეემატება თბილისს თვითმმართველობის ახალი კოდექსით განსაზღვრული რეფორმის განხორციელების შემდეგ.
თვითმმართველობის ახალ კოდექსს და, კონკრეტულად, უბნის საბჭოების შექმნას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე „ოცნების“ კულუარებში შექმნილ კანონპროექტს უწოდებს, საიდანაც აბსოლუტურად იგნორირებულია პოლიტიკური სპექტრი. უფრო მეტიც, კაციტაძის აზრით, ჩვენ რეალურად არ გვაქვს შესაძლებლობა, ასეთი მნიშვნელოვანი კანონი დავუქვემდებაროთ საერთაშორისო ექსპერტიზას.
„ქართული ოცნების“ მესვეურთა მიერ შემოთავაზებულ ახალ კოდექსში პირველი პრობლემაა ის, რომ, როდესაც ეხები ქალაქს, ეხები თვითმმართველობას და მის გარკვეულ სისტემას თუ სტრუქტურას, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი არა მარტო კონკრეტული ქალაქის თვითმმართველობასთან, არამედ - მოსახლეობასთან, რამდენად უნდათ მათ ეს ყველაფერი. მეორეა, რომ ეს ყველაფერი დანახულ იქნას არა მხოლოდ თვითმმართველობის ადმინისტრირების, არამედ ფინანსების კუთხითაც. უბნის საბჭოების შექმნა აუცილებლად გაზრდის ადმინისტრაციულ ხარჯებს დედაქალაქში, რამდენადაც დაახლოებით 30 -35 ასეთი საბჭო უნდა შეიქმნას და თითოეულ საბჭოში უნდა იყოს 10-12 წევრი. ამავდროულად, ამ 30-35 საბჭოს უნდა ჰყავდეს ხუთკაციანი სამი აპარატი. ეს ყველაფერი ერთმანეთს მიუმატეთ, გადაამრავლეთ და მარტო ადმინისტრირების ხარჯების ნაწილში თქვით, რა თანხების მობილიზება იქნება საჭირო დედაქალაქის ბიუჯეტიდან,“- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ For.ge-სთან საუბარში და აღნიშნული საბჭოების არაადეკვატურობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ამ ტიპის რეფორმა არ შეიძლება, ერთი პოლიტიკური, თუნდაც მაღალრეიტინგული სახელისუფლო ძალის გადაწყვეტილების ნებაზე იყოს მიშვებული. მისი მოსაზრებით, თუ ლაპარაკია საზოგადოებრივ ჩართულობაზე, ეს ჩართულობა შეიძლება მოხდეს არა ასე დაწვრილმანებული უბნების მასშტაბით, არამედ თუნდაც - დღევანდელი გამგეობების არეალში. სწორედ ასეთ შემთხვევაში, არ გაიზრდება ადმინისტრაციული ხარჯები.
„უნდა განისაზღვროს კონკრეტული კომპეტენციები, რათა არჩეულმა მერმა და, ასევე, არჩეულმა საკრებულომ რაღაც სტაბილურობა იგრძნოს საკუთარ საქმიანობაში. მოქალაქეების ჩართულობა და გახსნილობა აუცილებელია, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების გაბერვა-გაზრდის ხარჯზე. როდესაც ჩვენ შევხვდით ამ კოდექსის პროექტის ავტორებს, მათ მოყვანილი ჰყავდათ ურბანისტები, რომლებმაც გვითხრეს, რომ დაახლოებით 30-35 ტრადიციული უბნის საზღვრებში უნდა აირჩეს ეს საბჭოები და მაგალითისთვის იყო დასახელებული ზემო სიონი და კალაუბანი“,- აცხადებს მამუკა კაციტაძე.
ჩვენს შეკითხვაზე, ამით დედაქალაქის საკრებულოს როლის დაკნინება ხომ არ ხდება, მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ასე არ უნდა იყოს, მაგრამ გულსატკენია, რომ ხდება ფუნქციების გადაფარვა. კერძოდ, როდესაც დედაქალაქში არსებობს 50-კაციანი საკრებულო, ის ფუნქციები, რაც თვითმმართველობამ უნდა იტვირთოს წარმომადგენლობითი ორგანოს ნაწილსა და სეგმენტში, აბსოლუტურად საკმარისია. მით უმეტეს, გვყავს რაიონების, უბნების, თუ ოლქების წარმომადგენლები მაჟორიტარების სახით. ამიტომ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ეს საუბნო საბჭოები.
გარდა ამისა, მამუკა კაციტაძის აზრით, ეს უფრო ემსგავსება პარტიული მანქანის შექმნის მცდელობას კონკრეტული ხელისუფლებისთვის და არა - საზოგადოების ჩართულობას. მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგონა ამხანაგობები და კოორდინატორები და, ფაქტობრივად, ბიუჯეტზე ააწყო პარტიული მანქანა. ახლა უკვე „ქართული ოცნება“ სოფლებსა და ქალაქებში გვთავაზობს საზოგადოებრივ საბჭოებს, რომლებიც იქნება პირდაპირ პარტიული მანქანა და სხვა არაფერი.
ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ჩვენთან საუბრისას უბნის საბჭოების შექმნის იდეას იწონებს და აცხადებს, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მოქალაქეთა გააქტიურებაზე, მათ ჩართულობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მოქალაქეების პასუხისმგებლობის გაზრდაზე ადგილობრივ პრობლემებში და მათი მეთვალყურეობისა თუ მონიტორინგის ამაღლებაზე ხელისუფლების მიმართ.
ამდენად, აბსოლუტურად სწორი მიდგომაა, რომ შეირჩევიან ადამიანთა კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც საკუთარ უბანში თუ დასახლებაში ექნებათ მაღალი ნდობა. ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ უბნის საბჭოებს კი ძირითადად სათათბირო ფუნქცია ექნებათ. ისინი თავიანთი უბნის პრობლემების პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და საკრებულომდე ან მერიამდე მიიტანენ. ამის შემდეგ ამ პრობლემების გადასაჭრელად მონიტორინგს განახორციელებენ.
„აქამდე ნაციონალების პოლიტიკა კომუნისტური იყო. მათი იდეოლოგია ასეთი გახლდათ - ჩვენ ვიცით, თქვენ რაც გჭირდებათ და ჩვენვე გაძლევთ შემოთავაზებებს ისე, რომ თქვენ არჩევანი არ გაქვთ. არადა, რეალური თვითმმართველობის განხორციელებისას ხალხს ეკისრება პასუხისმგებლობა. მამუკა კაციტაძე და სხვა ოპონენტები ფინანსურ თემაზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ეს არ იქნება ანაზღაურებადი საქმიანობა, მხოლოდ თავმჯდომარე, ანუ პირველი პირი იქნება ხელფასიანი. ამდენად, უბნის საბჭოების შექმნა ფინანსების განსაკუთრებულ ზრდას არ გამოიწვევს, თუმცა მათი დატვირთვა ძალიან მაღალი იქნება. ამით კორუფციის შესაძლებლობები შემცირდება. ეს იქნება სათემო ტიპის ორგანიზაცია“, - გვითხრა გულიკო ზუმბაძემ.
მანვე გაიხსენა, რომ ვარდების რევოლუციამდე თბილისში არსებობდა საუბნო-სათემო ორგანიზაციები - სამგორის, ვარკეთილის, დიღმის და სხვა, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის საქმეში, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამ სათემო ორგანიზაციას ყველა შესაძლებლობა გადაეჭრა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაკლა ამგვარი აქტივობები.
ახალი კანონპროექტით კი, ხელი შეეწყობა ამგვარი აქტივობის ხელახლა აღორძინებას და ამას კანონის სახე მიეცემა. კერძოდ, მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ და აქვთ უნარი, იყვნენ ლიდერები თავიანთ უბანში, აირჩევენ ამ ორგანოში, შემდეგ უკვე ეს ორგანო აირჩევს თავმჯდომარეს და ეს იქნება არაჩვეულებრივი პროცესი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში.
„ევროპის ბევრ ქვეყანაშია ამ ტიპის ორგანიზაცია. თემი უნდა იყოს ფხიზლად ჩართული საკუთარი პრობლემების დასახვაში, მათ გადაწყვეტასა და კონტროლის თუ მონიტორინგის პროცესში,“- განმარტავს გულიკო ზუმბაძე.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის ახალი კოდექსის უმთავრესი სიახლე ისაა, რომ თბილისის მოწყობაში უბნის საბჭოების ინსტიტუტი შემოდის, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენისა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნება. უბნის საბჭოები განახორციელებენ კოდექსით მათზე გადაცემულ უფლებამოსილებებს. უბნის საბჭოს შეუძლია, მოამზადოს და დაამტკიცოს საპროექტო განაცხადები; დააყენოს რაიონის გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხი; საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიცირება მოახდინოს და ა.შ. უბნის საბჭოს წევრი თავის უფლებამოსილებას განახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.
კიდევ ერთი სიახლე საკრებულოს მიერ მერისთვის უნდობლობის გამოცხადებაა. საკრებულოს სიითი შემადგენლობის 2/3-ს შეეძლება, მერს უნდობლობა გამოუცხადოს, რის შემდეგაც მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. უნდობლობის საფუძველი შეიძლება იყოს თბილისის ამომრჩევნლის 20%-ის მოთხოვნა ან თბილისის საკრებულოს შემადგენლობის ნახევრის მიერ დასმული საკითხი. რეფორმის შემდეგ, ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება მხოლოდ საკრებულოს ექნება.