პაატა მანჯგალაძე: მივმართავ გომელაურს, ვაჟკაცობა ეყოს, ჯერ ხაბეიშვილის ცემის ამბავი გამოიძიოს და მერე გამოიძიოს დანარჩენი

პაატა მანჯგალაძე: მივმართავ გომელაურს, ვაჟკაცობა ეყოს, ჯერ ხაბეიშვილის ცემის ამბავი გამოიძიოს და მერე გამოიძიოს დანარჩენი

მივმართავ გომელაურს, კაცობა და ვაჟკაცობა ეყოს, ჯერ ხაბეიშვილის ცემის ამბავი გამოიძიოს და მერე გამოიძიოს დანარჩენი ამბები, იმიტომ, რომ იმ სტანდარტს, რასაც აწესებ, პირველ რიგში, შეიძლება გადაგხდეთ თქვენ - მე არ მინდა, მომავალში ვინმე „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერს ისე მოექცეს, როგორც „ქართული ოცნება“ ლევან ხაბეიშვილს მოექცა, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებაში“ ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც „ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ სადამსჯელო სპეცოპერაციას დაგმობდა“.

ამასთან, მისივე თქმით, რამდენიმე მომიტინგესთან დაკავშირებით არის გამოყენებული რეზინის ტყვიები, რასაც ხელისუფლება უარყოფს.

„იმედია, ვინმე თავხედი “ქართული ოცნებიდან “ახლა არ გამოვა და არ იტყვის, რომ რეზინის ტყვიები თავად ისროლეს აქციის მონაწილეებმა. იმედია, ასეთ სისულელეს ვინმე არ იტყვის”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

დეპუტატის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ახალგაზრდები საქართველოს სიყვარულის გამო არიან გამოსულები.

„ქართული ოცნებისგან” და ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით არასდროს ახალგაზრდებზე არანაირი პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ვაპირებ. ეს ახალგაზრდები საქართველოს სიყვარულმა მოიყვანა, ასევე, იმან მოიყვანა, რომ ზუსტად იციან, რომ ეს “რუსული კანონი” ზუსტად ისე უხერგავს გზას საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, როგორც პარლამენტის ერთ-ერთი გამოსავლელი იყო. ამიტომ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ გონს მოეგოს. ისინი საქართველოს სიყვარულის გამო არიან გამოსულები.

როცა "რობოკოპებით" წინა დღეს ცხვირ-პირი გაუერთიანეს ძალიან ბევრ ადამიანს და მათ შორის, ამ ქვეყნის ძალიან კარგ პატრიოტს, ოპოზიციის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს, მერე რაღაცა შუშა ჩაიმსხვრა, ლევან ხაბეიშვილის ძვლები არაფერი არ ღირს და შუშა არის ღირებულება?! ჩვენ არ გვინდა არანაირი არეულობა, დაძაბულობა. ამ ფარისევლობას მოეშვან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართლა ვნების კვირაა. რას აკეთებენ, რა აქვთ დაგეგმილი. ახლა ჰგონიათ, რომ ხალხი წავა რაიონებში, საფლავებზე და რა იქნება? - უკან ვერ ჩამოვალთ?

მათი ამოცანა ყოფილა თურმე ქართველი ხალხის დაღლა. პური ვერ შემოგიტანიათ იაფად და საწვავი, თურმე დაღლა გახადეს ამოცანა! ვერ ხედავთ, არ ვიღლებით არცერთი ქართველი!”, - განაცხადა მანჯგალაძემ.