დაისვენეთ და დაგვასვენეთ

დაისვენეთ და დაგვასვენეთ

[ლევან სეფისკვერაძე]
ზაფხულის დადგომისთანავე, საქართველოში არსებული მწვავე პოლიტიკური სიტუაცია შესამჩნევად დაწყნარდა. პოლიტიკოსების ერთი, საკმაოდ დიდი ნაწილი მოგონილი თუ რეალური მიზეზებით, დახვითქულ დედაქალაქს გაეცალა და თავი მრავალი ქართველი პოლიტიკოსის მნახველ უცხოეთის უცნობილეს კურორტებს შეაფარა.

მეორე ნაწილი კი სამამამულო კურორტების სტუმრობით გადის ფონს. ქართული მომაკვდავი შოუბიზნესის “უკვდავმა” წევრებმა და “პროფესიონალმა თბილისელებმა”, ანუ საქმეში ჩაუხედავად რომ ვთქვათ - “ცნობილმა სახეებმა” თადარიგი ადრევე დაიჭირეს და სარეკლამო კლიპებიდან, თუ სხვა აქტივობებიდან მორჩენილი თანხები კარგა ხანია დასასვენებლად “მოაყუჩეს” და ვითომცდა შრომით დაღლილი ხალხის გამომეტყველებით, დააბიჯებენ ბათუმისა თუ ქობულეთის ბულვარებზე.

დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილიასთვის ფაქტია, რომ ზაფხულში დასვენება ფაქტობრივად მიუღწეველი ოცნებაა და თბილისის სკვერებში და პარკებში დასვენებაც მათთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს. დასვენებაზე ადვილი ერთი შეხედვით არაფერია. წახვალ, დაჯდები მთაწმინდის პარკის ძელ-სკამზე, ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ, გაივლი, გამოივლი და ეგ არის, მაგრამ დაგვეთანხმებით, თავმოყვარე ქართველი ბაბუისათვის სულაც არ არის სასიამოვნო, როდესაც სკვერში სეირნობისას, შვილიშვილი კარუსელზე დაჯდომას სთხოვს და უფულო ბაბუას ამ დროს სიტყვის ბანზე აგდების გარდა, სხვა არაფერი დარჩენია.

საქართველოს კურორტებზე წამსვლელი დამსვენებლების საერთო რიცხვი წელს საგრძნობლად არის შემცირებული. შარშანდელი ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამოისობით, მოსახლეობას დასასვენებლად გადასადები ფული ფაქტობრივად აღარ დარჩა. ხოლო ისინი, ვინც თანხების დაზოგვა შეძლეს, დასვენების შედარებით იაფფასიან და ნაკლებხარჯიან გზას ეძებენ.

საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოები აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით (აგვისტოს თვის გამოკლებით), დამსვენებელთა რიცხვი 40-50 პროცენტით არის შემცირებული. ეს ეხება როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებს. დამსვენებელთა დიდმა ნაწილმა საკუთარ, ანდა ნათესავ ახლობლების აგარაკებს მიაშურა, სადაც დასვენება ფინანსურად ბევრად უფრო შეღავათიანია.

გიორგი ხიმშიაშვილი, სტუდენტი: „რომ ვაკვირდები, წელს ახალგაზრდების უმეტესობა სოფლებში მიდის. ეს სოფლები შეიძლება სულაც არ არის საკურორტო ზონები, მაგრამ სულ არაფერს, თბილისიდან გასასვლელად, თუნდაც ქვემო ქართლში წასვლა სჯობია. მე და ჩემი მეგობრებიც ამას ვაპირებთ. ივლისის შუა რიცხვებში გვინდა, რომ ჩემი მეგობრის სოფელში, თეთრი წყაროს რაიონში წავიდეთ. მეგობარი ადრეც ბევრჯერ გვეხვეწა იქ წამოდითო, მაგრამ მაშინ იმდენ ფულს ვუყრიდით თავს, რომ ქობულეთში ორი კვირით მაინც მივდიოდით ხოლმე. ახლა კი, ამის ფული ნამდვილად არა გვაქვს და იძულებულები ვართ, იაფი გზა მოვნახოთ“.

რაც შეეხება უცხოეთში, უმეტესად თურქეთში წასვლის მსურველებს, მათი რიცხვი შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფულად შემცირდა. როგორც ჩვენთან საუბარში ტურისტული ცენტრის - „მოგზაურის“ თანამშრომელი, ეკატერინე გაბელია აცხადებს, მათ მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული თურქეთში იაფფასიანი დასვენების სერვისი პრაქტიკულად ჩავარდა, რადგან ვისაც ფული აქვს, ის მაინც მდიდრულ და ძვირიან დასვენებას ესწრაფვის, საშუალო ფენა კი, როგორც უკვე ვთქვით, ხშირ შემთხვევაში საქართველოს კურორტებზეც კი ვერ ისვენებს.

დღეისათვის, თბილისში 6-7 ტუროპერატორი კომპანია არსებობს, რომლებიც დასვენების და მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს სთავაზობენ მომსახურებას. უცხოელი ვიზიტორები საქართველოში ძირითადად სათავგადასავლო ტურებით შემოდიოდნენ, სადაც დასვენებას მცირე ადგილი უკავია. ისინი ძირითადად მოგზაურები იყვნენ, რომელთაც სხვადასხვა სახის მძაფრი ემოციებიის მიღება აინტერესებდათ. მაგალითად, როგორც დიდი მოთხოვნა იყო მთის ტურებზე, სადაც შედის მწვერვალებზე ასვლა და თრეკინგი, ანუ ფეხით სიარული, ასევე ხშირი იყო ჯიპ–ტურით დაინტერესება, რაც ორხიდიანი მანქანით გაუვალ ადგილებში სიარულს გულისხმობს.

ამ მიზნით, თურმე, უფრო მეტად ისრაელიდან და ამერიკიდან ჩამოდიოდნენ. მათ ჯიპტურს ივრისპირების მიდამოებში, ზეკარის უღელტეხილსა და სნოს ხეობაში სთავაზობდნენ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, არაერთი უცხოელი ჩამოდიოდა საქართველოში ჩიტებზე დაკვირვების მიზნით. მათ ძირითადად მტაცებელი ფრინველები აინტერესებდათ. ე.წ. ბერდვოჩინგისათვის ისინი ყაზბეგიში, გარეჯისა და მაღალმთიან აჭარაში მიჰყავდათ. თუმცა, ეს სფეროებიც ბოლო დროს ჩაკვდა.

გარდა ამისა, არიან ისეთი მოგზაურ დამსვენებლებიც, რომელთაც ცხენებით მოგზაურობა სურთ. ასეთი ტურის განხორციელება შესაძლებელი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ნაკრძალში, ყაზბეგის რაიონში და თუშეთში იყო. ადრე არაერთი ტურისტი ჩამოდიოდა იმ მიზნით, რომ საქართველოში ველოსიპედით ემოგზაურა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ესეც უკვე დიდ რისკად ითვლება.

საქართველოში დამსვენებელთ მომსახურება არც თუ ისე იაფი ჯდება, როგორც ეს ბევრს ჰგონია ფასები დამოკიდებულია ტურისტულ პროგრამაზე, მის ხანგრძლივობასა და ჯგუფის წევრთა რაოდენიბაზე. თურქეთთან შედარებით ჩვენთან მაღალი ფასებია და თანაც ეს მოუწყობელი სასტუმროების, რესტორნებისა და რაც მთავარია, მთებში დანგრეული გზების ფონზე.

განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია სვანეთისა და თუშეთისკენ მიმავალი გზები, სადაც ავტობუსი ათწლეულებია არ დადის. ესეც ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ საკურორტო სეზონზე უარყოფითად მოქმედებს.