პარლამენტში ინიცირებულ კანონს, რომლის თანახმადაც, ცივი იარაღის, მათ შორის, ეროვნულ ტანისამოსზე ხანჯლის ტარება გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს, „ჩოხოსან რაინდთა დასის“ თავმჯდომარე გოგი დოლიძე ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ პარლამენტმა ამ კანონპროექტს მხარი არ უნდა დაუჭიროს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ კანონის ინიცირება მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ამ სამიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუშკინის სკვერთან „ჩოხოსნებმა“ შელაპარაკების დროს ძმები დაჭრეს. ერთ-ერთ დაშავებულს ჭრილობები სახისა და თავის არეში ჰქონდა მიყენებული. თუმცა ექიმების განცხადებით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 118-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით აღიძრა.
ფორუმებზე გაჩნდა შეფასებები, რომ ჩოხოსნებისთვის შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენებინათ და მაშინ პუშკინის სკვერში დაპირისპირებაც არ მოხდებოდა. თუმცა იყო განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ჩოხოსნები არავისზე მაღლა არ დგანან და შეურაცხყოფის გამო ადამიანის დაჭრის უფლება მათთვის არავის მიუნიჭებია.
„ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად ჩოხოსან რაინდთა დასის“ დარბაზის თავმჯდომარის - გოგი დოლიძის თქმით, უშუალოდ მისი ორგანიზაცია უკვე რვა წელია, რაც იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული და ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის არც ერთ წევრს დანაშაული არ ჩაუდენია.
„გამორიცხულია, ხანჯლის ტარება აგვიკრძალონ, მსგავს კანონს არ მიიღებენ. ქართველ კაცს ჩოხის ჩაცმას ვერ აუკრძალავენ. ყველაფერი უკავშირდება პუშკინის სკვერში მომხდარ ინციდენტს, მაგრამ გაურკვეველია, ვინ იყო ის კაცი, ვინც დაჭრა ვიღაც-ნამდვილად ჩოხოსანი იყო თუ ჩოხიანი. ამ ორ ცნებას შორის დიდი განსხვავებაა. ჩოხიანი შეიძლება იყოს ნებისმიერი კაცი, ვინც ჩაიცვამს ჩოხას. თუ ასეა, სულ ახლახანს ინაუგურაციის დროს სწორედ ჩოხებით შემოსილმა სახელმწიფო დაცვის მუშაკებმა გამოიტანეს სახელმწიფო დროშა და აღმართეს. ამიტომ გამოაცხადონ გვარი და სახელი, რათა ჩვენც გადავამოწმოთ, ვინ იყო დამნაშავე პუშკინის სკვერში მომხდარი ფაქტის გამო “,- აცხადებს გოგი დოლიძე For.ge-სთან საუბარში.
მისივე თქმით, ჩვენს პარლამენტში ისეთი ადამიანი არ ეგულება, ვინც ამ უაზრობას მხარს დაუჭერს. მას ვერ წარმოუდგენია, რომ იაპონურ კიმანოს გარკვეული ატრიბუტი მოაკლონ და იაპონიის პარლამენტმა ამის შესახებ იმსჯელოს, ან კიდევ, შოტლანდიელებმა უარი თქვან თავიანთი ეროვნული სამოსის ჩაცმაზე.
„დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის - „ჩოხოსნები 1973“ დამაარსებელი ჰენრი კუპრაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ადამიანები, ვისაც უყვარს ქართული ჩოხა, მთელი თავისი აღკაზმულობით, არ შეიძლება, დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, ანუ იმ ხალხს, ვინც ამ კანონის ინიცირებას ამზადებს. არადა, ასეთი დაპირისპირება გარდაუვალია. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პროვოკაციაა და შეუძლებელია, ქართველმა კაცმა ჩოხა ჩაიცვას და ზედ ხანჯალი არ ჰქონდეს.
„ჩოხის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია ხანჯალი, ისევე, როგორც მასრები და სხვა. ამიტომ ეს არის პროვოკაცია. თითქოს მიზანმიმართულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე ჩოხოსნებმა დაჭრეს ადამიანები. ჯერ არ ვიცით, ჩოხოსნები იყვნენ თუ არა მართლაც ის ადამიანები. ხომ შეიძლება, ჩოხა ეცვას არაჩოხოსანს- მომღერალს, მოცეკვავეს? ბოლოს და ბოლოს, ჩოხები აცვიათ თავდაცვის სამინისტროში საპატიო ყარაულში მდგარ ადამიანებსაც. ამიტომ ეს არის პროვოკაციული ქმედება და, ვინც ამ კანონპროექტს ლობირებს, ანტიქართველად მიმაჩნია. ეს ქართული სულის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა“, - აცხადებს ჰენრი კუპრაშვილი და ამ ყველაფერს უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ შემოგდებულ თემას უკავშირებს, რომლებსაც სურთ, დაპირისპირება შეიტანონ ქართულ საზოგადოებაში.
მისი აზრით, ქართველთა 90% ამ ეროვნული ტანსაცმლის პატრიოტია. ამდენად, ჰენრი კუპრაშვილის თქმით, მაშინ ბოთლებიც უნდა ავკრძალოთ და პლასტმასის ბოთლები დავდოთ რესტორანში, რადგან რესტორანშიც მოუკლავთ ადამიანი ბოთლით, ასევე, სამუშაო იარაღი-თოხიც უნდა ავკრძალოთ, რადგან თოხითაც მომხდარა ტრაგედია.
უბრალოდ, ჰენრი კუპრაშვილის აზრით, პრობლემატური სულაც არ არის ჩვენი ერისთვის, ხანჯალს მოაცილებ ჩოხას თუ არა. სხვა პრობლემები დგას ქვეყნის წინაშე და, პრეზერვატივების არ იყოს, რატომ აკეთებს ამაზე აქცენტს საქართველოს პარლამენტი, გაუგებარია.
„ჩვენი ორგანიზაცია 1973 წელს, ანუ 40 წლის წინ დაარსდა. მაშინ ნახევრად არალეგალურად ვიყავით. დღევანდელი ჩოხოსნებისგან იმით განვსხვავდებოდით, რომ საბჭოთა წყობილების დროს ჩოხები პროტესტის ნიშნად ჩავიცვით. იმ დროს დავით აღმაშენებელს 900 წელი შეუსრულდა, უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და იმის ნება არ მომცეს, კედლის გაზეთი მიმეძღვნა დავით აღმაშენებლისთვის“, - აღნიშნა ჰენრი კუპრაშვილმა.
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ხანჯალი არის აქსესუარი და ამით დამთავრდა ყველაფერი. მისი აზრით, სასაცილოა ამ საკითხის ინიცირება.
ამასთან, ჯემალ ჭკუასელი ეჭვობს, რომ ჩოხოსნებს ვინმე დაეჭრათ, რადგან ჩოხოსნებზე წესიერი ხალხი მას არ ეგულება დედამიწის ზურგზე.
„თუ გინახავთ, რომელიმე ფესტივალზე ან ფორუმზე რომელიმე ერის წარმომადგენელს თავისი ეროვნული ტანსაცმელი არ ეცვას?! ჩოხა არის უკოხტავესი ტანსაცმელი, ულამაზესი კოსტიუმი“,-მიიჩნევს ჯემალ ჭკუასელი.