აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დროებით დაუშვა ენერგეტიკის სფეროში ოპერაციები რუსულ ბანკებთან, როგორებიცაა „ცენტრობანკი“, VTB, „სბერბანკი“ და „ალფა-ბანკი“. ამის შესახებ Deutche Welle იტყობინება.
მათი ცნობით, ამერიკული უწყების მიერ გაცემული ლიცენზიის თანახმად, ოპერაციებზე აკრძალვა 2024 წლის პირველ ნოემბრამდე მოიხსნა. ამასთან, შესაძლებელია აკრძალვის მოხსნის გაგრძელებაც.
უწყებაში აზუსტებენ, რომ ენერგეტიკის სფეროში ოპერაციებად ჩაითვლება ტრანზაქციები, რომლებიც ნავთობის, თხევადი გაზის, ხის მასალის, ნახშირის და ურანის მოპოვებას, წარმოებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და შეძენას ეხება. ლიცენზია ასევე უშვებს რუსულ ბანკებთან იმ ტრანზაქციებს, რომლებიც უკავშირდება სხვა სახის ენერგიის შეძენას, გაცვლას ან წარმოებას.
2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა რუსული ბანკების წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა. სანქციები რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებსაც შეეხო.