დღეს 877 სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინები გადაეცა. ბინების გადასაცემად ვარკეთილში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მივიდნენ. მათ ადგილზე მისულ სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს ბინების გასაღებები პირადად გადასცეს.
პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ახალი საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს და მათ ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცეს. “ჯარისკაცობა არის ერთის მხრივ ძალიან საამაყო, საპატიო, მაგრამ, ამავდროულად ძალიან სახიფათო პროფესია. ჯარისკაცობა მოითხოვს ძალიან დიდ თავდადებას, თავგანწირვას, ვინაიდან, ისინი 24 საათის განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საკუთარ სამშობლოს. ჩვენ გვაყვს ძალიან ბერვი გმირი ჯარიკაცი. ჩვენ ვართ ამაყი ერი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ვაჟკაცი ჯარისკაცი გმირულად, ვაჟკაცურად დაიღუპა ძალიან ბევრ ბრძოლაში, იქნებოდა ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა თუ საერთაშორისო მშვიდობაში შეტანილი წვლილი. ასე, რომ მე მათ წინაშე, მათი ოჯახების წინაშე ქედს ვიხრი.
საქართველოს აქვს ამბიცია, რომ იყოს ევროპული ქვეყანა და ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ ის სტანდარტები, რაც არის დაწესებული ევროპელი ჯარისკაცებისთვის, იგივე სტანდარტები დავუწესოთ ჩვენს ჯარისკაცებს. სწორედ ამ მიზნით დღეს გვაქვს ძალიან ბედნიერი დღე. საქართველოს მთავრობის სახელით, ჩვენ დაახლოებით 900-მდე სამხედრო მოსამსახურეს გადავეცით საცხოვრებელი ბინები. მათ შორის არიან ისეთბი, ვინც გმირულად დაიღუპა, ასევე, დაჭრილები, ამპუტირებულები, დაინვალიდებული ჯარისკაცებიც. რაც მთავარია, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენი ვალია, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ჯარისკაცების ღირსეულ ცხოვრებაზე. ქვეყნის იმიჯი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ ჯარისკაცზე, მოქალაქეზე. დღევანდელი დღე არის იმის ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ჯარისკაცებზე. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჯარისკაცი კიდევ არის დარჩენილი ბინების გარეშე. მაგრამ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დანარჩენი ჯარისკაცებიც დაკმაყოფილდნენ ბინებით. “ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით: „პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, მშენებლებს, ვინც შრომა ჩადო და ეს კორპუსები დაასრულა. მინდა ასევე დავპირდე ჩვენს ჯარისკაცებს, რომ ეს სამუშაოები გაგრძელდება და ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს ჩვენი გმირი ვაჟკაცების, სამხედროების მიმართ, იქნება შესრულებული. აქვე მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც თავიდანვე მობილიზება გაუკეთა სამთავრობო სახსრებს, რომ ეს მშენებლობები დაგვესრულებინა. ჩვენი მთავრობის მიერ გაგრძელდება ყველა სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფა, რათა მათ თავისი ამოცანის ღირსეულად შესრულება შეძლონ.“
ბინა საკუთრებაში გადაეცათ ავღანეთში ISAF-ის და ერაყში OIF მისიის შესრულების დროს, ასევე, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული 22 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. ბინით დაკმაყოფილდნენ ავღანეთში ISAF-ის, ერაყში OIF მისიის, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად და სხვა ვითარებაში დაინვალიდებულ 37 სამხედრო მოსამსახურეს. მათთვის ბინები სპეციალური პროექტით გარემონტდა და ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ის 609 სამხედრო, რომელთაც შეასრულეს საქართველოს თავდაცვის სამნისტროსთან დადებული კონტრაქტის პირობები და ამ კონტრაქტის შესაბამისად ეკუთვნით საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა. ბინა გადაეცა ასევე 170 მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში განაწილების კომისიის მიერ ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში არსებული საცხოვრებელი ბინები სამსახურებრივ სარგებლობაში გადაეცა იმ 39 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთაც 2013 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით არ დაუსრულებიათ კონტრაქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის ვადა, დღესაც მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში და კონტრაქტის საფუძველზე ექვემდებარებიან საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას.