სამხედროებისთვის ბინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში (ვიდეო)

სამხედროებისთვის ბინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს დღეს იუსტიციის სახლში ბინები ოფიციალურად გაუფორმდათ. რეგისტრაციის გასავლელად სამხედროები და მათი ოჯახის წევრები დილიდან იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ. რეგისტრატორებმა ადგილზე ორგანიზებულად უზრუნველყვეს ხელშეკრულების გაფორმება და კოტრაქტებზე ხელმოწერა. ბინები სამხედრო მოსამსახურეების სახელზე დარეგისტრირდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველ სამხედროებს და მათ ოჯახებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ქ. თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში მდებარე საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცათ.

თავდაცვის, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდა ყველა სათანადო დოკუმენტაციის სამართლებრივი მოწესრიგება და მომზადება. საცხოვრებელი ფართების ახალ მფლობელებს კანონის ყველა ნორმისა და წესის დაცვით ბინები პირად მფლობელობაში გადაეცათ.

ბინა საკუთრებაში მიიღეს ავღანეთში ISAF-ის და ერაყში OIF მისიის შესრულების დროს, ასევე, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა. ბინით დაკმაყოფილდნენ ავღანეთში ISAF-ის, ერაყში OIF მისიის, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად და სხვა ვითარებაში დაინვალიდებული სამხედრო მოსამსახურეები. საცხოვრებელი ფართი გადაეცათ იმ სამხედროებს, რომელთაც შეასრულეს საქართველოს თავდაცვის სამნისტროსთან დადებული კონტრაქტის პირობები და ამ კონტრაქტის შესაბამისად ეკუთვნით საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა. ბინა მიიღეს ასევე მოქმედმა სამხედრო მოსამსახურეებმა, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინები.