"ჯარის მეგობართა საზოგადოების" გამგეობა აირჩიეს (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს "ჯარის მეგობართა საზოგადოების" გამგეობა აირჩიეს. გამგეობის წევრებმა ხელმოწერით დაადასტურეს მზადყოფნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყონ ხელი. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრო: „მინდა ჯარის მეგობართა საზოგადოების გამგეობის ყველა წევრს, ბატონი კახი კავსაძის თაოსნობით, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ გახდნენ ჯარის მეგობრები. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უამრავი ღონისძიება, ჯარის პოპულიზაცია. საზოგადოებისა და ჯარის გაერთიანება არის მთავარი ამოცანა ამ საზოგადოების, რომელიც შეიქმნა. ჩვენ გვაქვს უამრავი საგანმანათლებლო პროექტი უკვე დაწყებული. ლექციებს კითხულობენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები. კინო-აკადემია გვეხმარება და ქვედანაყოფებში, ბატალიონებში კინოჩვენებები ეწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ხელოვნებასთან შეხება ჰქონდეს ჯარს. მომავალი წელიც დატვირთული იქნება ღონისძიებებით. მთავარი ამოცანა არის რომ ჯარმა, ჩვენი სამხედროების ოჯახებმა იგრძნონ, რომ საზოგადოება მათზე ზრუნავს და ამაყობს მათით.“

"ჯარის მეგობართა საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარედ ქართველი მსახიობი კახი კავსაძე აირჩიეს. მან ამ საზოგადოების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობასა და სამხედროებზე ზრუნვის აუცილებლობაზე ისაუბრა: „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი დიდი ნდობა. მე არ ვიცი როგორ შევძლებ ამის გაკეთებას, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ამ საზოგადოებამ, შეიარაღებული ძალების მეგობართა გაერთიანებამ, უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ჯარიკაცი მიხვდეს, რომ საზოგადოებამ იცის ვინ არის ჯარისკაცი, მათი გულისტკივილი, იცის რა სჭირდება და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც გავაცნობთ საზოგადოებას, რას საქმიანობს ჯარი, რისთვის იბრძვის, რისთვის ემზადება. მთავარი არის, რომ ჩვენ, საზოგადოება ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ჩვენი ჯარისკაცების ყოფას, ცხოვრებას, მოღვაწეობას და მათ საქმეს, რომელსაც ქვეყნის დაცვა და სიყვარული ქვია.“

„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ფარგლებში უკვე განხორციელდა რამდენიმე საინტერესო პროექტი. პერიოდულად იმართება საჯარო ლექციები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და კადეტთა ლიცეუმში, ასევე, სამხედრო ნაწილებში. მეგობართა საზოგადოების წევრები ესაუბრებიან მათ თავიანთ გამოცდილებაზე, ქვეყნისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საინტერესო სხვა თემებზე. ასევე, იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები მოქმედი და მომავალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები უსასყიდლოდ მართავენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ოქტომბერში, „მეგობართა საზოგადოების“ ლოგოტიპზე კონკურსი გამოცხადდა. დღეს ღონისძიებაზე თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მათ მიერ შექმნილი ლოგოტიპები წარმოადგინეს.