მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს. ალექსანდრე დანელიას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. დანელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით პილიციის მაღალჩინოსის გარდაცვალება ხურჩის ინციდენტს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ დანელია,  რომელიც ხურჩის ინციდენტში ბრალდებულ, რომან შამათავას მეგობარი იყო, დაიკითხა და ვრცელდება ვერსია, რომ დანელია მოკლეს. მკვლელობის მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მისი ალაპარაკება არ აწყობდათ.

„დანელია ინფორმირებული იყო რა ხდებოდა შამათავას თავს, როგორ იქცეოდა და რა დავალებებს ასრულებდა ის. აქიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მკვლელობა. მითუმეტეს, რომ ასეთი რამე პრაქტიკაში ჰქონდათ, როდესაც თავისთვის არასასურველ პირებს იშორებდნენ თავიდან და მერე ამას ფუთავდნენ როგორც თვითმკვლელობას.

გაიხსენეთ ლევან სამხარაულის ფაქტი. ზუსტად ვერ გეტყვით ეს თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა, მაგრამ სულ არ გამიკვირდება, რომ ეს იყოს მკვლელობა, იმიტომ, რომ ასეთი რამ მომხდარა ამ ქვეყანაში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე.

გარდაცვლილის ძმა, გია დანელია კი საეჭვო გარემოზე საუბრობს. For.ge-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ პოლიციის მაღლაჩინოსანი ერთი წლის წინ გატაცებული იყო. ორი კვირის შემდეგ კი ოჯახში დააბრუნეს. როგორც ის ამბობს, მომხდართან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ საუბრობს. პროკურატურა უკვე დაინტერესდა ალექსანდე დანელიას გატაცებით და ასევე, იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციით, რომელიც როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, მას გააჩნია.

For.ge-ს ინფრომაციით გია დანელიას დაკითხვა ამ დღეებში იგეგმება.

„ჩვენ ბევრი ვერსიები გვაქვს. ძალიან ბევრი რამ ვიცით. ჩემი ძმა ერთი წლის წინ გატაცებულიც იყო. მანამდე დაიკითხა კიდევაც. ჩემს ძმას სხეულზე ორი ჭრილობა აქვს და ასე, ნაადრევად, თვითმკვლელობის ვერსიის გაჟღერება და მითუმეტეს, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, შეურაცმხოფელია ყველასთვის. ვიცი, რომ ჩემს ძმაზე ხორციელდებოდა დიდი ზეწოლა“, - აცხადებს გია დანელია.

მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს შს მინისტრი. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, გამოძიების პირველადი ვარაუდით, ეს იყო თვითმკვლელობა.

„საქმე აღძრულია. გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე სახლში იქნა ნაპოვნი. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, რის გამოც მისი შემტვრევა ძალის გამოყენებით გახდა აუცილებელი. მკვლელობას გამოვრიცხავ. სავარაუდოდ, ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა ყველა შეკითხვას გამოძიება გასცემს პასუხს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჭიკაიძემ.

ალექსანდრე დანელია აფხაზეთიდან დევნილია, ის ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. ხურჩის ტერაქტში ბრალდებულ რომან შამათავას ადვოკატი, რომეო საჯაია ალექსანდრე დანელიას გარდაცვალების ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ მას თავი მოაკვლევინეს, მანამდე კი მასზე ზეწოლა პოლიციის მაღაჩინოსნებისგან ხდებოდა.

„დანელია ამბობდა, რომ მასზე ზეწოლები ხდებოდა და ხურჩის საქმეზე თავისი მეგობრის რომან შამათავას წინააღმდეგ მიაცემინეს ჩვენება და ამის გამო, ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. არ არის გამორიცხული, რომ ის ასევე მოკლეს, რადგან მისი თავიდან მოშორება აწყობდათ“, - აცხადებს რომეო საჯაია.

მისი თქმით, ხურჩის საქმეზე დანელია მოწმე იყო, რომელსაც ზეწოლის შედეგად აფხაზების სასარგებლო ჩვენება მიაცემინეს, რის შეცვლასაც აპირებდა.

„აღნიშნული ჩვენების შეცვლას დანელია აპირებდა. იგი თავის საახლობლოში ამბობდა, რომ ზეწოლის შედეგად ჰქონდა ჩვენება მიცემული. გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე დღის წინ, მას დასავლეთ საქართველოს პოლიციის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება ჰქონდა. ხურჩის საქმეზე კიდევ ერთ მოწმეზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამ მოწმის ვინაობას არ დავასახელებ, ჩვენ ვაგროვებთ მასალებს და ამ პირზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავავრცელებთ ინფორმაციას“, - განაცხადა რომეო საჯაიამ.

მისივე თქმით, ათი დღის მანძილზე დანელია გამოკეტილი ჰყავდათ მოდულის შენობაში და ამ ხნის მანძილზე მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა ხურჩჩის ტერაქტის საქმეზე. მას ძალით დააწერინეს აღიარებითი ჩვენება.

„20 ოქტომბრის დაკითხვის ოქმში ალექსანდრე დანელია აცხადებს, რომ თითქოს, ხურჩის ინციდენტი იყო დადგმული სპექტაკლი და თითქოს, ის იღებდა მონაწილეობს ამაში. ვისაც ალექსანდრე დანელია დაკითხვის ოქმში ახსენებს, გარდა შამათავასი, ყველა მუშოაბს თავის ადილზე და მათ გათავისუფლებას არც აპირებ შსს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებებში ისინიც ამბობენ, რომ ტერაქტში მონაწილეობა მიიღეს.

ესენი არიან, ვახო ჩიქობავა, კვაშილავა და შონია, ისინი მაღლი თანამდებობის პირები არიან დღესაც. მე მათი ჩვენებები მაქვს, სადაც აცხადებენ, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ სპექტაკლის დასადგმელად მიდიოდნენ“, - აცხადებს ადვოკატი.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანელიას წლების წინ დაპირისპირება ჰქონდა კუდ-ის ხელმძღვანელთან, დათა ახალაიასთან. დაპირისპირების მიზეზი კი გარდაცვლილი პოლიციელის ძმის, გია დანელიას დაკავება გახდა. ის ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა, კუდ-მა ის საკუთარ კაბინეტში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდებით დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.

„ახალაიასთან მათი დაპირისპირება ცნობილი ფაქტია. ვის ჰყავდა გატაცებული ეს მე არ ვიცი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება დანელიას და მის ძმას, ეს ყველაფრი გამოძიებული უნდა იყოს. ის ვერსიაც გავრცელდა, რომ ეს არაა თვითმკვლელობა. არაა გამორიცხული, რომ ხურჩის ეპიზოდთან იყოს დაკავშირებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია.