სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის

სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის

„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზე - რომ თავისი კანონმდებლობა მოარგონ იმ ტრენდს, რომლის დამკვიდრებასაც დღეს მსოფლიოში ცდილობენ“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ბათუმში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში არავინ არავის ცხოვრებაში ჩარევას არ აპირებს და ეს დაცული იქნება, მაგრამ თავს არ უნდა მოგვახვიონ ის, რაც უცხოა ჩვენი ტრადიციისთვის.

„საკონსტიტუციო ცვლილებები გამორჩეულია ორი რამით, პირველი - მომავალში მისი შეცვლა ძალიან ძნელია. ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ფუნდამენტში ძალიან მყარად ჩაიდება ის ღირებულებები, რომელთა დაცვისთვის არის ეს კანონი მიმართული. მეორე - ეს გულისხმობს საერთო-საყოველთაო ლეგიტიმაციის კიდევ ერთ დამატებით ფორმას- საყოველთაო განხილვას. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრა და აზრის მოსმენა. მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება და შესაბამისი საკონსტიტუციო კანონით იყოს ეს უფლებები განმტკიცებული, რათა ვერავინ იფიქროს, საკონსტიტუციო ან რომელიმე საერთაშორისო სასამართლოებში წასვლა, რადგან საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა ვერ დადგება ვერც ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, კონსტიტუციით განმტკიცდეს ის ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები, რომელიც მოდის ჩვენი ისტორიიდან, ტრადიციიდან და რომელიც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი რელიგიის ადამიანისთვის.