ივანიშვილი ქართველი „სოროსი“ კი არა, ახალი სარაჯიშვილი უნდა გახდეს

ივანიშვილი ქართველი „სოროსი“ კი არა, ახალი სარაჯიშვილი უნდა გახდეს

ამას წინათ, ერთ-ერთ ინტერვიუში სოციოლოგიის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ღიად განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველი „სოროსი“  გახდესო, ანუ ფაქტიურად მუქთად დააფინანსოს ისეთი ხალხი და ორგანიზაციები, რომლებიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ანტიქართულ პროექტებს და საქმეებს აკეთებენ (ბატონ იაგოს ასეთი გრანტები ასიათასობით აქვს აღებული, თუმცა მისი გაკეთებული დიდი ქართული საქმეები ჯერაც არავის უნახავს და არც ქართული სოციოლოგია განუვითარებია რაღაც დონეზე მაინც).


უბედურება ისაა, რომ დასავლური ორგანიზაციები ნამდვილი ეროვნული ინტერესების გამომხატველ ქართულ პროექტებს არ აფინანსებენ. ჩამოყალიბდა ისეთი სტერეოტიპი, რომ თუ ადამიანურად ცხოვრება გინდა, ეროვნული საქმე არ უნდა აკეთო - საკმარისია „დემოკრატიულად“ ლანძღო ეკლესია და პატრიარქი, დაიცვა ლგბტ საზოგადოების და, საერთოდ უმცირესობების უფლებები, რომ შენთვის გრანტებს არ დაიშურებენ უცხოელები. თუ ქართულ, ეროვნულ,  საქმეს აკეთებ, შიმშილისა და დამცირებისათვის ხარ განწირული, გვერდით არავინ ამოგიდგება და უიშვიათესი გამონაკლისის გარდა (მაგ. თუ პატრიარქი ან დიდი თანამდებობის პირი არ თხოვს) არავინ დაგაფინანსებს.


საქართველოში ქველმოქმედებასაც ხშირად პროტექცია სჭირდება.


ჩვენი აზრით ბიძნა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქართველ „სოროსად“ კი არა, ქართველ „სარაჯიშვილად“ უნდა იქცეს.


ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლამდეც აკეთებდა დიდ ქართულ საქმეს, ეწეოდა საოცარ ქველმოქმედებას და 3 მილიარდამდე თანხაც აქვს დახარჯული ამ კუთხით, მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა თვისებრივად სხვა იქნება - მან ღრმად ჩაიხედა ქართულ პრობლემატიკაში და კადრებში, ნახა ვინ რისი გამკეთებელია და უთუოდ შეამჩნევდა იმასაც, რომ ქართულ საქმეებს ცოტა გამკეთებელი და ნაღდი გულშემატკივარი ჰყავს. ის, რაც თავის დროზე დავით სარაჯიშვილმა იტვირთა და გააკეთა, ნამდვილად აღნიშვნის და ქების ღირსია - ის აფინანსებდა ყველა დიდ ქართულ პროექტს და ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას, რომლებიც მაშინ გამოჩნდნენ ასპარეზზე. ბიძინა ივანიშვილს მასთან  შედარებით  გაცილებით მეტი ფინანსური და სხვა ბერკეტები გააჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ იგი კვლავ გააგრძელებს იმ ეროვნული პროექტების დაფინანსებას, რომლებიც უცხოელებს საერთოდ არ ანაღვლებთ. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ეს უფრო ადვილი იქნება მისთვის. ამასთან ივანიშილმა არ უნდა დააფინანსოს დღევანდელი გრანტიჭამიები.


რადგან სიტყვა დაფინანსებაზე ჩამოვარდა,  აქვე მინდა შევეხო ერთ საკითხს: დღესდღეობით საქართველოში ფაქტიურად არაა ჭეშმარიტი ეროვნული სულისკვეთების და ინტერესების გამომხატველი, ფინანსურად დამოუკიდებელი ინტელექტუალთა პარტია თუ პოლიტიკური მოძრაობა.


არადა, თუ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ მისი შექმნილი კოალიცია მალე არ დაიშალოს, მას უნდა ჰყავდეს ჭეშმარიტი (და არა დანიშნული) ეროვნული ოპოზიცია. ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები, უკვე საკმაოდ გათქვეფილები და ანგაჟირებულები, ამ ფუნქციას ვერ შეასრულებენ, რაც გადაიზრდება ერთპარტიულობაში და კოალიცია სხვათა ბედს გაიზიარებს.


ამიტომ ივანიშვილმა, ჩემი აზრით, სასურველია, ხელი შეუწყოს ჭეშმარიტად ეროვნული ორიენტაციის პროქართული პარტიის შექმნა-დაფინანსებასაც (სარაჯიშვილიც ეხმარებოდა ქართულ პარტიებს), რითაც ისტორიულ როლს შეასრულებს ამ საქმეშიც. თუ პოლიტიკაში მოსვლის მომენტში ის არჩევანში და დროში შეზღუდული იყო, ახლა მას ხელ-ფეხი გახსნილი აქვს როგორც ქართული პროექტების, ისე ნაღდი, ქართული ოპოზიციის დაფინანსებაში. მას შეუძლია ეს პროექტები და მომავალი ოპოზიციონერები წყნარად, მშვიდად, თავად შეარჩიოს, რითაც დიდ დახმარებას გაუწევს როგორც სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას, ისე მმართველ კოალიციას და მთლიანობაში საქართველოს ხალხს.