პლანეტების ატმოსფეროებიდან ღია კოსმოსში აირები ხშირად გაედინება, რადგან მათ რაიმე მყარი შემაკავებელი ბარიერი არ გააჩნია. გამონაკლისი არც დედამიწაა, რომელიც ყოველდღიურად 90 ტონამდე მსგავს მატერიას კარგავს.
ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მისია BepiColombo-ს მონაცემებს ეფუძნება, იგივე ხდება ვენერას შემთხვევაშიც. კერძოდ, მისი ატმოსფეროდან ნახშირბადი და ჟანგბადი გაედინება. აქამდე მეცნიერებს იქიდან გაჟონილი წყალბადიც ჰქონდათ დაფიქსირებული. შესაძლოა, ამ პროცესის უკეთ შესწავლა აღნიშნული პლანეტის ევოლუციის შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმაროს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ძველად ის დედამიწის მსგავსი იყო.
ამჟამად ვენერას სქელ ატმოსფეროს მისია Akatsuki შეისწავლის, მაგრამ მას სხვა აპარატების მეშვეობითაც აკვირდებიან ხოლმე. სწორედ მათ შორისაა BepiColombo, რომელიც იაპონიისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების მიერ მერკურის გამოსაკვლევადაა გაშვებული.
მან ვენერას ორჯერ, 2020 და 2021 წლებში, ჩაუარა, ბოლო მიახლოებისას კი ზონდი მის მაგნიტურ გარემოში მოხვდა. ეს სუსტი მაგნეტიზმი არა პლანეტის შიგნით, არამედ გარეთ, მზის ქართან ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება და ციური სხეულის გარშემოა კონცენტრირებული, ხოლო ერთ მხარეს კუდის მსგავსი სტრუქტურა აქვს.
BepiColombo-მ იმ რეგიონში გაიარა, რომელიც ასეთი მაგნიტოსფეროს ირგვლივაა და მაგნიტოგარსი ეწოდება. სწორედ იქ შენიშნა მან ნახშირბადი და ჟანგბადი, რომელთა ატომებიც საკმარისად იყო აჩქარებული, რათა ვენერას გრავიტაციისთვის დაეღწია თავი.
"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვენერას ატმოსფეროდან ნახშირბადის დადებითად დამუხტული იონების გადინება დავაფიქსირეთ.
ისინი მძიმე იონებია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ნელა გადაადგილდება, ამიტომ ვცდილობთ გავიგოთ, რა მექანიზმთან გვაქვს საქმე. შესაძლოა, მათ მაღლა, პლანეტისგან შორს, ელექტროსტატიკური 'ქარი' უბიძგებდეს ან მოძრაობას ცენტრიდანული პროცესები აჩქარებდეს", — აცხადებენ მეცნიერები.
ამ ყველაფრის შესახებ მეტი ინფორმაცია შესაძლოა, სამომავლო მისიების მეშვეობით მოვიპოვოთ. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.