სიდნი სვინიმ ცნობილი პროდიუსერის კრიტიკას უპასუხა. ცოტა ხნის წინ პროდიუსერმა და ლექტორმა, ქეროლ ბაუმმა, სვინიზე თქვა, რომ მას "მსახიობობა არ გამოსდის" და "არც ლამაზია". სვინის წარმომადგენელი ბაუმს განცხადებით გამოეხმაურა.
"რა სამწუხაროა, რომ ქალს, რომელსაც სხვებისთვის თავისი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ევალება, ამის ნაცვლად, სხვა ქალზე თავდასხმას არჩევს. სირცხვილია, თუ ინდუსტრიაში ამდენწლიანმა მუშაობამ ეს ასწავლა და ფიქრობს, რომ თავის სტუდენტებს კარგ მაგალითს აძლევს. კოლეგა ქალი პროდიუსერის უსამართლო შეურაცხყოფა ბევრს ამბობს თავად ბაუმის პიროვნებაზე", — წერია განცხადებაში.
პროდიუსერმა ქეროლ ბაუმმა Anyone But You-ც გააკრიტიკა, სადაც სიდნი მთავარ როლს თამაშობს და თქვა, რომ ამ ფილმის ყურება "შეუძლებელია". ამასთან, მან მსახიობის მიმართ კრიტიკული განწყობა სტუდენტებთანაც გამოხატა.
"დღეს მსახიობი სიდნი სვინი ყველას უყვარს, რის მიზეზსაც ვერ ვიგებ. ცოტა ხნის წინ მის ფილმს ვუყურე, რათა გამეგო ვინ არის და რატომ ლაპარაკობს ყველა მასზე, ამის გამო ეს საშინელი ფილმი ვნახე. ჩემს ერთ-ერთ ლექციაზე სტუდენტებს ვკითხე, ეს გოგო არც ლამაზია და არც თამაში შეუძლია, ყველას რატომ მოსწონს-მეთქი. პასუხი არავის ჰქონდა", — თქვა ბაუმმა სვინიზე.
სიდნი კარიერის დასაწყისში ცნობილ სერიალ მხევლის წიგნში გამოჩნდა, თუმცა ფართო საზოგადოებამ ის ეიფორიით გაიცნო, შემდეგ კი მსახიობმა თეთრ ლოტუსში შესრულებული როლითაც დაგვამახსოვრა თავი. სვინი ცოტა ხნის წინ მარველის სამყაროს ნაწილი გახდა და Madam Web-ში სპაიდერვუმენი განასახიერა. რაც შეეხება Anyone but You-ს, რომანტიკული კომედია მსოფლიომ გამოსვლისთანავე შეიყვარა.